•  კაცმა რომ კაცი მოკლას, მიზეზი უნდა ჰქონდეს. მძარცველი ქონებისთვის კლავს. ხელმწიფის, შაჰის თუ სულთნის ჯარში მომსახურე ქართველს ფიცი, დაწინაურების იმედი, ჯილდო აკვლევინებს. საბოლოოდ ესეც ქონებისთვის კლავს, კაი მომავალს ინაღდებს, სიმართლის თქმა თუ გინდა. ასეთი მკვლელი ადამიანობას იმიტომ ჩემულობს, რომ ნადირისგან განსხვავებული ხერხით სჩადის ნადირულს, თორემ მუცლის ამოყორვისთვის აკეთებს ამას. კაი, მოვიდა მტერი, გაგიქელა შენი მოდგმით ნაკარნახევი ცხოვრების წესი, შეგიგინა სარწმუნოება, ტყვედ წაიყვანა და ცხრა მთას იქით გადაგიკარგა ნათესავი და არც შინ წასვლას აპირებს. ცხადია, ამ კაცს კლავ, მაგრამ იმიტომ კი არ კლავ, რომ გძულს, – უპირველესად ყოვლისა, იმიტომ, რომ გაგიქელა, შეგიგინა, წაგართვა ის, რაც გიყვარდა. შენი წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება. სიყვარულიდან მოდის ის მსხვერპლის გაღება, თავგანწირვა და ძლევამოსილებაც, წართმეულს რომ დაგიბრუნებს. ეს სიყვარულის ერთ-ერთი სახეა და არა სიძულვილი. ვეღარ ვაკეთებთ ამას. რატომ და, იმიტომ, რომ, – მართალი ბრძანა ქალბატონმა ნანომ, – თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული დავკარგეთ! ერთია კიდევ: წართმეულის დასაბრუნებლად სხვა, უფრო შედეგიანი გზები არსებობს. ხოცვა-ჟლეტის გაღმერთება ჯერ ადამიანობას ეწინააღმდეგება, მერე საღ გონებას. ძალმომრეობა ბოროტებაა და, თავის მხრივ, ახალი ბოროტება მოაქვს… ცალკე სალაპარაკოა ეს. “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია” – ჭეშმარიტებად მიმაჩნია და ამისას ვსვამ! – გოგიამ ჯამი პირთან მიიტანა.

 

  • მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა, ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი, – ისეთი შევჭამო, რომ არ დამასწროს და აქით არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა. ნადირია და მიტომ. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრიც უნდა ქონდეს, ისეთი შევჭამო, რომ ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო.
  • მე რომ ადამიანს და მის ზნეს ვხედავ, მოსე-ბატონო, ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი დღე და ხვედრი. ჩემი ბრალია ყველაფერი. იქ რომ მითხარი, უნდა, ალბათ, მაგ ხალხს ყმობა და მონობაო, – მასე ყოფილა მართლაც. აგერ შენ, აგერ მე და იქ, მაღლა ღმერთი – ფიცი დამიდვია, აღარ ჩავერევი აღარავის საქმეში, სანამდე არ დავრწმუნდები, ჩარევა ჯობს თუ ჩაურევლობა. მგონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყო

 

  • მე ისეთი შეხედულება მაქვს, რომ სიკეთე სხვათა კეთილდღეობისთვის საკუთარი ინტერესებისა თუ თავის გაწირვის, მსხვერპლად მისვლის უნარია. უარეს შემთხვევაში, სიკეთე ის არის, რაც, შესაძლოა, მხოლოდ ერთს ასარგებლებს, მაგრამ ისე კი, რომ სხვებს ზიანს არ მისცემს. მხოლოდ ამ ღირსების, ესე იგი, მსხვერპლის გაღების უნარის მქონეს შეუძლია, თავის არსებაში სიკვდილის შიშს სძლიოს და დამძლევი იმ ზომით დასძლევს, რა ზომითაც განგებისგან აქვს სიკეთე მიმადლებული

 

  •  ერთ სადღეგძელოს ჩამოვაყალიბებე სათქმელში. … ქუთაისში ძმაკაცმა დუქანში შემიპატიჟა საქეიფოდ ერთხელ. სამი სხვა შემოგვიერთდა თანდათანობით და უსაშველო სმა ატყდა, მაგარი სმა! სადღეგრძელო ინება ლხინის უფალმა თასი იყო ასფუთიანი, იმით დავლიეთ დიდი გაჭირვებით ყველამ. დათიკო ერქვა ერთს, არ დალია მან. სალუქვაძე იყო გვარად მეორე შემოსწრებული, დათიკოს უთხრა, დალიე, შე კაცო, რა დაგემართაო! დათიკო , ნამეტანი ძნელია, ვერ დავლევო. გაიკვირვა სალუქვაძემ: ქართველობა, საერთოდ, ძნელიაო, უთხრა, ვითომ ქართველობა ხელობა იყოს რამე. გამეცინა და ჩამრჩა მეხსიერებაში სამუდამოდ. მართლა ძნელია ქართველობა, ბატონებო, და სიძნელე მარტო ის კი არაა, ჩაფებით და ჭურებით რომ უნდა სვას ქართველმა. მთავარი სიძნელე იმაშია, რომ უზის სუფრას, საწყალი, დაიწყებენ მის სადღეგრძელოს, აიყვანენ ცაში, გაასწორებენ ღმერთებთან, უნდა უსმინოს მან და იყოს ასე! რას იზამს საცოდავი, არ აქვს სხვა გზა და გამოსავალი. დიდი მოთმინებაა საჭირო, დიდი! ასე მგონია მე რომ ქართველი კაცი მოთმინებას სუფრაზე სწავლობს, სწორედ. არ არის მთლად დასაძრახისი ეს ჩვეულება. სხვაგან სულ ერთმანეთის დაცინვაში და ლანძღვაში ვატარებთ დროს. სადმე ხომ უნდა გვიყვარდეს და ვაქოთ ერთიმეორე? ამისთვის სუფრა გვაქვს მოგონილი და კარგია ეს.

ავტორი: ჭაბუა ამირეჯიბი