ხევსურეთი ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. კავკასიონის ქედი ხევსურეთს ორ ნაწილად ყოფს: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი მოიცავს არდოტისა და შატილის ხეობებს (ახლანდელი დუშეთის რაიონის შატილის სასოფლო საბჭოს ტერიტორია), პირაქეთა ხევსურეთი – ხევსურეთის არაგვის ხეობას (დუშეთის რაიონის ბარისახოსა და გუდანის სასოფლო საბჭოების ტერიტო-რია). პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი ერთმანეთს არხოტისა და დათვისჯვრის უღელტეხილით უკავშირდება.

ხევსურეთი აღნიშნული კუთხის აღსანიშნავად XV საუკუნიდან ჩნდება. სახელი დარქმეულია მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდე-ბარეობის გამო.
ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩაჩნეთ-ინგუშეთი, აღმოსავლეთით – თუშეთი, დასავლეთით – ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით – ფშავი. ხევსურეთი დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით მოიცავს დუშეთის რაიონს. ხევსურები ცხოვრობენ, აგრეთვე, გუდამაყრისა (სოფლები: ბაკურხევი და საკერპო) და ხევის (სოფლები: ჯუთა და ართხმო) ტერიტორიაზე და თიანეთის რაიონში.
ხევსურულ დიალექტში გამოიყოფა ორი კილოკავი: შატილურ-მიღმახეური და პირაქეთულ-არხოტული.

ხევსურული  დიალექტი აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტების (ფშაური, მოხეური, თუშური, მთიულურ-გუდამაყრული) ჯგუფს ეკუთვნის. ქართული ენის სხვა დიალექტებს შორის ხევსურულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს; კერძოდ, იგი არქაული ფორმების სიუხვით გამოირჩევა.

გავრცელების არე

ხევსურეთს საკმაოდ ფართო ტერიტორია უკავია. მას ესაზღვრება ჩრდილოეთით ქისტეთი, სამხრეთით ფშავი, აღმოსავლეთით თუშეთი და დასავლეთით ხევი და გუდამაყარი. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს: პირიქით ანუ გადაღმა ხევსურეთად და პირაქეთ ანუ გადმოღმა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი მდებარეობს კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე მდინარე ასის (არხოტის წყლისა) და არღუნის სათავეებში. პირაქეთა ხევსურეთი მთავარი ქედის გადმოღმაა, იწყება ორწყალში, სადაც ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი ერთმანეთს ერთვის და გასდევს ხევსურეთის არაგვს სათავემდე.

ხევსურეთი შედის დუშეთის რაიონში. იგი შედგებოდა ბარისახოსა და ბაცალიგოს (პირაქეთა ხევსურეთში) და არხოტისა და შატილის (პირიქითა ხევსურეთში) სასოფლო საბჭოსაგან. ამჟამად ხევსურეთის სოფლებს ბარისახოს საბჭო აერთიანებს.

ხევსურული მოსახლეობის დიდი ნაწილი გაფანტულია დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ახმეტის, მცხეთის, თელავის, საგარეჯოს, წითელწყაროს, თბილისის სამგორისა და ზოგ სხვა რაიონში.

წყარო:  http://kartvelianlinguistics.blogspot.com

http://www.dzeglebi.ge

 http://armazi.uni-frankfurt.de

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი