ოშკის ტაძარი – „ქართული არქიტექტურის ვეფხისტყაოსანი“ და საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტია. იგი ძველი საქართველოს ის უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრია, მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, უზუნდერეს (Uzundere) რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, მდინარე თორთომის (თორთუმისწყალი) ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოშკში (ჩამლიიამაჯ) (Çamlıyamac).

oshki_ruka

ოშკი (öşvank)  ოთხ დიდ ქართულ კათედრალთაგან (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი)  პირველია.  ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, დღეს შემორჩენილია სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიები. ოშკი არა მხოლოდ მოზრდილი მონასტერი იყო, არამედ, ბანასთან ერთად, ტაო-კლარჯეთის ხელისუფალთა ადმინისტრაციული ცენტრიც. თუმცა საერო ნაგებობათაგან დღეს არაფერი შემოგვრჩა.

14428983
კომპლექსის  მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები — ბაგრატ ერისთავთერისთავი (გ. 966)  და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს ტეტრაკონქს, თავისუფალი გუმბათით. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა აფსიდების სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული რელიეფებითა და ჩუქურთმებით. მოხატულობიდან მცირედია შემონახული.
მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა, მთელი გვიანი შუა საუკუნეები ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წლებს შუა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის ეკლესია.

oshki_08 oshki_09_satrapezo
სიტყვა ოშკი არის უძველესი ზანურ-ჭანური ტოპონიმი, რომელიც მეგრულ შქას, შუას, შუა ადგილს უკავშირდება. ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ამშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები – ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). წარწერის ნაწილი, სადაც თარიღია სავარაუდებელი, განადგურებულია. წარწერის თანახმად ტაძარი ადარნასეს სიცოცხლეშივე დამთავრებულა, ხოლო მან კურაპალატობა 978 წელს მიიღო და იგი 1001 წელს გარდაიცვალა, მშენებლობის დასასრული სწორედ 978-1001 წწ. სავარაუდებელი. ტაძრის მშენებლობა კი 963 წლის 25 მარტს ხარება დღეს დაწყებულა. სამუშაოების ზედამხედველობა გრიგოლისთვის მიუნდვიათ, ყოველწლიურად 5.000 ფისოსი ღვინო გაუციათ და 250 გრივი ხორბალი გაუხარჯავთ, 50 ლიტრი რკინდა დასჭირვებიათ და ყოველწლიური ხარჯი 20.000 დრამა ყოფილა. მუდმივად 50 გალატოზს, მშენებელსა და მჭედელს უმუშავია, სულ კი 80 კაცი მუშაობდა, ქვას 30 ხარი ეზიდებოდა, 30 იყო გრიგოლწმინდიდან სპონდაკის ქვის მომტანიო… მშენებლობა 10 წელს გრძელდებოდა. ტაძარი 1036 წელს მოხატულა ჯოჯიკ პატრიკიოზის ხარჯით.
ოშკის ტაძრის სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 38,5 მეტრია (დასავლეთ ეკვდერის გამოკვლებით); სიგანე შუა ნაწილში 36 მ, ხოლო სიმაღლე 40 მ. ტაძრის გეგმა,  ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე. ი. ჯვრის 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე მკლავი(დასავლეთისა) კი – წაგრძელებული და უაფსიდოა.  სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. არსებითად ეს არის ცენტრულ-გუმბათიანი ტაძრის შერწყმა ერთნავიან ბაზილიკასთან.

oshk_03
გუმბათი  მრგვალ კვარცხლბეკზე ამოყვანილ ოთხ მასიურ თავისუფლად მდგომ ბურჯებს ეყრდნობა, ბურჯების გრანდიოზულობა დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათი გარშემოწირილობა 8 მეტრამდეა. ათამდე მკლავებგაშლილი ადამიანი ოშკის თითო ბურჯის გარშემო წრეს შექმნის.
დასავლეთ მარცხენა სვეტში არის ღრმა, შეისრული, სვეტებიანი, მოჩუქურთმებული ნიში. ასეთი ნიში განკუთვნილი იყო უმაღლესი  პირების დასაბრძანებლად (ეპისკოპოსისა – ჩრდილოეთით, მეფისა – სამხრეთით). სამხრეთ–დასავლეთი ბურჯის ნიშაში გამოკვეთილია ადგილობრივ მმართველთა და ეკლესიის მაშენებელთა დავით კურაპალატისა და ბაგრატ ერისთავთ-ერისთავის რელიეფური ნახევარფიგურები. მათი სახეები ძლიერაა დაზიანებული, ვიღაცას ისინი განზრახ დაუმტვრევია.  ოშკი კარგად იყო გ220px-Oshki_1ანათებული მრავალრიცხოვანი სარკმლებით. გუმბათის ყელში 12 სარკმელია, საკურთხეველში 3, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო; ამდენივეა მათ ზედა სართულებში. ტაძარს ოთხი კარი ჰქონდა. ერთი დასავლეთით იყო, ერთი ჩრდილოეთით, დანარჩენი ორი კარი სამხრეთით იყო. მათ შორის უმთავრესი, საზეიმოდ მორთული, ტაძრის სამხრეთ მკლავშია. ოშკის საკურთხეველში დაცულია დიდი ოთხკუთხედი, მთელი ქვისგან გამოკვეთილი ტრაპეზი, რომელიც უძრადვად იყო მოთავსებული საკურთხევლის შუა ნაწილში,  აღმოსავლეთი კედლიდან 2 მეტრის მანძილზე. მისი სიგრძე უდრის 173 ამ, სიგანე — 86 სმ, სიმაღლე — 85 სმ. საკურთხევლის იატაკი 3/4 მეტრით არის ამაღლებული ტაძრის იატაკთან შედარებით. ამჟამად საკურთხეველი მიწითაა დაფარული.
ოშკის ტაძარი დამშვენებულია ისეთი მდიდრული ატრიბუტით, რომელიც ქართულ არქიტექტურაში ერთადერთია, ეს არის სვეტებიანი გალერეა   და მას დეკორატიულობის მხრივ ბადალი არ მოეპოვება.oshkis-tadzari1

გალერეის გამორჩეულობა გარედანვე შესამჩნევია, ის ზიგზაგისებრი სახურავითაა გადახურული. შიგნით გალერეაში აღტაცებაში მოგიყვანთ ჭერი, უფრო სწორად თაღნარი და კამარები სადაც სუფთად გათლილი ქვები ჯვრულად და ვარსკლავისებურადაა ჩალაგებული. აქვეა რვაწახნაგა სვეტი, რომელიც გამორჩეულია გაფორმების მაღალი დონით. აქ ნახავთ ანგელოზთა, მთავარანგელოზთა,  ქერუბიმთა, სერაფიმთა და ტეტრამორფთა (ოთხსახიანი ფრთოსანი არსება) გამოსახულებებს.  სვეტზე გამოქანდაკებულია – მაშენებელ გრიგოლის, სირიელი მკურნალების კოზმას და დამიანეს ფიგურები. რამდენიმე წლის წინ დაიკარგა წმინდა ნინოს ბარელიეფი და დაზიანდა გრიგოლის გამოსახულებაც.

oshki_06

ოშკში ყველაზე გამორჩეული გუმბათია. მისი ყელის სიმაღლე 6.4 მეტრს უდრის, ხოლო შიდა დიამეტრი 9 მეტრია. თავად გუმბათი ოდნავ გამობურცული, ჩაფხუტის ფორმის კონუსია, სიმაღლით 6.86 მ. ქუდი ამჟამად მოტეხილი აქვს, ზედა ნაწილი კი დაზიანებული. გუმბათი დახურულია წითლად და ყვითლად მოჭიქული კრამიტით. გუმბათის ყელი გარედან 24 წახნაგიანია, რომლებიც ზემოთ პატარა კამარებით ერთიანდება. 12 მათგანში თავმომრგვალებული სარკმლებია, რომელთა თავზე, კამარებს ქვეშ,  სინგურით დახატული ჯვრებია. კამარები ეყრდნობა წნულით შემკულ, ორმაგ პატარა სვეტებს, რომელთა თავები და კვარცხლბეკები ბარელიეფურია. ერთ მათგანზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოქანდაკებულია ქვის მზიდავი მუშის გამოსახულება.  სხვებზე – ჯვრები, პალმეტები, ორი შებმული ცხოველი და სხვა სამკაულებია.  ცხოველების ფიგურები დიდი ოსტატობითაა შესრულებული, მათ შორის აღსანიშნავია ერთმანეთთან მოთამაშე კურდღლების სიცოცხლით სავსე რელიეფები. ბარელიეფები თავის დროზე ძოწისფერით ყოფილა შემკული რაც მათ უფრო მეტ გამოსახველობით ეფექტს შესძენდა.

oshki gumbaTi oshki gumbaTi oshk
ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის.  აღმოსავლეთ ფასადზე ლომის ფიგურაა ოსტატურად გამოქანდაკებული, ყველაზე უხვად კი სამხრეთის ფასადია შემკული აქ სამხრეთ მკლავში, სარკმლის თავზე მოსჩანს არწივის დალეწილი ფიგურა და გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების დასახიჩრებული ბარელიეფები. მათ თავები ადგილობრივმა ახალგაზრდობამ მოამტვრია, როდესაც სროლაში ვარჯიშობდა.  სამხრეთის კედელზე მიწიდან დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე შემორჩენილია ხუთი ადამიანისხელა ფიგურისაგან შედგენილი ვედრების კომპოზიცია. ცენტრში გამოსახულია მაცხოვარი, მარჯვნივ ღვთისმშობელი (ამჟამად გადატანილია ერზერუმის მუზეუმში), მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი, კიდეებში მეფეთა ფიგურები დავით კურაპალატი და ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი. ეს ფიგურები მოხატული ყოფილა წითელი, ლურჯი, თეთრი და ოქროსფერი საღებავებით და ადვილად წარმოსადგენია როგორ ეფექტურად გამოიყურებოდა.
დასავლეთის ფასადზე სარკმლის თაღებზე იხილავთ კეთილ და ბოროტ ძალთა ჭიდილის სიმბოლოს ლომისა და ხარის შერკინების სცენას. აქვეა ხელაპყრობილი წმინდა სვიმეონ საკვირველმოქმედის ფიგურა.

oSki samxreT fasadi
ოშკის ტაძარი მოიხატა მხოლოდ აშენებიდან 75 წლის შემდეგ, 1036 წელს, ეს დასტურდება შესაბამისი თარიღიანი წარწერით. სამწუხაროდ ამ ფრესკებიდან მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. ფრესკათა ნაშთები უფრო მეტწილად საკურთხეველში მოჩანს. ფრესკები მონუმენტური ხასიათისაა.

banis kaTedralis gamosaxuleBiT
ფრესკა ბანას კათედრალის გამოსახულებით

fresk

ოშკი ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეულია ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია (978), რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ოშკის ბიბლიის გადამწერი — მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XI ს.) და სხვა.  ოშკის ტაძართან დაკავშირებულია თორნიკე ერისთავის (იოანე თორნიკყოფილი) სახელი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ მებრძოლი ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. ასევე ცნობილია, რომ თამარის მხედრობამ 1202 წელს, ბასიანის ომში, ოშკი მტრისაგან გამოიხსნა. მონასტერი მწიგნობრობის დიდი კერაც იყო. აქ გადაწერილი ხელნაწერები დღემდე ინახება ათონის მონასტერში და საქართველოს სიძველეთსაცავში.
ოშკის  დიდი, 12-პწკარიანი წარწერა მოთავსებულია სამხრეთ, კარის ტიმპაზე. წარწერის ბოლო, მე-12 პწკარი თითქმის მთლიანად დაზიანებულია. ტექსტი ნაწერია ქარაგმებით, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:“ ქ. მოწყალებითა ღმრთისაჲთა, რომელი სცავს ყოველთა მოშიშთა მისთა და წარუმართებს მოყუარეთა სახელისა მისისათა საქმეთა კეთილთა, ამის წმიდისა სამებისა სარწმუნოვებითა და მეოხებითა წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის მშობელისაჲთა, მადლითა წმიდჲსა ძელისა ცხორებისაჲ თა, შეწევნითა და მეოხებითა დიდებულისა ნათლისმცემლისაჲთა დაყოველთა წიდათაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა, ამათ ყოველთა წმიდათა სადიდებელად და საქებად იწყეს ღმთივ გუიგუინოსანთა მეფეთა ჩუენთა შენებად ამის წმიდისა საყდრისა, რაჲთა ამას შინა აღესრულებოდიან დღესა სწაულნი და შეიმკვებოდიან ჴსენებანი წმინდათანი, ვითარცა წერილ არს: „ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდით“. ამათ ყოველთა სურვილითა, ამათ დიდებულთა მეფეთა ჩუენთა უშურველ იყვნენ საფასენი წარმავალნი წარუვალისა მისთუის, რაჲთა იგი ყოველნი წმინდანი შემწედ მოიგნენ, და ღმერთმან შეეწიენ ორივე ცხოვრებათა ძეთა ღმრთივ კურთხეულისა ადარნასე კუროპალატისათა, ბაგრატ ერისთავთა ერისთავსა, დავით მაგისტროსსა, სამებამან წმიდამან სამნივე დაიფარენ მარჯუენითა თჳისითა და ადიდენ ორივე ცხოვრებათა და მე, გრიგოლ, ღირს მყო ღმერთმან მსახურებასა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი, და არწმუნა ღმერთმან გონებასა მათსა ერთგულებაჲ ჩემი, მონისა მათისაჲ. ესე იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექუიშე თაჲ, რომელ წელიწადსა წაეგების, დრამაჲ: კ (ქართულ სათვალავში 20): ათასი; ღუინოჲ ფისოსი ჭ (ანუ 5000); რკინაჲ ლიტრაჲ ნ (ანუ 50); ხუარბალი გრივი ს მ ი (ანუ 250); გალატოზი და ხუროჲ და მჭედელი, რომელ მარადის შურებო და ჲ ი (ანუ 70); ჴარი, რომელ ქვასა კრებდა ლ (ანუ 30), ჯორი და სხუაჲ აზავერი, რომელ გრიგოლ-წმიდით სპონდიკსა კრებდა: ლ; სხუაჲ აზავერი, რომელ … კრებდა ჲ (ანუ 60): ………… ჲ (ანუ 60) და ……. (ყოველი) ერი და მოქმედი პ (ანუ 80): ……“

