ქუთაისიდან 11 კმ–ს დაშორებით მდ. წყალწითელას მარცხენა ნაპირზე გაშენებულია გელათის მონასტერი.

დავით აღმაშენებლის ხანგრძლივი, დაუცხრომელი მოღვაწეობა უწინარეს ყოვლისა თურქ–სელჯუკთაგან აოხრებული ქვეყნის ჭრილობების მოშუშებისაკენ იყო მიმართული. სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად, რაც “დიდმა თურქობამ” თავს დაატეხა ჩვენს ქვეყანას, მომთაბარეებმა “დაუწყეს….უდაბნონი კლარჯეთისანი”, რომლებიც იმდროინდელ საქართველოს განათლების კერებს წარმოადგენენ. მართალია, საქართველოს “სინაი”–ის ანუ კლარჯეთის “ათორმეტ” სავანეს და საერთოდ ქართული კულტურის კერებს ისტორიულ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ XI საუკუნის პირველ მეოთხედში, ბიზანტიის კეისრის ბასილ I ბულგართმმუსვრელის შემოსევის და ქართველთა და ბერძენთა შორის გაჩაღებული დიდი ომიანობის შედეგად ძველი ბრწყინვალება მოაკლდათ, მაგრამ მათი ძირფესვიანად განადგურება და გადაწვა თურქ–სელჯუკთა “დამსახურებაა”.
დავით მეოთხის აღმშენებლობით საქმიანობაში ერთ–ერთ საპატიო ადგილზე დგას სწორედ განადგურებულ ქვეყანაში დროებით ჩამკვდარი საგანმანათლებლო საქმიანობის განახლება.
როდესაც სელჯუკები წინანდებურად უკვე პარპაშს ვეღარ ბედავდნენ საქართველოს მიწა–წყალზე, და გარდა ამისა, თითქმის ასი წლის განზე დგომის შემდეგ 1105 წელს ერწუხის ბრძოლით დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ შემოუერთა ჰერეთ–კახეთი ერთიან საქართველოს. მან, მისი ისტორიკოსის სიტყვით, ინება “აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა… რომელი ზეშთა ჰმატს შუენიერებასა ყოველთასა”. საუბარია გელათის ღვთისმშობლის მონასტრის “აღშენებაზე”, რომლის აგებაც 1106 წ. დაიწყო დავით აღმაშენებელმა და დაასრულა მისმა ძემ დემეტრე I–მ 1130 წ.

 ღვთისმშობლის მონასტერთან აკადემიის დაფუძნება მომხდარა 1106–1110 წლებს შორის. სწორედ ამ წლებში “კელლინსა შინა გაენათისასა” დაემკვიდრა საქართველოში მეორედ ჩამოსული დიდი ქართველი მეცნიერი იოანე პეტრიწი, მრავალგზის დევნილი, ამჯერად დავითის “წყალობისა” და “თანადგომისა” მოიმედე.

 გელათის მონასტერთან აკადემია რომ დაარსდა, ამაში საკვირველი არაფერია; შუა საუკუნეებში აკადემიები სწორედ სამონასტრო სისტემაში შედიოდნენ. აკადემიაში მისი დაარსების პირველ წლებშივე იოანე პეტრიწის გარდა, მოღვაწეობს ასევე დიდი მეცნიერი არსენ იყალთოელი, რომელიც იოანე ტარიჭის ძესა და თეოფილე ხუცესმონაზონთან ერთად, 1114 წელს მისულა საქართველოში.
იმდროინდელ უძლიერეს, ზოგჯერ განსხვავებულ მსოფლმხედველობათა მქონე (აღიარებულია, მაგალითად, რომ ორი დიდი ფიგურა ამ ეპოქისა იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი ერთიმეორის იდეური მოწინააღმდეგეები იყვნენ და მანგანის აკადემიაში ცნობილი აზრთა ჭიდილი აქ მათს დაპირისპირებაში პოულობდა გაგრძელებას) ქართველ მეცნიერთა დამკვიდრებამ გელათში განსაზღვრა აკადემიის სამეცნიერო მოღვაწეობის ფართო მასშტაბები.  დავითის ისტორიკოსის თანახმად, გელათის აკადემია “აწ წინამდებარე არს ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად”.იერუსალიმისა და ათენის შეერთებით ერთი ცნების–გელათის–ქვეშ დავითის ისტორიკოსი ხაზს უსვამს გელათის აკადემიაში გაშლილ როგორც საღვთისმეტყველო, ისე საფილოსოფოსო მუშაობას.

გელათი

 

აკადემიის შენობა მდებარეობს ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით,  აქვს ვრცელი დარბაზის სახე,  კედლების გასწვრივ შემონახულია ქვის დასაჯდომები,  დარბაზის შუა ადგილას დასავლეთის კედელთან ცალკეა ქვის მაგიდა,  რომელიც კათედრის მოვალეობას ასრულებდა,  კედლებში შემორჩენილია თახჩები,  რომელთაც ნივთების შესანახად იყენებდნენ. აკადემიაში ისწავლებოდა ფილოსოფია,  მათემატიკა,  მუსიკა,  რიტორიკა,  გრამატიკა,  ასტრონომია.

გელათის აკადემია

აქ არსენ იყალთოელმა გელათში თარგმნა დიდი სჯულის კანონი, ხოლო იოანე პეტრიწმა თარგმნა ნემესიოს ემესელის წიგნი. გელათში შესრულდა იოანე ქსიფილინოსის თხზულებათა თარგმანი.

XIII ს. II ნახევარში აქ მოღვაწეობდა არსენ ბულმაისულისძე ჰიმნოგრაფი და ჰაგიორგრაფი,  მას ეკუთვნის ნინოსა და შიო მღვიმელის საგალობლები,  შიო მღვიმელის სვინაქსარული ცხოვრება,  იამბიკური სვინაქსარი ოთხთა თვეთადა სძლისპირნი და სხვა. XIV ს. გელათელი  მოღვაწის დაწერილი უნდა იყოს ხელმწიფის კარის გარიგება. აქ დაიწერა საისტორიო თხზულება გელათური ქორონიკონი XVI ს.   ამ პერიოდიდან აქ აკადემია აღარ ფუნქციონირებდა.

დავით აღმაშენებელმა მისივე თაოსნობით დაფუძნებული გელათის აკადემია მატერიალურად სავსებით უზრუნველყო. მან მრავალი ძვირფასეულობა შესწირა გელათის ღვთისმშობლის მონასტერსა და, მაშასადამე, მის სისტემაში შემავალ აკადემიას. მონასტრის განმგებლობაში “მრავალთა და სამართლიანთა უსარჩლელ–მიუხუეჭელთა სოფელთა თანა” დავითმა გადასცა “მამული ლიპარიტეთი”, რომელიც “უმკვიდროდ დარჩომილ იყო”. როგორც აღნიშნულია, აქ “ლიპარიტეთი” ლიპარიტის საკუთარ საგვარეულო მამულს გულისხმობს (ვ. დონდუა), რომელიც ისტორიულ არგვეთში მდებარეობდა. ერთი სიტყვით, დავით აღმაშენებლმა მონასტერს “უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა”.
ამასთანავე ირკვევა, რომ აკადემიისათვის სამონასტრო სისტემაში გამოყოფილი იყო კაპიტალური, გრანდიოზული შენობა.
გელათი, ვითარცა სამეფო მონასტერი, განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. თავის საქმეებს თვითონ განაგებდა, უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა.
საერთოდ ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი დიდ ყურადღებას აქცევდა სამეფო მონასტრების მშენებლობას (ასეთები იყო შიომღვიმე, გელათი, დავითგარეჯი და სხვა), მაგრამ გელათის მონასტრის მშენებლობა, როგორც ჩანს, მასთან არსებული აკადემიის წყალობითაც იმდენად დიდი ყოფილა, რომ XIV საუკუნისათვის, “ხელმწიფის კარის გარიგების” დაწერისას, მხოლოდ გელათს შემორჩენია განსაკუთრებული უფლებები; მის გარდა, “გელათისაგან კიდე საყდარ(ნ)ი და სხუანი მონასტერნი და ეკლესიანი, ხუცესნი და მონაზონნი და რაც საეკლესიონი დასნი არიან, ყველა ჭყონდიდლის და საწოლის მწიგნობრის სახელოისა(ა)”.

დავითის მიერ აგებული ღვთისმშობლის ეკლესია კარგადაა დაცული,  მოეპოვება გვიანდელი ხანის მინაშენები.

 XV საუკუნიდან გელათი იმერეთის მეფის საკუთრება გახდა. იმ დროს საქართველო დაშლილი იყო. 1510 წ. ოსმალებმა დაარბიეს გელათი. აქ აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა იმერთა მეფე ბაგრატ III–მ. 1519 წ. გელათში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრალი.

XVI ს. II ნახევარში გელათი გადაიქცა დას. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენციად,  ადრე ის ბიჭვინთაში იყო.

XVII ს. II ნახევარში გელათი დაქვეითდა. მისი მამულები ფეოდალებმა  მიიტაცეს.

 XVIII ს. იწყება გელათის აღმავლობა,  მამულების დაბრუნება,  აღდგენითი სამუშაოების ჩატარება,  თუმც  1759 წ. ლეკებმა გელათი გადაწვეს. გელათში იყო დასვენებული ხახულის, აწყურის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატები რადგან გელათი მიაჩნდათ საიმედო თავშესაფრად.

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ გელათი გადაკეთდა საეკლესიო შტატის დაწესებულებად,  ხოლო 1824 წ. იქაური საეპისკოპოსო იმერეთის საეპისკოპოსოს შეუერთდა. ამჟამად დაცულია სახელმწიფოს მიერ.

გელათის აკადემია არსებობას განაგრძობს XVI საუკუნის დასაყისამდე. ამის შემდეგაც კი არ წყდება გელათში კულტურულ–ლიტერატურული მოღვაწეობა, რაც უპირატესად აფხაზთა: კათოლიკოსების ევდომენ პირველი ჩხეტიძისა (1557–1578) და ექვთიმე პირველი საყვარელიძის (1587–1616) მიერ სხვადასხვა ძვირფას ხელნაწერის გამრავლებაში გამოიხატა. იმდენად ცოხლადაა შემონახული ხსოვნა გელათის ოდინდელი ძლიერების შესახებ, რომ ბაგრატ იმერთა მეფის მიერ გელათისადმი ბოძებულ 1545 წლის შეწირულების სიგელშიც კი “გელათის საყდარს” მიემართება სახელწოდება “დიდისა”, “ზესთა – აღმატებულისა”, “ახლისა იერუსალიმისა”. მაგრამ სინამდვილეში ამდროინდელი აქ გაშლილი კულტურული მოღვაწეობა მხოლოდ აჩრდილს თუ წარმოადგენს მეცნიერების მძლავრი ტაძრის – გელათის აკადემიის წარსული დიდებისა, ისევე როგორც გელათაის ამდროინდელი მფარველი იმერეთის სამეფო ერთი უმწეო ნაშიერთაგანია ოდინდელი ძლიერი ქართული სახელმწიფოსი.

gelatis_otxtavi._XII_s გელ ოთხთავი გელთის

იმდენად ძლიერ საფუძველზე იყო შექმნილი გელათის აკადემია, რომ იგი საოცრად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ერთიანი საქართველოს სამეფო–სამთავროებად საბოლოოდ დაშლის შემდგომაც კი იგი ერთხანს ფეხზე იდგა;

გალერეა

გელათის მონასტერი
გელათის მონასტერი
« 1 შესახებ 10 »

წყარო : http://www.bu.org.ge/x1317?lang=geo

           http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/gelatis_akademiis.html

         http://vanillasky.ge/index.php?action=gverdi&gverdi_id=219&Lang=

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი