თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია. 

თბილისის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესია ბაღია, ყოფილი სამეფო ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი —    წავკისისწყლის ხეობაშია გაშენებული. მდინარე ბაღში გაედინება და მას ორად ჰყოფს — მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებად, რომლებიც ერთმანეთთან სამი ხიდითაა დაკავშირებული. მათგან ყველაზე ძველი თამარ მეფის დროსაა აგებული და მის საპატივსაცემოდ ასეც ჰქვია — თამარის ხიდი.

botanikuri

რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.

მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში (1636 წლიდან), დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული, რომლებიც საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა. მათ შესახებ პირველი, არც თუ მდიდარი ცნობები, მოცემულია ფრანგი მოგზაურის, შარდენის ჩანაწერებში (1672). საქართველოს სამეფო კარის ბაღი ნ. კეცხოველის (1956), მ. გოგოლიშვილისა და ვ. სხიერელის (1986), მ. შენგელიას(1988) გამოკვლევებით, ბოტანიკური ბაღის ფუნქციასაც ასრულებდა.

1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის გადაწვის დროს, ბაღი თითქმის მთლიანად განადგურდა.

1801 წლიდან, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, საქართველოს სამეფო კარის ბაღი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და „სახელმწიფო სახაზინო ბაღი ეწოდა“. 1809 წლიდან კი, კავკასიის მმართველის განკარგულებით, იგი ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობისა და მანუფაქტურის მრეწველობის წამახალისებელ საზოგადოებას გადაეცა, რათა აქ მოწყობილიყო სააფთიაქო ბაღი სამკურნალო მცენარეების მოსაშენებლად, თუმცა, აქ, სამკურნალო მცენარეების გარდა, გაშენებული იყო ვაზი, ხეხილი და დეკორატიული მცენარეები, ჰქონდათ სანერგეც.

1845 წლის 1 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით სამეფო ბაღს „თბილისის ბოტანიკური ბაღი“ ეწოდა, მებაღის შტატიც დაუმტკიცდა და სათანადო პროფილის ამოცანების შესრულებაც დაევალა. მაგრამ, პირველ ხანებში მას არ გააჩნდა საჭირო დაფინანსება, არც საკმარისი რაოდენობის მუშახელი ჰყავდა, რის გამოც ძალიან ნელა ვითარდებოდა და საინტროდუქციო საქმიანობაც ინტენსიურად ვერ ტარდებოდა. ამის მიუხედავად, თითქმის საუკუნის განმავლობაში, იგი ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო კავკასიაში.

1856 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა, ბარიატინსკიმ თბილისის ბოტანიკური ბაღი ხაზინისათვის არამომგებიან დაწესებულებად მიიჩნია და მოქალაქეთა დასასვენებელ და სასეირნო ბაღად გადააქცია.1860 წელს  კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, კარლ ბერის შუამდგომლობით ბაღს კვლავ დაუბრუნდა ბოტანიკური ბაღის სტატუსი.

1883 წელს, ცნობილი დენდროლოგის, ი. მედვედევის ინიციატივით, ბაღის მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რასაც მოჰყვა მოსაზღვრე მიწების შესყიდვით ბაღის ფართობის გაზრდა.

1845-46 წლებში ბაღში გაიყვანეს სარწყავი სისტემა. 1886 წელს მოეწყო მუზეუმი. 1887 წელს გამოიცა ბოტანიკური ბაღის ღია გრუნტის მცენარეთა პირველი კატალოგი (მედვედევის ხელმძღვანელობით). 1892 წლიდან დაიწყეს კავკასიის მცენარეების ჰერბარიუმის შეგროვება. ამავე წელს ჩაეყარა საფუძველი ბიბლიოთეკას.

ბოტანიკური ბაღის თავდაპირველი მიზანი იყო რეგიონისათვის ეკონომიკური და დეკორატიული მცენარეების შემოტანა (ინტროდუქცია), გამრავლება, გაშენების ტექნოლოგიის დამუშავება და გავრცელება.ასეთი მცენარეების ნერგების გავრცელება ბაღმა 1850 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ნერგების გაცემა მოსახლეობაზე უფასოდ ხდებოდა.

1899 წლამდე ბოტანიკურ ბაღს დირექტორი არ ჰყოლია. აქ მუშაობდნენ მხოლოდ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები. ერთ-ერთი მათგანი იყო გერმანელი ბოტანიკოსი და ლანდშაფტის არქიტექტორი ჰაინრიხ კარლ ვერნერ შარერი (მუშაობდა 1861-78 წლებში), რომელმაც 1872-73 წლებში დააპროექტა ე.წ. ფრანგული ორანჟერეა(ფრანგული იმიტომ, რომ ყველა მასალა საფრანგეთიდან იყო ჩამოტანილი. ახლა იქ ყვავილებს აღარ ზრდიან, მაგრამ ამ მყარი კონსტრუქციის ნაგებობას სუფთად კი ინახავენ), სადაც წარმოდგენილი იყო წყლის მცენარეების კოლექცია, მათ შორის იყო ვიქტორიას ერთ-ერთი ჯიში Victoria Cruziana. ეს ორანჟერეა XX საუკუნის დასაწყისში დაიხურა, რადგან მისი შენახვა ძალიან ძვირი ჯდებოდა. 

1899 წლიდან ბოტანიკური ბაღის დირექტორი გახდა ადოლფ როლოვი. სწორედ მისი დირექტორობის პერიოდში ბაღი გადაიქცა მსხვილ სამეცნირო დაწესებულებად, სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიითა და კაბინეტებით, რომელიც, ამავე დროს, ბოტანიკის ინსტიტუტის ფუნქციასაც ასრულებდა.

ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა კოლექციების გაშენებას 1900 წლიდან საფუძვლად დაედო სრულიად ახალი მეთოდი, რომე-ლიც დღესაც კოლექციების განლაგების ძირითად პრინციპადაა მიჩნეული ბოტანიკურ ბაღებში.

1902-1916 წლებში როლოვის მიერაა დაარსებული ბოტანიკური ბაღის ყველა სამეცნიერო განყოფილება და ლაბორატორია, ყველა რეგიონული გეოგრაფიული განყოფილება და საცდელი სადგური სამხრეთ კავკასიაში. მისივე ინიციატივით დაარსდა პერიოდული გამოცემები: Вестник Тифлисскаго Вотаническаго Сада და თბილისის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-გამოყენებითი განყოფილებების ჩანაწერები (1919). 1905 წლამდე ბაღში შრომების მხოლოდ ერთი კრებული _ Труды Тифлисскаго Вотаническаго Сада გამოდიოდა.

როლოვის შემდეგ სხვადასხვა დროს ბაღს ხელმძღვანელობდნენ პეტრე ჟუკოვსკი, ვასილ გულისაშვილი, მამია გოგოლიშვი-ლი და სხვა მეცნიერები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1934 წელს თბილისის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე დამოუკიდებელ სამეცნიერო ორგანიზაციად დაშალეს, მას კი გაუუქმეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტატუსი. მხოლოდ 1943 წლიდან დაუბრუნდა ბაღს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტატუსი და გადავიდა მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში.

დღეს ბოტანიკური ბაღის ფართობი 98 ჰექტარია. დაახლოებით 40 ჰა ნარგაობებს, გზებსა და შენობებს უკავია, 58 ჰა ბუნებ-რივ მცენარეულობას. ადგილობრივი ფლორა საკმაოდ მდიდარია, აქ თავმოყრილია უმაღლეს მცენარეთა 800-მდე სახეობა, რაც თბილისის ფლორის თითქმის ნახევარს შეადგენს. ბოტანიკური ბაღის ბუნებრივი მცენარეულობა მდიდარია საქართველოს ფლორის ენდემური იშვიათი და გადაშენებადი სახეობებით. ადგილობრივი მცენარეულობის ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით.

ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექცია მთლიანად 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს ითვლის. აქედან 1000-მდე სახეობა მერქნიანი მცენარეა, დანარჩენი _ ბალახოვანი. აქ გაშენებულია შემდეგი კოლექციები: კავკასიის მცენარეთა კოლექცია, ხმელთაშუაზღვეთის მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ტყეების ხეებისა და ბუჩქების კოლექცია, წიწვოვანი ხეების კოლექცია, კედრნარი, ფიჭვების კოლექცია, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ფართოფოთლოვანი ტყეების ხეებისა და ბუჩქების კოლექცია, ცენტრალური აზიისა და ირანის მლაშობების მცენარეების კოლექცია, თურქესტანული მცენარეების განყოფილება, პომოლოგიური ბაღი. ხოლო ადგილობრივი მცენარეულობის შენარჩუნების, დეგრადირებული ცენოზების აღდგენის, ბაღზე ბოტანიკურ-გეოგრაფიული და ეკოლოგიური დაკვირვებების მიზნით 1902 წლიდან ბაღის ზედა ნაწილში გამოყოფილია ნაკრძალი ტერიტორიები.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში დაცულია კავკასიისა და საქართველოს იშვიათი და გადაშენებადი სახეობები:  იგივე უთხოვარი, რომელსაც ლათინურად Taxus baccata ჰქვია, ისეთ ადგილებში ხარობს, სადაც სხვა წიწვოვანი ხეები იღუპება, ნელა იზრდება და ხელსაყრელ პირობებში 4 000 წელიც შეუძლია იცოცხლოს(ერთხელ, თურმე, თამარ მეფესთან გლეხები მისულან და უთხოვიათ, ნება მოგვეცი, ტყეში რამდენიმე ურთხელი მოვჭრათო, მეფეს უარი უთქვამს, სხვა რომელი ხეც გინდათ, ის მოჭერით, ურთხელს კი ხელი არ ახლოთო. ის დღე იყო და ის, ურთხელს უთხოვარის სახელი დამკვიდრებია),ბიჭვინთის ბიჭვი, მყრალი ღვია, ძელქვა, ქართული ნეკერჩხალი, დიადი ბოყვი, ლაფანი, ქართული კოწახური, რკინის ხე, კოლხური ჯონჯოლი, კავკასიური აკაკი, შიშველი აკაკი, ლეპტოპუსი , გინგკო ბილობა და სხვები.

ginko-biloba
გინგკო ბილობა
utxeli-utxovari
ურთხელის ხე

xedi-bagze

b bagiii

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს კავშირი აქვს სახვადასხვა ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებთან თესლების დელექტუ-სისა (თესლების სია) და სამეცნიერო ლიტერატურის გაცვლის საშუალებით.

ბოტანიკური ბაღი  2011 წლამდე შედიოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში, მაგრამ მთავრობის 2011 წლის 27 ივლისის დადგენილებით ბოტანიკური ბაღი გახდა დამოუკიდებელი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი. ბაღი იმდენად დიდია და იმდენად ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტის დონეზე ამის მოგვარება ნამდვილად ვერ ხერხდებოდა.

ღირსშესანიშნაობები 

აქ  დაცული 3500-მდე მცენარის სახეობის, ორანჟერიების, მთელ კავკასიაში ყველაზე დიდი და მდიდარი ჰერბარიუმი გარდა, ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებელს ინფრასტრუქტურულად ლამაზად მოწყობილი სანახაობებით იზიდავს.  ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. ამავე ტერიტორიაზე რამდენიმე ჩანჩქერი, რომლთა შორის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი 22 მეტრია, ამ ჩანჩქერის თავზე გადებულია ისტორიული თაღოვანი ხიდი. ის არის რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი რკინა-ბეტონის ხიდი.

chanchqeri

 ბაღში აგრეთვე აღსანიშნავია თამარის ხიდი. თამარის ხიდი არის ხიდების არქიტექტურული ტიპი, რომელიც შენდება ქართული აგურის მშრალი წყობით. ის თარიღდება ადრეული XVIII საუკუნით. არქეოლოგთა ვარაუდით, სწორედ ამ ხიდზე გადიოდა ძველი საქარავნო მარშუტიც.

tamaris-xidi
თამარის ხიდი

ბაღის ტერიტორიაზეა აზერბაიჯანელ მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონი. ამ ადგილზე საუკუნეების მანძილზე თბილისელ მუსლიმთა სასაფლაო იყო და მას გორხანა ეწოდებოდა.  ამ სასაფლაოზე მარხავდნენ ყველა თბილისელ მუსლიმს, ამდენად სასაფლაო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, თუმცა საბჭოთა პერიოდში საფლავთა უმეტესობა ტრაქტორებით მოასწორეს და გორხანაზე მხოლოდ რამდენიმე გამოჩენილი პირის საფლავი დატოვეს. მაშინვე გაანადგურეს სასაფლაოზე მდგარი მცირე მეჩეთის შენობაც. მოგვიანებით ხელუხლებლად დატოვებულ რამდენიმე საფლავს პანთეონის სტატუსი მიანიჭეს. დღეისათვის ბოტანიკურ ბაღში მდებარე აზერბაიჯანულ პანთეონში განისვენებენ მირზა ფათალი ახუნდოვი, მირზა შაფი, აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისელი და სხვები.

ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას, ბოტანიკურის ქუჩიდანაა. ბაღში მეორე შესასვლელი იყო  ლადო ასათიანის  ქუჩიდან 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრილი გვირაბი, მაგრამ 2004 წელს იქ როკ–კლუბი გახსნეს, რომელიც 2009–ში ისევ დაკეტეს და იქ ბოტანიკური ბაღის მხრიდან შესასვლელი ამოქოლეს.ბაღში შესვა ასევე შეიძლება ნარიყალადანაცაა ჩასასვლელი. 

ბოტანიკური ბაღში მისასვლელი ქუჩები, ლეღვთახევის ჩანჩქერი და აბანოთუბანი ტურისტებისთვის არანაკლებ საინტერესო სანახავია.

legvtaxeviv
ლეღვთახევის(წვაკისისწყლის) ჩანჩქერი
kalaubanii
ბოტანიკურის ქუჩა

გალერეა 

წყარო: http://nbgg.ge