 მთავარი ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს ძლიერ დაზიანებული სამნავიანი ბაზილიკა, რომელსაც მიშენებული აქვს კვადრატული დარბაზი სფერული გუმბათით.

XVI საუკუნიდან, მას შემდეგ რაც ტაო-კლარჯეთი თურქეთის შემადგენლობაში შევიდა, ოშკში სამონასტრო ცხოვრება შეწყდა. მოგვიანებით, ტაძრის სამხრეთ მკლავში (1860-1983 წწ.) მეჩეთი იყო განთავსებული.

ოშკის მთავარი ტაძარი, მიუხედავად ძლიერი დაზიანებისა, გამორჩეულია მასშტაბებით, დახვეწილი არქიტექტურული პლასტიკით, მრავალრიცხოვანი წარწერებით და მდიდრული ქვაზე კვეთილობით.

სამწუხაროდ ოშკის ტაძარს ერთხანს იყენებდნენ ნაწილს მეჩეთად, ნაწილსაც ბოსლად, ფარეხად და თივის საწყობად, შიგნიდან შესაბამისი გადატიხვრით. 2013 წლიდან თურქეთის მხარემ დაიწყო მისი აღდგენის პროცესი, რომელიც მძიმე დარღვევებით მიმდნარეობს.

,,ერთ ცხოვრებაში რამდენჯერ უნდა ეწვიო კაცი ოშკის ტაძარს, არ ვიცი. არც პათეტიკა მიყვარს და არც კატეგორიული მოწოდებები, მაგრამ მგონია, რომ ვისაც ოშკი არ უნახავს, მას ქართული კულტურის შესახებ ისეთივე წარმოდგენა აქვს, როგორც ქრისტიანობაზე იმ ადამიანს, სახარება რომ არ წაუკითხავს. ოშკი სახარებასავითაა. დიდია ოშკის პირველი წაკითხვის ემოციები, მაგრამ მასთან ყოველი მისვლა სულ ახალს და ახალ გაპოვნინებს. აი, მაგალითად, ცხოველთა ეს რელიეფური გამოსახულებები, გუმბათის ყელს რომ შემოუყვება ძირში. საოცრებაა, ნეტავ რამ გადააწყვეტინა ხუროთმოძღვარს ასეთი სარტყელი შემოეკრა გუმბათისთვის? არა, ბოლომდე მაინც არ შემოურტყამს, აღმოსავლეთიდან, წმინდა მხრიდან დაუწყია. სხვა მხარეებზე ცარიელი მედალიონები დაუტოვებია. ნეტავ, თუ აპირებდა გაგრძელებას? უცნაურია, ეს ცხოველები ოშკის გოლიათ ტაძართან შედარებით ისეთი მცირენი არიან, რომ ვერავინ შეამჩნევდა ქვემოდან. მაშ, რაღატომ ირჯებოდნენ ოსტატნი? იქნებ იმიტომ, რომ ისინი ოშკის ტაძარს ძერწავდნენ და მათთვის ეს პროცესი იყო ყველაზე მთავარი? იქნებ იმიტომაც, რომ ოშკის შემოქმედნი ყველგან ეპატიჟებოდნენ ტაძრის სიდიადით აღფრთოვანებულ მლოცველებს – ეგვტერსა თუ გალერეაში, კარიბჭეებსა თუ ნიშებში, სვეტების ქვეშა თუ გუმბათის ძირში. ეს ხომ სახარება უნდა ყოფილიყო, უნდა გეკითხა დაუსრულებლად და ყოველი წაკითხვისას ახალი რამ უნდა გეპოვა…”

 

წყარო: http://taoklarjeti.com/index.php/taoklarjeti/fotoemotions/oshki-2003

http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/o/oshki.html

http://gardaqmna.ucoz.com/news/kartuli_ek_39_lesia_monast_39_rebi_turketshi_i_bana_khandzta_ishkhani_oshk_39_k_39_i/2013-04-14-43