“ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორედ გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი – მეორე.
ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვადასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს; მაშინ ყოველი მათგანი თავის შესაძლებლობებს საკუთარი ზნეობის თანახმად გამოიყენებს. ადამიანის ნამოქმედარი ღირებულებები მისი ზნეობის ღირებულებებით განისაზღვრება”

” მე რომ ადამიანს და მის ზნეს ვხედავ, ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი დღე და ხვედრი. მგონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს. ”

”როგორიც გინდა იყოს საქმე, სიყვარულით თუ არ მიუდექი – ვერ მოერევი. კაცი მტრად თუ ჩათვალე, შეგძულდება და მისი მოტანილი ზიანის კარგ საქმედ გადაკეთებაში სიძულვილი ვერ გამოგადგება ამხანაგად. მიტომაა, მტრად რომ არ უნდა ჩათვალო ცუდი კაცები, მან ჩაგთვალსო მტრად, გდიოს, გებრძოლოს, ის მდევარი იყოს, შენ – დევნილი და ხალხი შენს საქციელს მიბაძავს, შენს მხარეს დაიჭერს მაშინ. ცუდ კაცს ნურც მტრად ჩათვლი, ნურც მოყვარედ. მის გაფუჭებულ საქმეს და მის მოტანილ ზიანს უნდა ხედავდე – არაფერს სხვას. ამას უნდა დევდე და კარგ საქმედ აქცევდე. სხვები დაინახავენ, კარგმა გლახას აჯობაო, მოგბაძავენ თვითონაც, უკეთესი გახდებიან, ვიდრე იყვნენ, გამრავლდება ასეთი ხალხი და გაუჭირდება ავ საქმეს. ესაა აბრაგის ვალი და ყველა კაცის ვალი. ასეა ეს.”

” თავისი მიზნების განხორციელების დროს ამა თუ იმ ილეთის ჩატარების შესაძლებლობას მოკლებული ადამიანი წააგავს ხეიბარს, რომელიც, ვთქვათ, ცალხელაა და თავის ყველა წარუმატებლობას მხოლოდ ამით ხსნის; ცალხელა არ ვიყო, კურდღელს დავეწეოდი და გადავასწრებდიო! ეს ამა თუ იმ უნარს მოკლებული კაცის ფილოსოფიაა. ”

”არსებობს ამდენი და ამდენი უკვე ცნობილი თვისება, ვთქვათ, სიყვარული, სიძულვილი, სიკეთე, ბოროტება, სხვანი და სხვანი, ხოლო ცხრილის ამდენი და ამდენი უჯრა დროებით შეუვსებელი რჩება. მერე გავა დრო და თავისი ბინადარი ალბათ ყველა უჯრას გამოენახება.
ვფიქრობ, რომ ნორმალურ ახალშობილს იმთავითვე დაჰყვება ხოლმე ადამიანის ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი და ამ ჩანასახის ზრდა-განვითარების, ჩამოყალიბების, დახვეწის შესაძლებლობაც. საფიქრებელია, რომ ერთსა და იმავე ახალშობილს ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი ტოლი სიდიდისა ერ ექნება. ალბათ, ზოგი ჭარბი პოტენციისა ექნება და ზოგიც ნაკლულისა, მაგრამ თუკი მათი ზრდა-განვითარების, ჩამოყალიბების, დახვეწის პირობები, ანუ გარემო, ერთი რომელიმე ზნეობრივი თვისების მძაფრ ზრდას არ იწვევს, მოსალოდნელია, რომ პროდუქტიც მეტ-ნაკლებად ნორმალურ თვისებებიანი დადგება, ანუ ისეთი, რომელსაც ჩვენ ნორმალურ ადამიანებს ვუწოდებთ. ახლა გამონაკლისებსა და გადახრებს მივმართოთ.
ხომ შეიძლება, რომ დაიბადოს ისეთი ადამიანი, რომელსაც სიხარბე, მომხვეჭელობა და სიძუნწე მძლავრი მონაცემებით დაჰყვება, ხოლო ამის საწინააღმდეგო თვისებები სუსტ, უმწეო ჩანასახად? ისიც ხომ შესაძლებელია, რომ ასეთ ადამიანს შეექმნას ზრდა-განვითარების გარემო, რომელიც მძლავრ მონაცემს მძაფრად განავითარებს და სუსტ მონაცემებს კი დათრგუნავს, დაასუსტებს, პრაქტიკულად მოსპობს კიდეც? მაშინ ასეთნაირად ჩამოყალიბებული ადამიანი რა გზას დაადგება და ამ გზაზე როგორ თვისებებსაც გამოამჟღავნებს, მგონი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტიც უნდა იყოს.”

” მიღებულია ვიფიქროთ, რომ ადამიანის ცხოვრება მის, მეტნაკლებად მნიშვნელოვან საქციელთა ჯამია. ყოველი ჩვენგანი განუწყვეტლივ მოქმედებს, ქმნის, ან ანგრევს და ყოველივე ამას, აუცილებლად, ზნეობრივ საფუძველს უმარჯვებს. ჩვენი საქმეების შენობა ჩვენივე ზნეობის საძირკველზე დგას: ერთნი ჯერ მოიქცევიან და შემდეგ ეძებენ, ვერ პოულობენ და ამიტომ თხზავენ თავისი საქციელის გამართლებას. მეორენი იძულებულნი არიან, კანონს თუ საზოგადოებრივ აზრს ანგარიში გაუწიონ; ამიტომ თავის მომავალ ცუდ საქციელს დიდი რუდუნებით ნიღბავენ და უანგარობის სამოსელში ჰხვევენ. მესამენი მომავალ საქციელს ჯერ საკუთარი ზნეობის პოზიციებიდან განიხილავენ და შემდეგ ამოქმედდებიან ან თავს შეიკავებენ. მაგრამ არიან ადამიანები, რომელნიც, ზნეობის გაუთვალისწინებლად, წინასწარ განუსჯელად მოქმედებენ, არც მერე ეძებენ ზნეობრივ გამართლებას და საქციელი კი ყოველთვის სწორი გამოუდით.”

“არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე.”

“ღონიერის წინაშე ქედის მოხრა და მორჩილება სიკვდილის შიში არის.”

“კაცი როგორაა ხომ იცი? ერთ საქციელში ავსაც თუ ხედავს და კარგსაც, ხშირად მარტო ავს მიბაძავს და კარგს არა, ვიცი მე ეს.”

“თუ შიში არ გაქვს, მაშინ არც გზღუდავს არაფერი და გბორკავს რამე და რასაც გული გკარნახობს, იმას სჩადიოდე, იქნება, ყოველთვის. ესაა თავისუფლებ, აბა რა?! აბა თქვი შენ, რიშ ძლიოს შიშს კაცმა, თუ განგებას ამის უნარი არ მიუცია მისთვის?.. ცული უნდა მაგას, ცეცხლი და სატევარი! მაგ ცულს, ცეცხლსა და სათევარ სიკეთე ჰქვია.”

“სიკეთე ის არის, რაც ყველასთვის კარგია. მადლი ქენი, ქვაზე დადე და შედეგს არ დაელოდო.- წადი, სხვა მადლი ჰქენი. სიკეთეც ეს არის და მისი თესვის აუცილებელი პირობაც.”

“თუ ვინმეს უჭირს თავი გაწირე, მაგრამ იხსენი.”

“ზრდადამთავრებული ადამიანი სხვა ადამიანებთან თუ მოვლენებთან ურთიერთობას წინასწარშეთვისებული სტერეოტიპებით ახორციელებს. იგულისხმება საქციელის სტერეოტიპი. განვმარტოთ,სტერეოტიპის აღქმა–შეთვისების პროცესი დაბადებიდანვე იწყება და,ძირითადად, ოცი, ოცდახუთი წლის ასაკისთვის მთავრდება. ამის შმდეგ მიმდინარეობს მათი დახვეწა–რაფინირება, ანუ თვით სტერეოტიპის ქვესტერეოტიპებად დანაწევრება და ეს მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.”

“სტერეოტიპი, პირველ რიგში თანდაყოლილი თვისებებისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების პროდუქტია და ყველა სტერეოტიპი ერთად– ის კომპლექსი, რომელიც ქმნის ადამიანის დამოკიდებულებას, როგორც გარემოსადმი, ისე საკუთარი შინასამყაროს მიმართ. ამგვარად, თუ სტერეოტიპი ერთ რომელიმე მოვლენასთან ურთიერთობის წინასწარ შემუშაებული ხერხია – დამოკიდებულებას მთელ სამყაროსთან ურთიერთობის პრინციპი შეიძლება ეწოდოს.”

”უწინ ძმადნაფიცობის წესი და რიგი ისეთ იყო, თუ ძმადნაფიცი გეტყოდა, წამომყე, საჭიროება მაქვსო– უნდა წაჰყოლოდი და სანამ თავად არ გიამბობდა – ამ და ამ საქმეზე მივდივართო, შენ არ უნდა გეკითხა, სადა და რისთვის მიგყევარო. ამ წესს სათავედ ისა ჰქონდა, რომ ძმადნაფიცი ძმადნაფიცს თავზე ხელასაღებ საქმეზე მხოლოდ მაშინ წაიყვანდა, თუ სხვა გზა მართლად აღარაფერი ექნებოდა. წაიყვანდა და ტყვიასაც ჯერ თავად დაუხვდებოდა. ”

”საქციელისა თუ იდეის პირველსაწყისად მაინც ალღო მიმაჩნია. შემთხვევითობა და ”იღბლიანი” ადამიანი თუ არსებობს კიდეც, მისი იღბლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ განგებამ ალღო დააყოლა.”

”ბოროტების დათრგუნვა განგიზრახავს, მაგრამ იგი ბოროტებითვე ვერ დაითრგუნება. როცა ძალადობას ძალადობითვე სპობ, მართალია, ერთ ბოროტებას ანადგურებ, მაგრამ იმავე ადგილზე რამდენიმე ახალი აღმოცენდება ხოლმე. შენ ამას ვერ ხედავ ან დანახვა არ გსურს. ”

”უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა და ღმრთის მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს. ”

”ხდება ზოგჯერ, ტრიალებს ადამიანის გონებაში ფიქრი, მაგრამ სანამდე სხვა არ ეტყვის პირდაპირ და დალაგებით იმ ფიქრისას, არ აქცევს იმდენ ყურადღებას კაცი.”

”წესიერ ოჯახში ერთი თუ გამოვიდა ბოროტი და უხსენებელი, იმ ოჯახის მეორე კაცს არ აქვს უფლება, ერთის ბოროტება მთელი ოჯახისა და მოდგმის სახელად და სალანძღავად აქციოს. ოჯახის სახელი სუფთა უნდა დარჩეს ხალხის და მომავლის თვალში. გასწავლიდით მე თქვენ: შენს სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ ოჯახის სახეა და გარეთ– შენი ერის! სწორედ ცხოვრება თუ გინდა – ეს არის. ”

” როცა ორმა ადამიანმა ამა და ამ თემაზე საუბარს ერთელ გვერი აუარა – მომავლისთვის გადადო, მესამედ, ვითომ უადგილოდ ჩათვალა, და ბოლოს თვითდინება არჩია, მაშინ, რაც უფრო მეტი დრო გადის, ის საუბარი მით მძიმე, საჩოთირო და შეუძლებელი ხდება. ”

”ადამიანს თუ გულზე რაიმე სადარდებელი აწევს, მაშინ თავის საწუხარზე სხვებთან საუბრის მოთოვნილებაც აწვალებს – უპირატესად ჭკვიან, საქმეში ჩახედულ კაცებთან საუბრისა. ”

”ადამიანი, პიროვნება თითქმის ყოველთვის ტყუის. ხალხი, ერი – ყოველთვის მართალია,.”
”ერთი ბოროტება რომ ხდება, რაიმე, შენს დასანახზე და ხელმისაწვდომზე, მისი მოსპობა ადვილია, ძალიან. ეგ არის, არაფერი საქმე არ არის ეს, სხვაგან უფრო მეტი ბოროტება მოხდება, უეჭველია, მიზეზი თუ არ მოსპე იმ ბოროტების, ბუდე თუ არ დაუნგრიე. ბუდე აქვს ყველაფერს მზის ქვეშ და –ბოროტებასაც. ვოროტების ბუდის დანგრევა დიდი საქმეა ძალიან. ისე დიდი საქმეა ეს, რომ გასაჭირადაც ღირს და სიკვდილადაც.”

”გაწამებულს და გატანჯულს რომ ნახავ ვინმეს, უნდა იღონო რაიმე, რომ ეშველოს იმ კაცს, ადამიანი თუ ხარ. ამას ვშვრებოდი მე, მაგრამ თვითონაც ხომ უნდა გაანძრიოს თავი და ხელი და ხომ უნდა უშველოს თავის თავს და მის ბედში მყოფსაც, სიკეთე და სამართალი თუ უნდა. თვითონ არ გაანძრევს ხელს არასგზით: ერთი –იმიტომ, რომ არ იცის, ვინ ან რა არის მისი გამამწარებელი და გამტანჯველი და მეორე ის, რომ თუ დაანახვე და გააგებინე, – აგერ ეს არის მიზეზი, უბედური რომ ხარ და ამას უნდა მოსპობაო – ვერ შებედავს, მისას ბუზს ვერ აუქნევს ხელს. მისივე სიკეთისთვის როგორ უნდა დავანძრევინო კრინტი, ხელი როგორ გავანძრევინო, ეს მინდა ვისწავლო.”

