შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია.

რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო  მისივე პოემაა. პროლოგში ავტორი ეხება არა მარტო ქების ობიექტს, არამედ აყალიბებს თავის ზოგად შეხედულებებს, რაც შემდეგ მხატვრულად ხორცშესხმულია თვითონ პოემაში. ნაწარმოებში იგი  ცნობას გვაწვდის საკუთარ თავზეც. პროლოგის მეშვიდე სტროფში პოეტი უმთავრეს გმირზე ­ ტარიელზე გვესაუბრება და პირველად გვიმჟღავნებს თავის სახელს:

“მო, დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი,

მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!

დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ­-ლახვარ­სობილი,

აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი”

მომდევნო სტროფში იგი კვლავ ასახელებს თავის თავს:

“მე რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:

ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;”

პოემის შესავალში წარმოდგენილ ამ ცნობებს პოეტის სახელის თუ ზედწოდების გარშემო თავისებურად ეხმაურება ეპილოგის სტროფებიც. თუმცა საეჭვოა დასასრულის ამ სტროფთაგან ყველა რუსთაველს ეკუთვნოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ აქ დაცულია უძველესი წერილობითი ტრადიცია.

“ვეფხისტყაოსნის” დამწერის რუსთველობას აღიარებს პოემის ერთ­-ერთი გამგრძელებელი “ვინმე მესხი”, რომლის ცნობა დაცულია აგრეთვე ტრადიციით პოემის ეპილოგად მიჩნეულ პირველ სროფში :              

 ,, ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად დამისად „

გვერდს ვერ ავუვლით პროლოგის სხვა ისტორიული ხასიათის რეალიებსაც. აქ შექებულია თამარი და მისი მეუღლე დავით სოსლანი.

“ვეფხისტყაოსანში” არსებულ ორივე ცნობას (პოემის ავტორია რუსთაველი, იგი თამარ მეფის თანამედროვეა) ავსებს ისტორიულ-­ლიტერატურული ხასიათის დოკუმენტური მონაცემები. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, აღსანიშნავია იერუსალიმში არსებული ქართული სავანის, ჯვარის მონასტრის მასალები. მეჩვიდმეტე საუკუნიდან ჩვენში ცნობილი გახდა, რომ სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად აქ, მონასტრის სამხრეთ­-დასავლეთის სვეტზე, გამოხატულია შოთა რუსთაველი. მონასტრის პირველი აღმწერი ტიმოთე გაბაშვილი შენიშნავდა, რომ მონასტერშივე არსებულ სააღაპე წიგნში მოხსენიებული შოთა მეჭურჭლეთუხუცესი არის იგივე შოთა რუსთაველიო. ტიმოთეს ცნობათა სისწორე სრული ზედმიწევნით დადასტურდა. ქართველმა მეცნიერებმა აღადგინეს და საქართველოში ჩამოიტანეს ფრესკის პირები. აღდგა ფრესკის წარწერაც “ამისა დამხატავსა შოთა(ს) შეუნდვნეს ღმერთმან ამინ”.

შოთა რუსთაველი პორტრეტი

პორტრეტის ქვემოთ მიწერილია “რუსთველი”. ფრესკაზე გამოხატულია საერო ტანსაცმელში გამოწყობილი მოხუცი, რომელიც მუხლმოდრეკილი დგას ორი წმინდანის ­ იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის წინაშე. სააღაპე წიგნში მეცამეტე საუკუნის პირველი მეოთხედისათვის შეუტანიათ მოსახსენიებელი შოთა მეჭურჭლეთუხუცესისა. როგორც ჩანს, შოთას მოსახსენიებელი მის სიცოცხლეშივე შეუტანიათ. დასტურდება, რომ ფრესკაზე გამოსახული შოთა რუსთაველი და აღაპში მოხსენიებული “შოთა მეჭურჭლეთუხუცესი” ერთი და იგივე პირია. იდენტიფიკაციას ხელს უწყობს დროის თანხვედრა და ამასთან ფრესკის წარწერის ცნობა, თუ რა ღვაწლის გამო შეუტანიათ მისი მოსახსენიებელი მონასტერში არსებულ სააღაპე წიგნში.

იერუსალიმის ჯვარის მონასტრის მასალები ერთბაშად რამდენიმე ძვირფასი ცნობით ამდიდრებენ რუსთაველის ბიოგრაფიას. რუსთაველის სახელია შოთა, მას საქართველოს სამეფო კარზე სჭერია ერთ­-ერთი დიდ­ვეზირის ­ მეჭურჭლეთუხუცესის სახელო (თამარის ეპოქაში სულ ოთხი ასეთი სახელო იყო: მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი). რუსთაველი წარმოსდგება არა მარტო როგორც პოეტი, იგი თავისი დროის ერთ­ერთი მაღალი თანამდებობის პირი ჩანს. საფიქრებელია, რომ შოთა რუსთაველმა თვითონვე იმოგზაურა იერუსალიმში და მისივე ხელმძღვანელობით ჩატარდა მონასტრის აღსადგენი სამუშაოებიც.

“ვეფხისტყაოსნის” ავტორის გვარისა და სახელის ხსენებას ძალზე ხშირად ვხვდებით მომდევნო ხანის ქართულ მწერლობაშიც (მეთექვსმეტე-­მეჩვიდმეტე საუკუნეების ქართველი მწერლები: სერაპიონ საბაშვილი, თეიმურაზ პირველი, არჩილი და ა.შ.) თითქოს სრული ზედმიწევნილობით მართლდება ძველი ხალხური გადმოცემები, რომლებიც შოთას სახელს უკავშირებენ იერუსალიმის ჯვარის მონასტერს.

შოთა რუსთაველის წარმომავლობასთან დაკავშრებით არაერთი ვერსია არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებული: რუსთაველის თორელობის  ვერსია (მეცნიერული თვალსაზრისი) და  რუსთაველის ჩახრუხაძეობის ვერსია (ზეპირსიტყვიერების მიხედვით)

გალერეა ⇔

შოთა რუსთაველი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე
« შესახებ 12 »

,,ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორები