მიხეილ ჯავახიშვილი

    0
    1898
     

    მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (დ. 8 ნოემბერი/20 ნოემბერი, 1880, სოფ. წერაქვი, მარნეულის რაიონი – გ. 1937), XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

    მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

    1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა “ჩანჩურა” 1903 გაზეთ “ცნობის ფურცელში” გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ “ივერიას” (1904) და “გლეხს” (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი “გლეხის წერილები”). ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903-1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები (“ჩანჩურა”, “მეჩექმე გაბო”, “კურკას ქორწილი”) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.
    რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში “ჯილდო”. ქართული ლიტერატურული კრიტიკა (გ. რცხილაძე, კ. აბაშიძე და სხვა) დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთხრობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913-მდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

    თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა “ტყის კაცით” (1923) დაიწყო მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები “ლამბალო და ყაშა”, ყბაჩამ დაიგვიანა”, “მართალი აბდულაჰ”, “ორი განაჩენი”, “მიწის ყივილი”, “ხუთის ამბავი” და სხვა.). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული (“კვაჭი კვაჭანტირაძე”, 1924), სოციალური (“ჯაყოს ხიზნები”, 1925), სათავგადასავლო (“გივი შადური”, 1928), ისტორიული (“არსენა მარაბდელი”, 1933-1936), ფილოსოფიური (“თეთრი საყელო”, 1926) რომანები. “ქალის ტვირთში” წარმოსახულია XX საუკუნის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობა. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933-1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა     განუხორციელებელი.

    მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებათა მომდევნო კრებული გამოქვეყნდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ – 1958-1964 (“რჩეული თხზულებანი”, ტ.1-6). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.
    1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი “არსენა მარაბდელი” ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს “ქალის ტვირთის”, სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

    1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: “მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს”. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.

    მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს “აღიარებაზე”. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

    მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.

    გადმოწერა

    მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები:

    ,,დამპატიჟე”,,ფინჯანი”,,კურდღელი”,,ლამბალო და ყაშა”,,ცხრა ქალწული” ,,ორი შვილი”,,პატარა დედაკაცი”,,მიწის ყივილი”,,ჩანჩურა”,,პაპა დიმო” ,,ეშმაკის ქვა”

    რომანი :
    ჯაყოს ხიზნები
    თეთრი საყელო
    გივი შადური
    არსენა მარაბდელი

    წერილები

    მოგონებები


    ჟანრი: რომანი