დარეჯანის სასახლე ჩიტის ბუდესავით მოჩანს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, რიყის უბნის ციცაბო კლდეზეა დაკიდული. XVIII ს. 70-იან წლებში ერეკლე II-ის მეუღლეს დარეჯან დედოფალს ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია აუგია. ეკლესიის აგების თარიღად 1789 წელია მოხსენიებული.

დარეჯან დედოფლის მიერ აშენებული ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად ერთიან არქიტექტორულ კომპლექტს შეადგენდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული. სასახლისა და მისი კომპლექსის ზუსტ დაგეგმარებას ჩვენამდე არ მოუღწევია. დარეჯან დედოფლის სასახლეს „დარეჯანის სასახლეს“ სხვაგვარად კი „საჩინოს“ უწოდებდნენ.

darejanis-sasaxle

თბილისის არქიტექტორულ ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია „საჩინოს“ – დარეჯანის სასახლის ერთ შემორჩენილ ნაწილს, რომელიც ასე მოხდენილად აგვირგვინებს ძველი ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯს. იგი იმ ძეგლთა რიცხვს ეკუთვნის, რომელნიც შესაძლოა, თავისთავად, მეტად მნიშვნელოვანი ძეგლებია და ძველი ქალაქის საერთო ხედის სილუეტის წამყვანი კომპონენტებია. ამ თვალსაზრისით „საჩინო“ მოსახსენიებელია ნარიყალასთან და მეტეხის კლდის წარბის განაშენიანებასთან ერთად.

darejanis-sasax

დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, ეს სასახლე მისი ეკლესიითურთ შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ და გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლი სკოლები. მიტროპოლიტმა იონამ 1824 წლის 29 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე და დააარსა ამავე სახელობის მამათა მონასტერი.

darejanis-sasaxle

გადმოცემით ცნობილია, რომ ფერისცვალების მონასტერში ბერად აღკვეცილა წმინდა ალექსანდრე (ოქროპირიძე). 1906-1908 წლების მიმდებარე პერიოდში ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია). მონასტერში დაცული იყო წმიდა რაჟდენ პირველმოწამის ნაწილები, რომლებიც ამჟამად სიონის ტაძარშია დაბრძანებული.

კომუნისტური რეჟიმის წლებში ფერისცვალების მონასტერი არ ფუნქციონირებდა. XX საუკუნის 70-იან წ. აქ 26 კომისრების რაიონული მუზეუმი მოთავსებულა. ერთი პერიოდი ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ. შემდეგ აქ ერთი მსახიობის თეატრი დაარსდა და 90-ან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა.

1991 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით აქ დაარსდა დედათა მონასტერი. ტაძრის მოხატულობა რომელიც XX საუკუნის დასაწყისს უნდა ეკუთვნოდეს ქართული არაა და რენესანსის პერიოდისკენაა მიდრეკილი. იგი ეკუთვნის მონასტრის ერთ-ერთ ადრინდელ წინამძღვარს მამა ევგენის. დღესდღეობით კონქი და საკუთხეველი ფერისცვალების მონასტრის მოძღვარმა დეკანოზმა იოსებ ვანიძემ მოხატა. კანკელის ხატები და აღსავლის კარებზე ხარების ხატი კი მხატვარ ვახტანგ ხოშტარიას მოხატულია.

ფერისცვალების ბაზილიკური ტაძარი კრამიტითაა გადახურული, დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სამრეკლო, სამონასტრო კომპლექსი შემოზღუდულია ლოდებით აშენებული გალავნით. კარის თავზე ჩასმულია ფერისცვალების ხატი.

მონასტერი ქალაქში მდებარეობს და ეს გარკვეულ გავლენას ახდენს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მისი შექმნის აუცილებლობა თბილისში, კი თვით ცხოვრებამ მოიტანა. უამრავი ადამიანი, რომელთაც წართმეული ჰქონდათ რწმენა კომუნისტური რეჟიმის სამოცდაათწლიანი ბატონობის პერიოდში დღეს მონასტერს ნუგეშისა და სულიერი დახმარებისათვის მიმართავენ.

მონასტრის წინამძღვარია იღუმენია მარიამი. დედები ცხოვრობენ განსაზღვრული ტიპიკონის მიხედვით, მონასტერში კეთდება სხვადასხვა სამორჩილო საქმეები, ცხვება სეფისკვერი, კეთდება სანთლები და კელაპტრები, არის ქარგვის, ხალიჩის, თექის და სხვა ხელსაქმის სახელოსნოები.

2003 წლის იანვრის თვეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით მონასტრის ტერიტორიაზე გაიხსნა მოწყალების სახლი და მასთან არსებული მოწყალების დების სასწავლებელი. იგი რამოდენიმე სახის სპეციფიური დანიშნულების მქონე დაწესებულებაა. 1. ჰოსპისი (4 საწოლზე) – სადაც თავსდებიან IV კლინიკური ჯგუფის პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ პალიატიური (შემამსუბუქებელი) მკურნალობა და სპეციფიური მოვლა. 2. ეს არის ბაზა მოწყალების დებისათვის სწავლების პროცესში. 3. ფუნქციონირებს უფასო ამბოლატორიული ტიპის მომსახურეობა, მიუსაფართათვის. 4. უფასო სასადილო.

თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი და მასთან არსებული მოწყალების დების სასწავლებელი ცდილობს განაგრძოს თავისი მოღვაწეობა და სრულყოს ხალხისადმი სამსახური ღვთის შეწევნითა და კეთილი ადამიანების თანადგომით.

ფოტოკოლაჟი

დაკავშიერბული ბმულები : https://burusi.wordpress.com

http://www.orthodoxy.ge

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი