მონასტრის ისტორია

ფიტარეთის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიათ 12 კმ-ში.

ruka_fitareti

სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე  ბარათაშვილ-ორბელიანთა (ორბელიშვილთა) საკუთრება იყო. მონასტერი მათ საძვალე სასაფლაოდ ითვლება, რადგან აქ დასაფლავებულია ამ საგვარეულოს რამდენიმე წარმომადგენელი. მონასტერი ღრმა ხეობაში დგას და მაღალი მთებითაა შემოსაზღვრული. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ რელიეფზე სოფელი ყოფილა შეფენილი, სადაც ძველი, მცირე მასშტაბის ნასახლარების ნაშთებიღაა შემორჩენილი. ვახუშტი ბაგრატიონი მონასტრის მდებარეობის შესახებ წერს: „…არს მონასტერი ფიტარეთს, შუენიერნაშენი; გუმბათიანი, შუენიერს ადგილს. ზის წინამძღუარი. მის ქუეით ერთვის ქციას ფოცხვერიანის – ხევი, ვენახიანი, ხილიანი…“

fitareTi

ტაძარს XIV საუკუნით ათარიღებდნენ, რაც კარიბჭის შიდა კედელზე მოთავსებულ ასომთავრულ წარწერაში, მოხსენიებულ მეფეთ-მეფე გიორგის – გიორგი V ბრწყინვალესთან (1318 – 1346 წწ.) გაიგივების ტრადიციით იყო განპირობებული. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი, ცოტა მოგვიანებით, პირველად დაადგინა აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა. მან ტაძრის სტილისტური ანალიზის საფუძველზე დაასაბუთა, რომ ფიტარეთი XII-XIII საუკუნეთა მიჯნას განეკუთვნება. საბოლოოდ მისი აშენება თამარის შემდეგ ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს დაუკავშირეს და 1213 – 1222 წლებით დაათარიღეს. XIII საუკუნის დასაწყისში აშენებული მონასტერი, როგორც მონასტრის მთავარი წარწერიდან ირკვევა კომპლექსი XIV საუკუნეში აღუდგენია გიორგი ბრწყინვალის ამირეჯიბს ქავთარ ქაჯიფაისძეს, რომელიც ბარათაშვილების წინაპარი იყო. XVI საუკუნის პირველ ნახევარში ფიტარეთი გიორგი ბარათაშვილს ეკუთვნოდა, 1536 წლიდან ორბელ ბარათაშვილს, რომლის მემკვიდრეს ყაფლან ორბელის შვილს 1627 – 1671 წლებში, ქართლის მდივანბეგსა და სახლთუხუცესს, დავა ჰქონია მონასტრის გამო მეჯინიბეთუხუცეს პაატა გერმანოზის ძე ბარათაშვილთან (გერმანოზიშვილების წინაპარი). დავა ყაფლანის სასარგებლოდ გადაწყვეტილა. XVII – XVIII სს. მიჯნაზე აუგიათ მონასტრის მარანი, რომელიც მის წინამღძვარს იობ ფიტარეთელს მიეწერება. ახალი შენობა არა მარტო მარნის, არამედ საცხოვრებელისა და თავდაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა. იმ დროიდან მტერთა გახშირებული თარეშის გამო ფიტარეთი დაცარიელდა. ძველ მემატიანეთა უწყებით ფიტარეთი ლეკებსაც კი დაურბევიათ. 1752 წ. „აიღეს ციხე ფიტარეთისა ლეკთა და იავარჰყვეს საქონელი ურიცხვი საყდრისა, წაასხეს ტყვე ფრიადი.“ ამ პერიოდისათვის მონასტერი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მისი ქვისგან ნაგები გალავანი ციხის ზღუდედ ითვლებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით XVIII ს. შუა წლებში ფიტარეთში ჯერ კიდევ იყო წინამძღვარი, შემდეგ ხანაში კი გაუკაცრიელებულ მონასტერს და მთელ ამ მხარეს მკვიდრი მოსახლე კარგა ხანს ვერ დაუბრუნდა. ჩვენამდე მოღწეული ცნობებით განსაკუთრებით XVII – XVIII სს. მიჯნაზე, 1696 – 1730 წლებში მონასტერს გამორჩეული წინამძღვარი – იობი ჰყოლია. იგი ვახტანგ VI-თან და სულხან-საბა ორბელიანთან ძალზედ დაახლოებული პირი ყოფილა.

 XVIII საუკუნის I ნახევრიდან დაწყებული ჯერ ოსმალობამ და მერე ყიზილბაშობამ მთლიანად ააოხრა ქართლი, საბარათიანო მოიშალა და გაპარტახდა, ამას თან დაერთო საბარათიანოს ტერიტორიაზე მიმდინარე შინაფეოდალური ომები. ლეკების გაუთავებელმა ლაშქრობამ კი საბოლოოდ დაამთავრა სომხით-საბარათიანოს განადგურება. ამ პერიოდში აოხრდა ფიტარეთის მონასტერიც, ლეკის ჯარი ფიტარეთის მონასტრის ციხეშიც კი მდგარა. ფიტარეთის უკანასკნელი წინამძღვარი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ფიტარეტის ტაძარი გაუქმებულა, ხოლო ფიტარეთის სამონასტრო სემინარია დაცარიელებულია და მიტოვებულია. XX საუკუნის დასაწყისში მღვდელი ზაქარია გულისაშვილი გულისტკივილით მოგვითხრობს ფიტარეთის მწარე ბედის შესახებ: „ეს სამონასტრო კომპლექსი ბეზაკ ორბელიანს მიუყიდია ვიღაც რუსისათვის 300 თუმნად. იმ რუსმა პეტერბურგშივე ეს მონასტერი მიჰყიდა ვიღაც თაიროვს. ეს თაიროვი გამხდარა ბატონ-პატრონი აქაურობისა. მის მოურავს სომეხ ასატურას ფიტარეთის დანგრევაც მოუნდომებია, მაგრამ აღარ შეუსრულებია, ჩვენდა საბედნიეროდ, თავისი ბოროტი დანაქადნი: “მეჯავრება და დავანგრევ ამ ტაძარსო”. ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის, სამრეკლოს, ბაქნის, გალავნისა და სხვა დამხმარე ნაგებობებისგან შედგება.

სამწიგნობრო კერა

სამონასტრო კომპექსი ადრიდანვე მწიგნობრობის და სულიერების მძლავრ კერად ითვლებოდა.აქ მოღვაწეობდა იობ ფიტარეთელი (XVII – XVIII სს.), რომლის ლიტერატურული მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. მას ჩინებულ მწერლად მიიჩნევდნენ სულხან საბა ორბელიანი, ანტონ I, იოანე ბატონიშვილი. მოღწეული ცნობებით განსაკუთრებით XVII-XVIII სს. მიჯნაზე, 1696-1730 წლებში მონასტერს გამორჩეული წინამძღვარი — იობი ჰყოლია. იგი ვახტანგ VI-თან და სულხან-საბა ორბელიანთან ძალზედ დაახლოებული პირი ყოფილა. ფიტარეთის მონასტერს ადრიდანვე მდიდარი ბიბილიოთეკა ჰქონდა. მტერთა ამაოხრებელ თარეშს გადაურჩა სახარება, რომელიც ასლან ორბელაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ დიასამიძემ 1673 წ. დაამზადებინეს იესე ბედისმწერლიშვილს და მონასტერს შესწირეს. ხელნაწერთა ინსტიტუტში ასევე დავანებულია ფიტარეთის ძლისპირები, – გადაწერილი XVII ს-ში ფიტარეთის ძველ საგალობელთა კრებულიდან, რომელშიც შემონახულისა ნევმატური ნიშნები, რასაც ძველი ქართული სანოტო სისტემის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

გალერეა

ტაძარი

« შესახებ 8 »

წყარო:https://ka.wikipedia.org

         http://www.dzeglebi.ge

          https://georgianneighborhood.wordpress.com

         http://camp.ge