ბანა  იმიერ ტაოში, ოლთისის ვილაიეთში, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანას (თურქულად ფანაკი) მარჯვენა ნაპირას, ოლთისიდან 55,11 კმ-ზე და არტაანიდან 131,93 კმ-ზე, სოფელ ფენეკის დასავლეთით 2 კმ-ზე მდებარეობს.
bana_ruka
    VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. „ქართველთა სამეფოს” დამაარსებლის ადარნასე II-ის დროს (881-888-923) დაარსდა ბანას საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. XI საუკუნის ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის (ტაო-ჯლარჯეთის მთავარი 876-881 წლ) ვაჟს – ადარნესე II-ს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა და გარდაცვალების შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. მაგრამ ტაძრის სტილისტიკური ანალიზით ირკვევა, რომ ტაძარი არაუგვიანეს VII საუკუნეში უნდა აშენებულიყო, რადგან მას ტეტრაკონქის ფორმა აქვს, რომელიც VII საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება. ამდენად ადარნასე ტაძრის  ხელახლა აღმშენებელი უნდა იყოს. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და აგრეთვე მეფეთა განსასვენებელიც იყო.
bana_fasadi
       X-XI საუკუნეებში ბანაში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა. ბანის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. დიდი ზომის მაღალ ტეტრაკონქს გარს ეკვრის თითქმის 40 მ დიამეტრის მრავალწახნაგა გარსშემოსავლელი. შუაში აღმართულია ცილინდრული  გუმბათის ყელი. ტეტრაკონქის მკლავებს შორის განლაგებულია გუმბათქვეშა ბურჯები – პილონები, სადაც სამ იარუსად მოწყობილი სადგომებია (პატრონიკენი), ხოლო ოთხივე აფსიდის ქვემოთა ნაწილი, ჩვეულებრივი მთლიანი კედლის ნაცვლად, გამჭოლი თაღებით გარსშემოსავლელისაკენ იხსნება. შენობის მთელი სიმაღლე 30 მ აღემატება. ტაძრის ხუროთმოძღვრული დეტალები და მორ-თულობა ტექნიკური ოსტატობითა და მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. აფსიდებისა და პატრონიკეთა მალებში მოთავსებული მრგვალი სვეტები შემკულია ვოლუტებიანი სვეტისთავებით, ფასადის მთელ პერიმეტს მისდევს დეკორატიული თაღები, თაღებს ზემოთ კი მცენარეული ჩუქურთმებია. ბანელი ეპისკოპოსის ძალაუფლება ვრცელდებოდა ფანასკერტზე, ტაოზე, ოლთისზე და მათ მომიჯნავე ტერიტორიებზე.
        ბანა ტაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ბანაში დამზადებული წიგნებიდან ჩვენამდე მოაღწია საბაწმინდის ტიპიკონმა, გადაწერილმა მეფის ასულ ქეთევანისათვის 1511 წელს.
       ბანას დიდ ისტორიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქ დაიწერა ჯვარი საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ.) ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ არგირის დისწულ – ელენეზე. ეს ჯვრისწერა ასახულია ოშკის სამხრეთ მკლავის ფრესკაზე, სადაც ბანას გამოსახულება დღემდე შემორჩენილია. აქვე, XV საუკუნეში დაკრძალეს საქართველოს მეფე ვახტანგი (1442-1446) და მისი მეუღლე სითი-ხათუნი.
476346_403520742999836_678941425_o
          ბანა ტაოს დედაქალაქი იყო და მას, როგორც უდიდეს პოლიტიკურ ცენტრს, მტერი არასოდეს მოკლებია. „დიდი თურქობის” დროიდან მოყოლებული ბანას ტაძარი მტრის ხელში აღმოჩნდა. გიორგი III (1156-1184) ცდილობდა მის განთავისუფლებას. მემატიანეს ცნობით, გიორგიმ „უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა მორბევაი ოლთისისა და ბანისა.” ბანაში ქართველთა ლაშქრის მოსვლას XII საუკუნის სამოციან წლენბში ქონდა ადგილი, მაგრამ ამით ბანას განთავისუფლება ვერ მოხერხდა. ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეს ცნობით ბანას განთავისუფლება მხოლოდ თამარის დროს მომხდარა.
      XVI საუკუნიდან ტაოში თურქ-ოსმალნი დამკვიდრდნენ, ჭოროხის ხეობასა და მეზობელ ტერიტორიაზე ქრისტიანობის შენარჩუნება საკმაოდ გაძნელდა. ბანამ როგორც კულტურულ-პოლიტიკურმა ცენტრმა დაკარგა თავისი ძველი მნიშვნელობა. მის მიდამოებში ქრისტიანობის მდგომარეობას XVI-XVII საუკუნეებში ერთი ოთხთავის ხელნაწერებიდან შემონახული ცნობა ასახავს, საიდანაც ირკვევა რომ ტაოში ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა სასტიკად იყო აკრძალული და ამ საქმის ინიციატორები მკაცრად ისჯებოდნენ.
        ოსმალეთის იმპერიამ ყირიმის ომის (1853-1856 წლ) ბანას ტაძარი ციხე-სიმაგრედ გადააკეთა. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში ტაძარი ძლიერ დაზიანდა (გუმბათი ჩამოიქცა), რასაც ნელ-ნელა მისი კედლების ნგრევა მოჰყვა. 1902 წლისთვის ტაძარი საბოლოოდ დაინგრა.
bana4goga
წყარო: http://gardaqmna.ucoz.com/news/kartuli_ek_39_lesia_monast_39_rebi_turketshi_i_bana_khandzta_ishkhani_oshk_39_k_39_i/2013-04-14-43
 https://gelino.wordpress.com/
http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/b/bana.html

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი