ღამის ფრენა((Night Flight ))

    0
    175

    “ჭკუა არ აწუხებს მაინცდამაინც, და ამითაც დიდ სამსახურს გვიწევსო. რივიერის მიერ შემოღებული წესები ადამიანთა შესწავლის შედეგი იყო. რობინოს კი მხოლოდ წესები ჰქონდა შესწავლილი”.

    “ადამიანი მის თვალში ხელუხლებელი ცვილი იყო, რომლისგანაც რაღაც უნდა გამოძერწილიყო. ამ მასალისათვის საჭირო იყო სულის ჩადგმა და ნებისყოფით აღჭურვა. რივიერს თავისი სიმკაცრით ადამიანთა დაბეჩავება როდი უნდოდა, იგი ფიქრობდა ადამიანები საკუთარ თავზე აემაღლებინა. როცა ყოველ დაგვიანებაზე მათ სჯიდა, უსამართლოდ იქცეოდა, მაგრამ ამით ადამიანთა ნებისყოფას იქით მიმართავდა, რომ ყველა აეროდრომიდან თვითმფრინავი თავის დროზე აფრენილიყო”.

    “რობინო იმ საღამოს სევდამ მოიცვა: ის იყო აღმოაჩინა, რაოდენ უფერული ჩანდა მისი პირადი ცხოვრება პელრენ-გამარჯვებულის ცხოვრებასთან შედარებით. აღმოაჩინა ისიც, რომ მას, რობინოს, მიუხედავად ინსპექტორის წოდებისა და უფლებებისა, ნაკლები ფასი ჰქონდა ამ ზეთით ხელებდასვრილ, ქანცგაწყვეტილ კაცთან შედარებით, მანქანის კუთხეში თვალდახუჭული რომ მიყუჟულიყო. პირველად განიცადა რობინომ აღტაცება და სურვილი დაებადა, გამოეთქვა ეს აღტაცება. განსაკუთრებით მეგობრობის წყურვილი აღეძრა. იგი მოქანცული იყო მგზავრობით, ყოველდღიური ხელმოცარული საქმეებით. ოდნავ სასაცილოდაც კი ეჩვენებოდა თავისი თავი”.

    “სიგიჟემდე სწადდა, კომპანია რაიმე დიდი განსაცდელისგან, ეხსნა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ…  კომპანიას არავითარი განსაცდელი არ ემუქრებოდა. დღემდე რობინომ მხოლოდ ერთი პატარა ხრახნის ჟანგმოკიდებული საცობი გადაარჩინა დაღუპვას. ჟანგს თითს ნელა უსვამდა და შუბლშეკრული უყურებდა აეროდრომის უფროსს, რომელმაც უპასუხა: `იმ დასაფრენ პუნქტს მიმართეთ, საიდანაც ეს თვითმფრინავი მოვიდა~… რობინოს ეჭვი შეეპარა თავისი როლის მნიშვნელობაში”.

    “იგი ღია ფანჯრის წინ შეჩერდა და ღამის იდუმალებაში ჩაიძირა. ღამისა, რომელიც თავის ვეებრთელა თაღში მთელ ბუენოს-აირესს, მთელ ამერიკას იტევდა. არ გაჰკვირვებია, ასეთი სიდიადე რომ შეიგრძნო: ეს ცა უცხო ქვეყნის ცაა, მაგრამ რაკი საფოსტო თვითმფრინავი ჩილედან სანტ-იაგოში დაფრინავს, მთელ ამ ხაზზე, კიდით-კიდემდე ადამიანები ერთი უძირო გუმბათის მცხოვრებნი ყოფილან”.

    “მაგრამ იგი გუმანით ხვდებოდა იმ უძრავ ლანდში დაგროვილ ძლიერებას. აღტაცებული იყო ამ სიძლიერით, რომელიც წერას ატანილივით ჭექა-ქუხილისაკენ მიაქროლებდა, მაგრამ ამავე დროს მისი დამცველიც იყო”.

    “ახლა ერთ ოთახში მორიგე მდივანს შეხვდება, ამ დროს ეს ერთადერთი ფხიზელი კაცია აქ, ეს ადამიანი იმისთვის მუშაობს, რომ სიცოცხლე გრძელდებოდეს, რომ გრძელდებოდეს ადამიანის ნებისყოფის დაძაბვა, რომ არსად, ერთი აეროდრომიდან მეორემდე, ტულუზიდან მოყოლებული ბუენოს-აირესამდე, არასოდეს გაწყდეს ჯაჭვი. და ამ კაცს ფიქრადაც არ მოსდის საკუთარი სიდიადე”.

    “იგი ცდილობდა, თავი დაერწმუნებინა: `ეს ადამიანები ყველა მიყვარს, მათ როდი ვებრძვი… მე იმ ბოროტებას ვებრძვი, რომელიც მათი შემწეობით მოქმედებს…
    მის გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და სტკიოდა.
    არ ვიცი, კარგია თუ არა, რასაც ვაკეთებ. არაფერი გამეგება, არც ადამიანის სიცოცხლის ნამდვილი ფასისა, არც სამართლიანობისა, არც მწუხარებისა. არც ის ვიცი კარგად, რაში მდგომარეობს ადამიანის სიხარული! არ  ვიცი ფასი მოცახცახე ხელისა… არ ვიცი ფასი არც შებრალებისა, არც ალერსისა”.

    “ქალი ტკბებოდა კაცის შიშველი მკერდის ცქერით, მკვიდრად შეკრულ ლამაზ ხომალდს აგონებდა იგი. კაცს მყუდრო ლოგინში ისე ეძინა, როგორც ხომალდს  ნავსადგურში, და რომ არაფერს გაეკრთო მისი ძილი, ქალი თითებით უსწორებდა თეთრეულის ნაოჭებს, თითქოს ლანდებს უფანტავსო, თითქოს წყლის მსუბუქ ლივლივს უნელებსო. იგი ეფერებოდა ლოგინს, ასე მხოლოდ ღვთაებრივი ხელის შეხება აშოშმინებს ხოლმე ზღვას”.

    “მილიონთა შორის ეს  ერთადერთი კაცი იყო მოწოდებული ამ უცნაური მსხვერპლის გასაღებად. ქალი დარდმა მოიცვა. ქმარი წავიდოდა, მისი ალერსიც ვერ დააკავებდა”.

    —”განა შენი სახლი არ გიყვარს?
    — მიყვარს ჩემი სახლი…
    მაგრამ ცოლი გრძნობდა, რომ ქმარი უკვე შორს იყო მისგან. მისი ფართო მხრები უკვე ცის თაღში იჭრებოდნენ. ქალმა ცას შეხედა”.

    “ეს ქვები რომ არ ყოფილიყო, რა დარჩებოდა იმ ყოვლისშემძლე ცივილიზაციისაგან, სინდისის ქენჯნასავით ამ ქვების სიმძიმით რომ აწვება თანამედროვე ადამიანს? `რა შეუბრალებელმა აუცილებლობამ თუ საოცარმა სიყვარულმა აიძულა უძველესი ხალხების ბელადი, რომ თავის ქვეშევრდომთა ბრბოს მთის მწვერვალზე ააგებინა ეს ტაძარი და ამით თავისთვის სამარადისო ძეგლი დაიმკვიდრა”.

    “თუ ძველი დროის ხალხთა ბელადი არავითარ სიბრალულს არ გრძნობდა ადამიანთა ტანჯვის  მიმართ, უსათუოდ უსაზღვრო სიბრალულით იქნებოდა გამსჭვალული ადამიანის სიკვდილის მიმართ… არა ცალკეული ადამიანების სიკვდილისა, არამედ იგი გულმოწყალე იქნებოდა მთელი ადამიანური მოდგმის მიმართ, რომლის ხვედრი ქვიშის ოკეანეში გაქრობაა. ამიტომ აიძულებდა თავის ხალხს თუნდაც ქვები აღემართათ, ოღონდ ისეთი, რომელთაც უდაბნო ვერ მოერეოდა”.

    “სწორედ ერთ-ერთ ასეთ მომენტში, ზემოთ, საავდრო ღრუბლების ნასვრეტში, პირდაპირ მის თავზე რამდენიმე ვარსკვლავმა გაიბრწყინა, ხაფანგში ჩადებული სასიკვდილო სატყუარასავით.
    მიხვდა მახე იყო: როცა ღრუბლებში სამ ვარსკვლავს ხედავ, მათკენ მიისწრაფვი, უკან ვეღარ ჩამოდიხარ და ისღა დაგრჩენია, ის ვარსკვლავები გამოღრღნა სათითაოდ…
    მაგრამ ისე იყო მონატრებული სინათლეს, რომ მაღლა, ვარსკვლავებისაკენ გაექანა”.

    “ყველა ზღაპრის ავაზაკებივით ისინი ჩამწყვდეულნი იყვნენ ამ საგანძურში და ვერასოდეს გამოაღწევდნენ თავს. უზომოდ მდიდარნი, მაგრამ განწირულნი, რადგან ყინულოვან საბადოებში დაეხეტებოდნენ”.

    “იცით, რობინო, ცხოვრებაში მზა გადაწყვეტილებები არ არსებობენ, — ცხოვრებაში არსებობენ მოძრავი ძალები. და ეს ძალები უნდა შექმნა, მაშინ გადაწყვეტილებებიც მოვა”.

    “როდესაც ქალმა იგრძნო, ყველა მიყურებსო, თვალები დახუჭა. ამით ადამიანებს შეახსენა, რაოდენ დიდი სიმშვიდის დარღვევა შეუძლიათ მათ უნებურად”.

    “ხვალიდან ამ ქალისთვისაც დაიწყება ფაბიენის სიკვდილთან შერიგების გრძელი გზა. ამას ის ამიერიდან ყოველ ამაო მოქმედებაში, ყოველ საგანში დაინახავს. ფაბიენი ნელ-ნელა განშორდება თავის სახლს”.

    “ჩვენ არ მოვითხოვთ უკვდავებას, მაგრამ არც ის გვინდა, ვხედავდეთ, უეცრად როგორ კარგავენ თავიანთ აზრს მოქმედებები და საგნები. მაშინ აშკარად ჩანს სიცარიელე, გარს რომ გვარტყია”…

    “და მით უფრო ეჩვენებოდა რივიერს, რომ რობინო თავისი ამაღელვებლად კეთილი, მაგრამ სამწუხაროდ დაუფიქრებელი განზრახვით, აქ ადამიანური სისულელის დასამოწმებლად იყო მოსული”.

    — “ფრხილად… ღამეა… ჰეი!
    მფრინავს ამხანაგების რჩევა არ ესმოდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილს თავი უკან გადაეგდო, სახე ღრუბლების, მთების, მდინარეებისა და ზღვებისკენ მიემართა და უხმოდ იცინოდა. სიცილი არ ისმოდა, მაგრამ მთელ ტანში უვლიდა, როგორც ნიავი უვლის ხეს და არხევს. სიცილი სულ არ ისმოდა, მაგრამ ის ბევრად ძლიერი იყო ამ ღრუბლებზე, ამ მთებზე, ამ მდინარეებსა და ზღვებზე.
    — რა მოგდის?
    — იმ ჩერჩეტმა რივიერმა იფიქრა, რომ… რომ მეშინია”!

    “გამარჯვება… მარცხი… ამ სიტყვებს არა აქვთ”…

    “რივიერმა წყნარი ნაბიჯით ჩაუარა ხელქვეითებს, რომლებიც წელში მოიღუნენ მისი მკაცრი მზერისგან, და თავის სამუშაოს დაუბრუნდა. რივიერი უდიდესია, ძლევამოსილია, იგი მხრებით ეზიდება თავისი გამარჯვების მძიმე ტვირთს”.

    “აი, ის უბრალო ვარსკვლავი აი, ის უბრალო ვარსკვლავი სიბნელეში — სახლია, და შიგ მარტოობას დაუსადგურებია. მეორეში კი სინათლე ჩაქრა: აქ მისი სიყვარული შეიკედლეს… ან იქნებ სევდა”…

    “დიახ, შეუმჩნევლად და ნება-ნება შეეპარა სიბერე, იმაზე ფიქრი, `დადგება დრო და…~ ფიქრი, ადამიანთა არსებობას რომ სიტკბოებას მატებს. თითქოსდა მართლაც, შეიძლება `დადგეს დრო~ და სადღაც, ცხოვრების დასასრულს იმ ნეტარ სიმშვიდეს მიაღწიო, რომელიც ასე ხშირად გესახება ოცნებაში! მაგრამ არ არსებობს სიმშვიდე. შესაძლებელია, არც გამარჯვება არსებობდეს. არ შეიძლება ყველა საფოსტო თვითმფრინავი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოფრინდეს”…

    — “ლერუ, მითხარით, ბევრი დრო გაქვთ დახარჯული სიყვარულზე თქვენს ცხოვრებაში?— ო, სიყვარული?.. ბატონო დირექტორო, იცით…
    — თქვენც, ჩემსავით, ალბათ, საამისოდ არასოდეს გეცალათ…
    — დიახ, მართლაც, მგონი არ მეცალა”…

    “ეს ხალხი ახლა თავისი ვეებერთელა ხელებით ქვეშევრდომებივით ეჭირა. თუ უნდოდა, შეეხებოდა, თუ მოინდომებდა, მათ ხმასაც გაიგონებდა, ანდა სულაც გალანძღავდა. იფიქრა კიდეც, გამოვლანძღავო, ასე რომ იყვნენ თავიანთ უსაფრთხოებაში დარწმუნებულნი, არხეინად იდგნენ და ტკბებოდნენ მთვარის ცქერით, მაგრამ ბოლოს გულმოწყალედ თქვა:
    — სასმელი თქვენს ხარჯზე იყოს…
    და თვითმფრინავიდან გამოვიდა.
    იმ ხასიათზე იყო, რომ უნდოდა ეამბა, რა განიცადა ფრენის დროს.
    — რომ იცოდეთ!..
    მერე კი გაიფიქრა, ამით ყველაფერი ვთქვიო, და ტყავის კურტაკის გახდას შეუდგა”.

    “ყოველ ბრბოში, — ფიქრობდა რივიერი, — არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით გამოირჩევიან, მაგრამ ისინი მშვენიერების მოციქულნი არიან და თვითონაც არ ესმით ეს. ოღონდ…
    რივიერს ეშინოდა ავიაციის ზოგიერთი თაყვანისმცემლისა. მათ არ ესმოდათ მფრინავის მძიმე ცხოვრების წმიდათაწმიდა აზრი. იმათი აღტაცებული შეძახილები ამახინჯებდნენ თავგადასავლის თვით არსს და აკნინებდნენ ადამიანს.  პელრენი კი უთუოდ სიდიადეს აღწევდა, რადგანაც ყველაზე უკეთ და სავსებით უბრალოდ შეეცნო, რა ფასი აქვს სამყაროს, თუ მას განსაზღვრული თვალსაზრისით შეხედავ, — იგი უხეშად და ზიზღით უკუაგდებდა მის მიმართ გამოხატულ უგვანო ქებას”.

    — “ეს ციკლონია, წყნარი ოკეანიდან მოდის. ძალიან გვიან გაგვაფრთხილეს. თუმცა ციკლონები ანდებზე ვერასოდეს გადმოდიოდნენ. აბა, ვინ იფიქრებდა, თუ დღევანდელი ციკლონი გზას აღმოსავლეთისაკენ განაგრძობდა…
    ინსპექტორი, რომელიც ამგვარ საკითხებში ვერ ერკვეოდა, რივიერს დაეთანხმა”.

    წიგნის გადმოწერა 


    ჟანრი: მოთხრობა, ნოველა, საბავშვო