”აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს” – ასე შეიძლაბა გამოვხატოთ დათა თუთშხიას ცხოვრების კრედო. დათა თუთშხიას მსგავს კაცებსო, ამბობს ელიზბარ კარიჭაშვილი ირაკლი ხურციძის ოჯახში გამართულ სუფრაზე, ”ბრძოლის ღირსად ერთადერთი ციხესიმაგრე მიუჩნევიათ – საკუთარი არსება! ესენი დაუნდობლად, უკომპრომისოდ, სამკვდრო – სასიცოცხლოდ ებრძვიან თავის თავს … დათა თუთაშხიასი თუ რამ ვიცი, ყველაფერი მხოლოდ იმას მეტყველებს, რომ ამ ადამიანს ერთადერთი რამ მიუჩნევია ბრძოლისა და დაძლევის საგნად – საკუთარი არსება. განა რა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ამ დიად ომს სახე და შინაარსი შეეცვალოს? … ყველაზე კეთილშობილ, ხანგძლივ და ულმობელ ომს გაუმარჯოს – ომს საკუთარ თავთან.”

საკუთარ თავთან მუდმივი და შეუპოვარი ბრძოლა როგორც მთელ კაცობრიობის, ისე ყოველ ცალკეულ პიროვნების სრულყოფის ერთი უპირველესია.
”დათა თუთაშხიას” წინ უძღვის ვრცელი ეპიგრაფი, რომელსაც მიწერილი აქვს: ”მეთორმეტე საუკუნის ხელნაწერიდან”. მისი ტექსტი გრძელდება ოთხივე კარის სათითაო ეპიგრაფად.
ოდესმე ადამიანს სინდისი საკუთარ მანკიერებათა სამხილებლად ჰქონდა ბოძებული, ძალა – თავისი სულის ხარვეზთა დასაძლევად. სიკეთე – მოყვასთათვის სასარგბლო საქმის ქმნის მეოხებით თავისივე თავის რგებად… მე მეგობარი – სურგრძელობის საზომად, ერი – პირუთვნელი მსახურებისა და მსხვერპლად მისვლის ასპარეზად, ქვეყნიერება – სიყვარულის მიგების სივრცედ.
რომანში საქმე გვაქვს კაცობრიული ცხოვრების ქვაკუთხედებთან, მის უარსებითეს მხარეებთან – სიკეთე და ბოროტება, სინდისი, ძალა, მეგობარი, ერი, ქვეყნიერება. იმ უძველეს და მარადიულ ჭეშმარიტებებთან, რომელთა გარეშე კაცთა მოდგმის არსებობა აზრს დაკარგავდა.
”ჩინური ფილოსოფია ღაღადებს: ”ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა” ცხოვრება შედგება ამაღლებისა და დაცემისაგან. მაგრამ რომ დაეცემი, არ უნდა დარჩე ამ მდგომარეობაში. ისევ უნდა ადგე და სთხოვო უფალს შენდობა და ძალა და კვლავ გააგრძელო ცხოვრების გზა. ისიც ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ძალიან მძიმეა მისი ჯვარი. უფალმა იცის, ვის რომელი ჯვარი მისცეს: ზოგს დიდ ჯვარს აძლევს, ზოგს – მცირეს. ზოგს აძლევს ერის ჯვარს (ერის სიმძიმეს), ზოგს – ოჯახის ჯვარს, ზოგს – ბერობის ჯვარს და ა.შ. და როცა უჭირს ადამიანს ჯვრის ტარება, ამ დროს უფალი თვითონ ეხმარება, იქვე არის უფალი და შეეწევა ამ ჯვრის ბოლომდე მიტანაში. მთავარია, მუდამ გვქონდეს სამი უმთავრესი სათნოება: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, იმედით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი და აი, ამ იმედით უნდა იტვირთოს თავისი ჯვარიც და სხვათაც, შესაძლებლობისამებრ, დაეხმაროს კეთილი საქმეებით” (ილია II-ის ქადაგებანი).
მძიმეა ხვედრი აბრაგისა, რომელიც იცავს დის პატიოსნებას, იცავს ძმის პატიოსნებას, იცავს ოჯახის სინდისს და იმის უფლებაც არაა აქვს, თავისი თავის ერთი ტყვია შეინახოს. ”მამა” დაუძახონ და ოჯახურ სიმყუდროვეში იცხოვროს. მის სიკეთეს ხშირად ბოროტებით პასუხობენ. ბევრი გადაარჩინა სიკვდილს და ბევრს მკვლელობაზე ათქმევინა უარი. ” – არა ჰკლათ კაცი ესე და აჰა, ნიჭი თქვენ გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა”.
რა თქმა უნდა, დათა თუთაშხია არ არის უცოდველი. ყოფილა შემთხვევები, როცა იგი დაეჭვებულა და რწმენის სიმტკიცე შერყევია. სწორედ ამ წამიერ სისუსტით არის იგი ადამიანი და მისი სიკეთის ძალაც ამიტომ გჯერა.
ეფემია წინამძღვარმა დათას მძიმე ბრალდებები წაუყენა: ბოროტების გამრავლებას უწყობს ხელს და გვამში სატანა ჩასვლიაო. დათამ ვერ იმართლა თავი ეფემიას წინაშე. ”მარტო ქადაგება ვერაფერს ხდება. ხედავთ ამას თქვენ. წაიბილწა ერი. ძალაა საჭირო. ”შიში შეიქმს სიყვარულსა,” ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ კმაროდა არასდროს”… დათამაც იცის, რომ ეს პასუხი არ არის. ეფემია წინამძღვარი ვერ დაკმაყოფილდება ამით და არც მიიღებს მას. მაშ რამ აიძულა დათა, ეს ეთქვა? ნუ განვსჯით მას, რადგან მოწამეობრივმა სინანულმა მისცა ძალა დათა თუთაშხიას, მშვიდად შეეხედა ძობა ძიგუას რევოლვერის ლულისათვის და მის ტყვიას დალოდებოდა. დათამ იცოდა, თუ ძობა მოკლავდა ეს იქნებოდა დანაშაულის მოწამებრივი გამოსყიდვა, რაც მტკიცედ ჰქონდა აღიარებული თუთაშხიას. თუ არ მოკლავდა, მაშინ თავად ძობას სულიერი აღორძინება მოხდებოდა. ორივე შემთხვევაში მოწამეობრივი სინანული თავის როლს შეასრულებდა და სიკეთე გაიმარჯვებდა. ქვეშეუცნობლად ამას ძობაც მიხვდა. დათას სულიერი განწყობა მას მთლიანად გადაედო და დამორჩილდა. ამ დამორჩილების წყალობით ძობა ძიგუა ისევ ადამიანად იქცა.
ამ სულიერი მდგომარეობის შედეგია, რომ დათა თუთაშხია საზოგადოებისაგან გაქცეული მაინც საზოგადოებასთან დარჩა, მოყვასისადმი უნდოდ განწყობილი მაინც მოყვასის მოყვარული აღმოჩნდა. სიკეთე არ დაუკარგავს, ბოროტებითა და სიძულვილით არ ავსებულა. ხალხისაგან თავისთავი არ გამოუყვია, ამორჩეულ კაცად თავი არ წარმოუდგენია.
რატომ გადიან ფირალად დათა თუთაშხიას მსგავსი პირები. დათა ყველა ღირსებით შემკული კაცია. ამ კაცმა ჯოჯოხეთის ცხრავე წრე გაიარა და უმადურობისა და ბოროტების მეტი არაფერი უნახავს.
ჯერ იყო და, ბუდარასა და ბუდარიხას დიდი სიკეთე უყო. უსახლკარო, ულუკმაპურო და შიშველ-ტიტველი ცოლ-ქმარი დაასახლა. ოჯახი მოუწყო, ადამიანებად აქცია. ეს იმიტომ გააკეთა, რომ სწამდა – ”შეძლებული კაცისათვის სიკეთე ადვილი საქნელია. სხვა შეხვდებათ ვინმე გაჭირვებული და როგორც მე დავეხმარე მათ, ისე დაეხმარებიან მაგენიც იმ გაჭირვებულს.” მწარედ მოტყუვდა დათა თუთაშხია. როგორც კი პატარა ქონება შეიძინეს ბუდარები საშინლად გაძუნწდნენ, თუ ყიდდნენ რამეს მამასისხლად, თუ არა და არავის ეხმარებოდნენ, სხვასაც კი ჩაგრავდნენ, აშენების მაგიერ. დათას გაწეულმა სიკეთემ სულ დაანგრია ბუდარების ოჯახი. ბუდარიხა ცუდ გზას დაადგა, დახტოდა ხლისტების ერთი ლოგინიდან – მეორეში, ბუდარას კი იმდენი სცემეს ხლისტებმა, რომ სიკვდილის პირას მიიყვანეს.
ერთ ზამთარს დათა თუთაშხია მოსე ზამთარაძესთან ერთად საირმის ტყეში სეთურთან აღმოჩნდა. ამ ლკაცს თავისი ”ფილოსოფია” ჰქონდა. ადამიანებიც დამონებული და დაბეჩავებული ჰყავდა. ვერ აიტანა დათამ სახედაკარგული ბრბოს ყურება და მათ გამოფხიზლებას შეეცადა, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა, სეთურის ხალხმა მადლობის მაგივრად შეურაცხყო დათა და მისი მეგობარი, მოსე ზამთარაძე, თანაც ქალებმა და ბავშვებმა გააკეთეს ეს, რადგან იცოდნენ, რომ მართალია უცხო კაცებს იარაღი ჰქონდათ მაგრამ ქალებზე და ბავშვებზე არ აღმართავდნენ, როცა საზოგადოება ვერ გიგებს , იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ საზოგადოებას, ხალხს უნდა განერიდო, ან მონასტერში უნდა წახვიდე ან ყაჩაღად გახვიდე. დათა ტემპერამენტისა და სულიერი წყობის კაცი მონასტერს ვერ შეეწყობოდა. ისევ აბრაგად უნდა წასულიყო, და წავიდა კიდეც. „პორუჩიკი“ რომ შემოაკვდა, ეს უბრალო ბიძგი იყო. ამ საბესიწერო მკვლელობისათვის დათამ სასჯელიც მოიხადა. დათას ბუნების ადამიანებს სასჯელის არ ეშინიათ, არც გაურბიან. ისინი კანონიერების მომხრენი არიან და დანაშაულისათვის ნებაყოფლობით იხდიან. საქმე ისაა, ყაჩაღობა დათასათვის საზოგადოებისაგან განდგომის ფორმაა.
დათამ ადამიანს უნდობლობა გამოუცხადა. ხალხს განუდგა, მაგრამ ბოროტი არ გამხდარა. ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხია. ესაა მისი ხიბლი და მადლი.
ბუდუ ნაკაშიამ სახლ-კარი გადაუწვა დათას, მაგრამ, როცა რაჟა სარჩიმელიამ შესთავაზა, ერთად ამოვწყვიტოთო ძმები ნაკაშიები, დათამ უარი უთხრა. უფრო მეტიც, ისაკს სთხოვა, წადი და ბუდუ ნაკაშიას ყველაფერი შეატყობინე, ტყუილუბრალოდ არ გააფუჭოს სარჩიმელიამ.
ვახტანგ შალითურმა შეურაცხყო დათა, მაგრამ ესეც აიტანა. არ ისარგებლა თავისი უპირატესობით. თავდაჭერილობით, ზრდილობით, მოთმინებით ასწავლა ჭკუა გათავხედებულ შალითურს.
უნამუსოდ უღალატა და გაყიდა ზარნავამ დათა. მოულოდნელად პოლიცია დაახვია თავს. არც ზარნავას სამაგიეროს გადახდა უცდია დათას. ჩხუბის, აყალმაყალისა და დავიდარაბის მოყვარულმა ძმებმა თოდუებმა უმიზეზოდ და უსამართლოდ სცემეს დათა. ხელიც არ გაუნძრევია აბრაგს. თუმცა მათი გალახვაც შეეძლო და მოკვლაც. მხოლოდ ეს უთხრა ძმებს – ”რასაც თქვენი საქციელით მოიწევთ, იმასაც ვნახავო!”
ერთხელ დათა დურუ მედუქნის გონებასუსტ კიკუს არ მიეშველა და ყაჩაღებს გოგოს გაუპატიურება და დურუდ ოჯახის დაქცევა აცალა. მაშინ აღელვებულმა იასე ბერმა დასწყევლა დათა… მაგრამ დათა სხვაგვარად ფიქრობს: ”თუ სისხლში და მოდგმაში აქვს მაგას, მაინც იზამს, რაც გინდა ქენი შენ”. კიკუმ თავისი გააკეთა, თავიც დაიღუპა და ოჯახიც დაღუპა. ეს მისი ბუნების ბრალი იყო. ადამიანმა ღმერთის ფუნქცია არ უნდა იკისროს. არაფერი გამოვა აქედან. ეს კარგად იცოდა დათამ და ისე მოიქცა, როგორც რწმენა კარნახობდა. დათა რწმენას არასოდეს ღალატობდა.
ამიტომაც დარჩა მთლიანი და გაუბზარავი. … მის სიმართლეს მოგვიანებით ძობაც მიხვდა, ამიტომაც ვეღარ ესროლა ტყვია.
” – დათა ბატონო შემაცდინეს, დაჭირვებამ მაჯობა…” ეხვეწება მეწისქვილე ბონა დათას და სთხოვს, არ მოკლას. იმასაც უმხელს, რომ მუშნის დავალებით მოხდა ეს. დათა ბონას კი პატიობს, მაგრამ არ უნდა მუშნი ზარანდიას ღალატი დაიჯეროს…
ერთხელ მუშნი და დათა მაგალი ზარანდიას ოჯახში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვდნენ ისე, როგორც ძმებს შეეფერებად. მაგრამ დათას ეჭვი მაინც ღრღნიდა და რევოლვერიც თან ჰქონდა ყოველ შემთვევისათვის. მუშნიმ შეატყო ეს დათას, სთხოვა: – მაჩვენე, ვნახო მინდაო. შიგ ერთადერთი ვაზნა იდო. მუშნი მიხვდა, რომ დათა მისგან ღალატს მოელოდა და თავის მოსაკლავად ჰქონდა ეს ტყვია.
მუშნისათვის დათა იმედია, ზნეობრივი სრულყოფაა. დათას წინააღმდეგ გამოყენებული ხრიკებით მუშნი საკუთარ რწმენას ამოწმებს.
დათა არ აძლევს ბეჩუნის უფლებას, რომ გუდუს სიმართლე უთხრას, არ აძლევს უფლებას, რომ ის, როგორც მამა, ისე უყვარდეთ, რადგან ხვდება, რომ, ადრე თუ გვიან ვიღაც მაინც მოკლავს და არ უნდა შვილი გაბოროტდეს… მაგრამ რა გამოვიდა აქედან?
ზარანდიას დავალებით ბიქტორ სამუშიამ ჩააგონა ბუდუს, რომ დათა მოეკლა. ბიჭიც მოტყუვდა. ერთ საღამოს ჩუმად მიეპარა და ესროლა დათას. აქაც ეყო დათას ვაჟკაცობა. ბეჩუნის ეზოდან გავიდა, გუდუს სთხოვა: ფული არ აიღო, გაგაფუჭებსო. კლდეზე ავიდა და იქიდან გადაეშვა ზღვაში, რათა სამუდამოდ გამქრალიყო.
სიკვდილის წინაც სხვაზე ფიქრობს და არა საკუთარ თავზე, მით უფრო, რომ ეს სხვა მისი შვილია, თორემ, ალბად ერჩივნა მისი დაღლილი სხეული მიწას დაბრუნებოდა. მიწა ხარ და მიწად იქეც! ასე კი საფლავიც არ ეღირსა… მისი სიკვდილიც კი კეთილს ემსახურება.
”დაუტევა სულმან თუთაშხიასაგან ხორცნი მიწასა ზედა, აღევლინა ცად, დაჯდა მთვარედ და იქმნე ძე იგი ხორციელ ღმრთად”.
დათა გვარად თუთაშხიაა, თუთაშხია ”მთვარის დღის შვილს” ნიშნავს, მაშასადამე, დათა შვილია თუთაშხა – რაინდისა. წყალი კი, ყოველ მითოლოგიის თანახმად, განახლება – აღორძინებას გულისხმობს… ახლა მეორედ უნდა მოვიდეს, რომ საბოლოოდ გაბატონდეს და დამკვიდრდეს.

წყარო:https://burusi.wordpress.com