”ადამიანთა უმრავლესობა ხშირად ამბობს,–რეგვენი ვარო, მაგრამ ისეთს ვერავის იპოვნით, რომ ეს სჯეროდეს. სამაგიეროდ, იშვიათად შეხვდებით ისეთ პატიმარსაც, ვინც რამდენადმე დამნაშვედ მაინც არ თლიდეს თავს და აქ იმის მოტანა შეიძლება, რომ არ არსებობს ნორმალური ადამიანი, ვისაც ცოტათი მაინც სულელად არ მიაჩნდეს თავისი თავი თავის თავთან მარტოს.”

”სიყვარული სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც–რაღცები შენი სიცოცხლისათვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობებს სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი, ამახვილებს სიყვარულს ეს. ”

”მივდივარ, შვილო, მე და იცოდე სამუდამოდ, ავასრულე კაცის დანიშნულება, როგორც შემეძლო, რისი საშუალებაც მომცა ბუნების ძალამ. სათხოვარი და ანდერძი მაქვს შენთან: კაცური კაცის სიცოცხლე ის არის, რომ უნდა იწვოდე კვარივით, სანთელივით, კოცონივით, მზესავით – როგორ ხვედრსაც გარგუნებს განგება, ისე. იმაზეც უნდა იფიქრო, შნ რომ ჩაწრები, წყვდიადმა არ დაისადგუროს ირგვლივ, ან შენ რომ ხარ, მაგ ერთ ფიორა ადგილზე, მაინც, სანამდე ანთიხარ, სე უნდა ენთო, შვილო, რომც სხვაც აანთოს შენმა სიცოცხლემ და აღარ შეიქნება სიბნელე შენი წასვლის შემდეგ. ვიმედოვნებ, ასე იცხოვრებ და მივდივარ დამშვიდებული. თვრამეტი წლისას წააკითხე ბიჭს ეს ბარათი, კატია.”

” ხალხი ხელებია და სტომაქი. ერი– მაღალი ზნეობა და შორსმჭვრეტელობა. ხალხი სულიერსა და ნივთიერ ღირებულებებს ქმნის და ვინაიდან მოთოვნილება ყოველთვის სჭარბობს შექმნილს, მას აქვს დაუოკებელი მისწრაფება მთლიანად შთანთქას არა მარტო ის, რაც თვითონ შექმნა, არამედ ისიც, რაც მანამდეა შექმნილი და შთანთქმას გადარჩენილი. ერი ცალკეულ პიროვნებებში თუ მათ ერთობლიობაში განხორციელებული ის მარადისი სულია, რომელიც ნებაყოფლობით კისრულობს მთელი ეთნიკური ორგანიზმის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებლობას. ერი დამაოკებელი, მომწესრიგებელი საწყისია, სულიერ და ნივთიერ საუნჯეთა დამგროვებელი, მცველი. გახსოვთ? – ”ცხოვრება სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო ზნეობა – ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა” ერის ცნებასა და ზნეობის ცნებას შორის ტოლობის ნიშანი ზის.”

”ერს, ანუ უკვდავების, მარადისობის გამახორციელებელ ძირითად ძალას ის ადამიანები წარმოადგენენ, ვინც ქვეყანას აძლევს ყველაფერს, თუკი რამ გააჩნია და იღებს მისგან მხოლდო იმდენს, რამდენიც არსებობისათვის, ანუ ყველაფრის მისაცემად სჭირია.”

”გადარჩენილი ერები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ფიზიკური არსებობის შესანარჩნუებლად, თვისუფლებისთვის, სულიერი საუნჯის გადასარჩენად იბრძოდნენ და ეს ბრძოლა მათთვის წრთობის პროცესს წარმოადგენდა, ცხოველმოსილების სტიმულატორი იყო. მპყრობელი ერების შემთვევაში სხვა მოვლენებთან გვავქს საქმე: პყრობას, დაოკებას, წინააღმდეგობის ჩახშობას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ასი ხალხის პყრობას– ასჯერ მეტი ძალისხმევა. უსაზღვრო და ამოუწურავი მზისა ქვეშე არაფერია. მპყრობელი ერის ენერგიასაც აქვს თავისი საზღვარი. იღლება, იფიტება, ცხოველმოსილება უდუნდება. ჯერ პყრობის უნარს კარგავს, შემდეგ თავდაცვისას, მერე სხვა ერებში ითქვიფება და ბოლოს არსებობასაც წყვეტს. ”

ავტორი : ჭაბუა ამირეჯიბი