,,ვეფხისტყაოსანი „— მეთორმეტე საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემაა, იგი შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან.

,,ვეფხისტყაოსანი” რთული ნაწარმოებია სიუჟეტის მხრივ; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით, ფაქტებით, თავგადასავლებით, დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით, ძალიან მდიდარია მხატვრული ხერხებითა და საშუალებებით, კეთილხმოვანია და საინტერესოდ იკითხება.

ჩვენამდე არ მოუღწევია ტექსტის პირვანდელ ვარიანტს; ყველაზე ძველი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი, მეთექვსმეტე საუკუნით თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბის მქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი.

ჩვენამდე 164 ხელნაწერია მოღწეული, მათ შორის არის ფრაგმენტებიც.  მათგან 110­-მდე ნუსხა და 30-­მდე მინაწერის შემცველი სხვა ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დანარჩენი ნუსხები დაცულია საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა სიძველეთსაცავში: ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკა, საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (პარიზი), ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოუგტონის ბიბლიოთეკა, რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა (სანკტ­ პეტერბურგი) და ა.შ.

,,ვეფხისტყაოსნის” ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით, სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები.

უძველესი სრული ხელნაწერი ეკუთვნის მამუკა თავაქალაშვილს და 1646 წლით თარიღდება. თავაქალაშვილისეულ ,,ვეფხისტყაოსნის” ნუსხას წინ უსწრებს რამდენიმე ფრაგმენტი, მათ შორის მათ შორის XIV, XV და XVI საუკუნეების მინაწერები, მათ შორისაა ვანის ქვაბების ცნობილი წარწერები. XIII­-XV საუკუნეებიდან არ მოიპოვება არც ერთი სრული ხელნაწერი, უფრო გვიან ნუსხებში კი ტექსტი მნიშვნელოვნადაა დამახინჯებული. ძველი ხელნაწერების განადგურების მიზეზად მიიჩნევა როგორც XIII საუკუნის შემდეგ დაწყებულიმონღოლთა ბატონობა საქართველოში, ასევე, უფრო მოგვიანებით, ,,ვეფხისტყაოსნის” დევნა. აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნისთვის ჯერ კიდევ ცნობილი იყო XV საუკუნის რამდენიმე ნუსხა, რომლებიც დღეს დაკარგულად ითვლება. გარდა მამუკა თავაქალაშვილისეული ,,ვეფხისტყაოსნისა”, XVII საუკუნის 6-0­იანი წლებით თარიღდება და ერთ­ერთი უძველესია იოსებ თბილელის მიერ გადაწერილი ე. წ. „ზაზასეული ვეფხისტყაოსანი“. კალიგრაფიულად და გაფორმებით ერთ-­ერთი გამორჩეულია 1680 წელს ბეგთა-ბეგ ავთანდილის ძე მარტიროზაშვილის გადაწერილი ,,ვეფხისტყაოსანი” („ბეგთაბეგისეული ნუსხა“). ე. წ. „ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსნის“ ერთ­ერთი ნუსხა გამორჩეულია გაფორმებით; თითოეულ გვერდს ამკობს ოქრომელნით შესრულებული ჩარჩო, რომლის ორნამენტებიც ყოველ გვერდზე განსხვავებულია. აღსანიშნავია ასევე პაპუნა ბებურიშვილისეული ხელნაწერი (გადამწერი უცნობია). XVII საუკუნეშია შესრულებული ე. წ. „თარხანმოურავისეული ვეფხისტყაოსანი“, რომელიც დღეს ოქსფორდში ინახება.

პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში, მტკვრის სანაპიროზე დაარსებულ სტამბაში (1708-1709) მხედრული შრიფტით გამოიცა. სტამბის მმართველად ვახტანგმა ანთიმოზ ივერიელის მოწაფე, უნგროვლახელი ოსტატი – მიხაი იშტვანოვიჩი მოიწვია. 1709 წელს სტამბაში პირველად სახარება და „დავითნი“ დაიბეჭდა ნუსხა-ხუცურით, შავი და წითელი საღებავებით. შემდეგ სტამბას შეემატა რამდენიმე ფერის საღებავი და სხვადასხვა ზომისა და ფორმის შრიფტიც: ასომთავრული, ნუსხური, მხედრული, ბერძნული და ლათინური. წიგნის კაზმულობასა და შრიფტზე ქართველი მხატვარ-გრავიორები და კალიგრაფისტები მუშაობდნენ, ილუსტრირებაც ძირითადად გრავიურით ხდებოდა. 1712 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ სტამბაში დაბეჭდილი პირველი საერო წიგნი იყო. იგი პოემის მოკლე რედაქციას შეიცავს, რომლის შემუშავებას საფუძვლად დაედო XVII საუკუნეში ზაზა ციციშვილის დაკვეთით შექმნილი ნუსხა.

„ვეფხისტყაოსნის“ პირველ ბეჭდურ გამოცემას ახლავს ვახტანგ VI-ის კომენტარები, რაც წარმოადგენს ტექსტის მეცნიერულად შესწავლის პირველ მცდელობას. ვახტანგ VI-მ ეს სამუშაო ჯერ კიდევ 1701 წლს წამოიწყო, როდესაც გარს შემოიკრიბა საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი და „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა ნიმუშების განხილვას შეუდგა. დღეს ვახტანგისეული გამოცემის ყოველი ცალი დაზიანებული სახითა და არასრული ტექსტითაა შემორჩენილი. გავრცელებულია აზრი ამ გამოცემის დევნისა და განადგურების შესახებ ცალკეულ პირთაგან. აღრიცხულია 20 ეგზემპლარი, აქედან 5 დაცულია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. არც ერთი შემორჩენილი ცალი არ არის სრული. ამ ფაქტისა და პირველი გამოცემის მეცნიერული მნიშვნელობის გათვალისწინებით, 1937 წელს, რუსთაველის იუბილისათვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ქართველმა მეცნიერმა აკაკი შანიძემ ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ აღდგენილი გამოცემა განახორციელა. მას ერთვის ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ ყველა მოძიებული ეგზემპლარის აღწერილობაც.

პოემა ,,ვეფხისტყაოსანი“ 37 ქვეყანაში 47 ენაზეა თარგმნილი. პოემის სრული თარგმანი ფრანგულ ენაზე ეკუთვნის ცნობილ საზოგადო მოღვაწეს იონა მეუნარგიას (1852­-1919), რომელსაც თარგმნისას ფრანგი ჟურნალისტი ჟიულ მურიე, მწერალი არტურ გუნდაკერ ფონ ზუნტერი და მისი მეუღლე, ნობელიანტი ბერტა ფონ ზუტნერი ეხმარებოდნენ. სამწუხაროდ, თარგმანი ამჟამად დაკარგულია. მკვლევართა შორის საუკეთესოდაა აღიარებული ინგლისელი ქართველოლოგის, მარჯორი უორდროპისეული ინგლისურენოვანი პროზაული თარგმანი, რომელიც მთარგმნელის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოიცა.

შუა საუკუნეებშიცა და შემდეგ დროშიც ,,ვეფხისტყაოსანი” დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართული ლიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში;   ,,ვეფხისტყაოსანი” ქართველთათვის ერთ­ერთ საყვარელ წიგნად ითვლება. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში ,, ვეფხისტყაოსანი“ ხშირად იდევნებოდა ეკლესიის მხრიდან, რადგან იგი ანტიქრისტიანულ, სპარსულ ნაწარმოებად ითვლებოდა. თუმცა პოემის დევნამ ვერ შეასუსტა მისი მნიშვნელობა ქართველ ხალხში, პირიქით, მისი გავლენა უფრო მეტად გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ,,ვეფხისტყაოსანი” მსოფლიო ლიტერატურის ერთ­ერთ შედევრად ითვლება.

უძველესი სრული ხელნაწერი ეკუთვნის მამუკა თავაქალაშვილს და 1646 წლით თარიღდება. თავაქალაშვილისეულ ,,ვეფხისტყაოსნის” ნუსხას წინ უსწრებს რამდენიმე ფრაგმენტი, მათ შორის მათ შორის XIV, XV და XVI საუკუნეების მინაწერები, მათ შორისაა ვანის ქვაბების ცნობილი წარწერები. XIII­-XV საუკუნეებიდან არ მოიპოვება არც ერთი სრული ხელნაწერი, უფრო გვიან ნუსხებში კი ტექსტი მნიშვნელოვნადაა დამახინჯებული. ძველი ხელნაწერების განადგურების მიზეზად მიიჩნევა როგორც XIII საუკუნის შემდეგ დაწყებულიმონღოლთა ბატონობა საქართველოში, ასევე, უფრო მოგვიანებით, ,,ვეფხისტყაოსნის” დევნა. აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნისთვის ჯერ კიდევ ცნობილი იყო XV საუკუნის რამდენიმე ნუსხა, რომლებიც დღეს დაკარგულად ითვლება. გარდა მამუკა თავაქალაშვილისეული ,,ვეფხისტყაოსნისა”, XVII საუკუნის 6-0­იანი წლებით თარიღდება და ერთ­ერთი უძველესია იოსებ თბილელის მიერ გადაწერილი ე. წ. „ზაზასეული ვეფხისტყაოსანი“. კალიგრაფიულად და გაფორმებით ერთ-­ერთი გამორჩეულია 1680 წელს ბეგთა-ბეგ ავთანდილის ძე მარტიროზაშვილის გადაწერილი ,,ვეფხისტყაოსანი” („ბეგთაბეგისეული ნუსხა“). ე. წ. „ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსნის“ ერთ­ერთი ნუსხა გამორჩეულია გაფორმებით; თითოეულ გვერდს ამკობს ოქრომელნით შესრულებული ჩარჩო, რომლის ორნამენტებიც ყოველ გვერდზე განსხვავებულია. აღსანიშნავია ასევე პაპუნა ბებურიშვილისეული ხელნაწერი (გადამწერი უცნობია). XVII საუკუნეშია შესრულებული ე. წ. „თარხანმოურავისეული ვეფხისტყაოსანი“, რომელიც დღეს ოქსფორდში ინახება.

წყარო: https://burusi.wordpress.com

          http://mkochiashvili8.blogspot.com