ოთხთას მონასტერი

ოთხთას მონასტერი

0
2085

ტაძრის ისტორია

ოთხთა ეკლესია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში,  ართვინის   რაიონში,ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფულის(Yusufeli) დასავლეთით მდებარე, ისტორიულ სოფელ ოთხთადან (Dortklise) (დორთქილისე) 5 კმ-ში ეკლესია ოთხი მახარებლის სახელზეა აგებული, საიდანაც გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

otxta_ruka

გავრცელებულია შემდეგი მოსაზრებაც – ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთი სახელი იმიტომაც დაურქმევიათ.

otxvv

წერილობითი წყაროების მიხედვით, ძველთაგანვე ცნობილი მონასტრის მთავარ ტაძარს წარმოადგენდა. ოთხთა ეკლესია პროპორციებით განსხვავდება ძველი ბაზილიკებისაგან (როგორებიცაა ბოლნისი და ურბნისი).
აფსიდით დასრულებული შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდის ნავებისაგან, სახურავის კალთები ციცაბო, ხოლო ფასადები დამუშავებულია ვიწრო და მაღალი დეკორატიული თაღებით. ნაგებია აგურითა და ქვით დუღაბზე, შემოსილია მორუხო-მოყავისფრო თლილი ქვით. ინტერიერი მოხატული იყო. ბაზილიკის გვერდით მონასტრის სატრაპეზო და დიდი სამნავიანი შენობაა (როგორც ფიქრობენ, სემინარია). აქვეა მცირე ზომის სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხია მოთავსებული.

5
ოთხთა მთის ძირას, კაკლისა და კომშის ხეებით გარშემორტყმულ სპეციალურად შექმნილ ბაქანზე დგას.

ტაო-კლარჯეთის ძეგლებს შორის ოთხთას ეკლესია გამოიყოფა სამონასტრო ნაგებობების დიდი რაოდენობით. კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა: მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, სემინარია და მცირე ეკლესიები. მათგან მთავარია ოთხთას ბაზილიკა, რომელსაც აქვს სამი შესასვლელი, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით.

თავდაპირველად ტაძარი დიდრონი, კვადრატული აგურითა და ნაგლეჯი ქვით ყოფილა აგებული ბერძნულ-ბიზანტიურ წესზე. შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდითი ნავებისაგან. ფასადები დეკორატიული თაღებითაა დამშვენებული.

ტაძარი მეათე საუკუნის მეორე ნახევარში, დავით კურაპალატის დროს მოუპირკეთებიათ.

ტაძრის მშენებლობის თარიღთან დაკავშირებით არსებოდა სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა, საბოლოოდ, ოთხთას მშენებლობის ისტორიას ნათელი მოჰფინა არქეოლოგმა და ისტორიკოსმა ვახტანგ ჯობაძემ. მისი დაკვირვებები ცხადჰყოფს, რომ  ბაზილიკა  აშენდა  961-965  წწ. შორის.

ოთხთა ეკლესია გიორგი მთაწმინდელს მოხსენებული აქვს გამოჩენილ სასულიერო მოღვაწეთა, ათონის ქართული მონასტრის დამაარსებელთა, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების ცხოვრებაში.

ოთხთაზე ასეთი ლეგენდა არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა. ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა. თამარს ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო. გადმოცემის თანახმად, ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდიცაა შემორჩენილი.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაამბობით, იშხნის, ოშკისა და ხახულის შემდეგ ეს მეოთხე შესანიშნავი ეკლესიაა და სახელიც ამიტომ ეწოდა. ამავე დროს, ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს: ”მცხოვრებნი გამაჰმადიანებული ქართველები არიან. ქართული ყველამ იცის. ადგილობრივ მუსულმანებს ტაძრისდიდი რიდი აქვთ, რატომღაც მისი ეშინიათ. ამბობენ, ვინც კი აქ დასახლდა, ყველა გადაშენდაო. ამიტომ ლავრის მახლობლად სახლებს ვერ ნახავთ. დღემდე შემორჩა ლეგენდა: ,,ერთხელ, ერთმა მწყემსმა ეკლესიაში ფარა შერეკა, მაგრამ ეს ფარა შემდეგ მოვარდნილმა წყალმა იმსხვერპლაო.”
სამაგიეროდ ეკლესიას არ უფრთხიან ოქროს მაძიებელნი, რომელთაც საძირკველი მთლიანად გამოუთხრიათ, კედლები და ბოძები დაუნგრევიათ.

xxxx

მწყემსები თივას ლავრაში ინახავენ.შუა შენობებს შუა სარწყავი არხები გადის, სახურავიდანაც წყალი ჩამოდის,  რომელიც საბოლოოდ ანადგურებს ისედაც დაზიანებულ ფრესკებს.

Picture4

otxta_07 Picture3

არადა, შეიძლება ოთხთა ეკლესიის მოხატულობა ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშად ჩაითვალოს. ასეთ სახებას სხვაგან ვერსად ნახავთ.
„ოთხთა, ისევე როგორც ოშკი, იშხანი, ხახული, ტბეთი ქართული მონუმენტური მხატვრული ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მხატვრობა გამოირჩევა საზეიმო ხასიათით, გამოკვეთილი ოსტატობით, ხაზისა და ფერის მეტყველებით“, – ამბობდნენ ხელოვნებათმცოდნეები, თუმცა დღეს ოთხთას ფრესკები ძალიან დაზიანებულია და ბევრი რამ აღარც ჩანს. წლების განმავლობაში წყალს დიდი რაოდენობით მიწა შეუტანია ბაზილიკაში და დაუხრია..

მწვანეში ჩაფლულ, თავადაც მწვანით დაფარული მონასტრის ნახვის დროს აუცილებლად დაგეუფლება სევდანარევი სიამაყის გრძნობა. გეამაყება, რომ ოდესღაც შენს წინაპრებს ასეთი მონასტრების აგება შეეძლოთ. სევდას იწვევს მისი დღევანდელი მდგომარეობა. პირველი, რაც თვალში მოხვდება მნახველს, ოთხთას ტაძრის სახურავსა და კედლებზე ამოსული ბალახია, რომელიც განსაკუთრებულ იდუმალებას სძენს აქაურობას.

otx

ოთხთას მონასტერი  არა მარტო საკულტო-სამონასტრო, არამედ სასწავლო-სასკოლო ცენტრსაც წარმოადგენდა, სადაც საკმაოდ კარგად მომზადებული “მოძღუარნი” (მასწავლებლები) ეწეოდნენ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

მონასტერთან გვხვდება ფართო მოცულობის მქონე შენობა აკად. ექვთიმე თაყაიშვილის დაკვირვებით, ეს შენობა მონასტრებთან არსებული სემინარიებისათვის იყო განკუთვნილი, სადაც მომავალ ეკლესიის მსახურთ ამზადებდნენ.

e1839de18397e183aee18397e18390-e18394e18399e1839ae18394e183a1e18398e18398e183a1-e183a8e18398e18393e18390-e18393e18390e183a0e18391

მონასტერში მოღვაწე მამები

ქართული სულიერი კულტურის მძლავრი კერაში, თავი მოიყარეს ქართველმა მამებმა. სწორედ აქ დაიწყო მოღვაწეობა გიორგი მთაწმინდელმა. მან ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი და ნათესავები დატოვა და ოთხთა ეკლესიათა  ლავრას  მიაშურა

ოთხთას მონასტერში მოღვაწეობდა XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფი არსენ ნინოწმინდელი. არსენ  ნინოწმინდელის ოთხთაში მოღვაწეობის დროს, მონასტერში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე.მამები ამქვეყნიური ცხოვრებისაგან საკმაოდ განრიდებულად ვერ გრძნობდნენ თავს, „მყუდროებით ცხოვრებაჲ ვერ იყოფებოდეს“,ამიტომ  ათონის ივერთა მონასტერში გადავიდნენდა იქ გააგრძელეს სულიერი მოღვაწეობა.

IX-X საუკუნეებში ტაო-კლარჯეთის მონასტრები, მათ შორის ოთხთა, გადაიქცა ქართული მწერლობის აკვნად. მონასტერებმა დიდი როლი შეასრულეს ჩვენი მწიგნობრობის ისტორიაში. აქაა შექმნილი უდიდესი ნაწილი იმ საგანძურისა, რაც ამ პერიოდიდან მოგვეპოვება.

აქვე ჩამოყალიბდა ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლა, სადაც ქართველთა შემოქმედებითი ენერგია ისე გაიზარდა, რომ იგი გასცდა საქართველოს ფარგლებს და გაგრძელდა საზღვარგარეთის ქართულ სამონასტრო და სალიტერატურო წრეებში.

ექსპედიციები ოთხთაში

ტაო-კლარჯეთისადმი, როგორც საქართველოს ისტორიული რეგიონისადმი, ინტერესი მეცხრამეტე საუკუნეში იწყება და პირველად იკვლევენ უცხოელი მკვლევარები: კოხი, სპენსერი და სხვ. უფრო _ გერმანელი მოგზაურები.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქართველი მკვლევარებიც იწყებენ მოგზაურობას. ექვთიმე თაყაიშვილმა სამი ექსპედიცია მოაწყო ტაო-კლარჯეთში, პრაქტიკულად მთელი ეს ტერიტორია მოიარა და აღწერა ძირითადი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები, მათი ფოტოგრაფირებაც მოახდინა. ექვთიმე თაყაიშვილი იყო ქართველთაგან პირველი, ვინც ამ რეგიონის შესახებ ინფორმაცია დანარჩენ საქართველოს მიაწოდა.

შემდგომში, უკვე საბჭოთა პერიოდში, რუსეთ-თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობის გამო, ქართველ მკვლევარებს არ ჰქონდათ საშუალება, გადასულიყვნენ და ადგილზე ეკვლიათ ტაო-კლარჯეთი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის უცხოელი მკვლევარების ნამუშევრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტის, ვახტანგ ჯობაძის კვლევები.

90-იანი წლებიდან, როცა საზღვრები გაიხსნა, ქართველ მეცნიერებს თურქეთში გადასვლის და ადგილზე კვლევის საშუალება მიეცათ. მოეწყო რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია.

დღეს ეს ტერიტორია ქართველი და უცხოელი ტურისტების, ისტორიკოსების, სიძველეთმცოდნეების დიდ ინტერესს იწვევს.

3D ტური ოთხთაში:

https://www.google.ge/maps/place/40%C2%B048’50.0%22N+41%C2%B028’17.0%22E/@40.8139648,41.4716682,3a,75y,46h,88t/data=!3m8!1e1!3m6!1s-NZM-Et2ZOSY%2FVxVr9nxFbfI%2FAAAAAAAAeDI%2Fy2BF9Q–sykyo9z7vnbhgprk-FBsJkxlQ!2e4!3e11!6s%2F%2Flh5.googleusercontent.com%2F-NZM-Et2ZOSY%2FVxVr9nxFbfI%2FAAAAAAAAeDI%2Fy2BF9Q–sykyo9z7vnbhgprk-FBsJkxlQ%2Fw203-h101-n-k-no%2F!7i7168!8i3584!4m5!3m4!1s0x0:0x0!8m2!3d40.8138889!4d41.4713889