ხანდახან მგონია, რომ ჩვენ, ქართველებს, ობიექტური ისტორია არ მოგვწონს და სუბიექტური გვირჩევნია, რაც, კაცმა რომ თქვას, ისტორია არც არის. ჩემი აზრით, ყველაზე მართალი ისტორიკოსი, რომელიც ჩვენ გვყოლია, ჟამთააღმწერელია – მე-14 საუკუნის მოღვაწე, რომლის არც სახელი ვიცით და არც გვარი. მისი “ასწლოვანი მატიანე”, რომელიც აღწერს ეპოქას ლაშა გიორგიდან გიორგი ბრწყინვალემდე, ისტორიული ფიქრის, საზრისისა და კეთილსინდისიერების კლასიკური მაგალითია. სხვა შემთხვევებში ძალიან დიდია კონიუნქტურის ხვედრითი წილი და ხშირად პანეგერიკსა და სიუზერენის ინტერესების გამოხატვას არ სცდება.
ამ ამბის ყველაზე ცუდი გაგრძელება ის არის, რომ თანამედროვე ეპოქაც იგივე ტენდენციას ამჟღავნებს, ოღონდ ამ შემთხვევაში გამორჩეულ ისტორიულ პირთა ხოტბის შესხმა (რაც, ირიბად, თვითკმაყოფილების ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა) რიგით მეორე მოტივაციაა. პირველი რაღაა? პირველი ის არის, რომ, რიგ შემთხვევაში, თანამედროვე ისტორიკოსებსაც ქართველთა “სახის შენარჩუნება” სურთ. კარგი განზრახვაა – მაგრამ არა ისტორიის წერისას.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ქართული სახელმძღვანელოები სცოდავენ. ზოგჯერ მათში ჩვენთვის “სასურველი” (სახის შემნარჩუნებელი) რეალობა იმით იქმნება, რომ ისტორიულ ფაქტს სანახევროდ (უფრო სწორად – ნაწილობრივ) გადმოსცემენ – ასეთი ქმედება სხვების არ მოგვწონს და თავად კი არ ვთაკილობთ. ფაქტი მოთხრობილია იმ მომენტამდე, სანამ ქართველები “კარგად” (ღირსეულად, კეთილშობილურად, გონივრულად) იქცევიან. რაც შემდეგ ხდება და მთლად “კარგი” აღარ არის, არ მოიხსენიება – თითქოს არც ყოფილა.
რაკიღა ამ ბლოგზე მხოლოდ მცირე ტექსტებს ვდებ, მხოლოდ ერთ დამახასიათებელ მაგალითს მოვიტან.
ყველას კარგად გვახსოვს ცოტნე დადიანის ამბავი – ბავშვობაშივე გვასწავლეს. ვიცით, რომ მონღოლებმა ქართველი შეთქმულები დაიჭირეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მცხუნვარე მზისა და მწერების სატანჯველად გაწირეს. დასჯილ შეთქმულთა შორის არ იყო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი – ცოტნე დადიანი. ის თავისი ნებით მივიდა მონღოლებთან, თვითონაც ტანთ გაიხადა და ტანჯულ თანამოძმეებს გვერდით მიუჯდა. როგორც ჩვენს სახელმძღვანელოებში წერია (რასაც, შესაძლოა, თავისი ისტორიული აზრობრივი წინასახეც ჰქონდეს), მონღოლები ცოტნე დადიანის ამგვარმა თავგანწირვამ ქართველთა უდანაშაულობაში დაარწმუნა და მათ ყველანი გამოუშვეს.
ერთი შეხედვით, მშვენიერი ისტორიაა – ლამაზიც და ღირსებით სავსეც, მაგრამ ნუთუ ასე მარტივად არის საქმე? მონღოლები რომ ასეთი მიამიტები ყოფილიყვნენ, განა ნახევარ მსოფლიოს დაიპყრობდნენ? მოდი, ცოტა ღრმად ჩავხედოთ ამ ამბავს.
მონღოლებს არავითარი ეჭვი არ ჰქონდათ, რომ ქართველი შეთქმულები დამნაშავენი იყვნენ მათ წინაშე – როგორც ახლა იტყვიან კრიმინალურ ქრონიკაში, ისინი “ფაქტზე დაიჭირეს” – ასე რომ ცოტნე დადიანის მართლაც თავგანწირული საქციელი მათ ხედვას ვერაფრით შეცვლიდა. ცოტნესაც უბრალოდ არ შეიძლებოდა ჰქონოდა ამის იმედი. მისი ქცევის მოტივაცია გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სიტყვიერი დიალოგის გარდა არსებობს “ქცევათა დიალოგიც”. რა უთხრა მონღოლებს ცოტნემ თავისი საქციელით? დაახლოებით ასეთი რამ: “თქვენ ჩვენ გვაჯობეთ ძალით, მაგრამ ღირსებით ჩვენ გაჯობებთ”. ეს იყო სიკვდილთან გათამაშება, მისი დაცინვა და ამ გზით იმის დამტკიცება, რომ როდესაც საქმე მოყვასს ეხება, ადამიანის მთავარი სასჯელი (სიკვდილი) ქართველს “თამაშად და უჩანს მღერად”. აი, ეს უთხრა მონღოლებს ცოტნემ თავისი საქციელით.
რით უპასუხა მონღოლმა ნოინმა? ეჭვი არ არის, რომ ის მაშინვე მიხვდა, ამგვარი უცნაური ქცევის კონტექსტს – ძალიან გამჭვირვალე იყო და იმიტომ (თუმცა მონღოლები გაცილებით დახვეწილ ამბებსაც კარგად ხვდებოდნენ). დიალოგში მეორე მხარეც სიტყვით კი არა, საქციელით ჩაერთო – ნოინმა ყველა გაათავისუფლა და ამით ქართველებს (პირველ რიგში – ცოტნეს) უთხრა: “ჩვენ გაჯობეთ ძალით და გაჯობებთ ღირსებითაც!”
მთავარი სათქმელი კი ახლა ვთქვათ. რაც აქამდე ვახსენეთ, ყველა ქართულ სახელმძღვანელოში დაწვრილებით არის აღწერილი (ცხადია, ჩემ მიერ ნახსენები “კონტექსტების” გარეშე. სხვათა შორის, ამგვარ კონტექსტს ეხება თავის ერთ ლექსში შოთა ნიშნიანიძე). მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ამბავს გაგრძელებაც ჰქონდა – ჟამთააღმწერელი ხსენებული სიტუაციის აღწერის შემდეგ (პრაქტიკულად მომდევნო წინადადებით!) გვაუწყებს საშინელ ფაქტს – ის ქართველი დიდებულები (ერის “მამები”) რომლებიც ერთმანეთის მხარდამხარ ისხდნენ და იტანჯებოდნენ და რომლებიც მონღოლმა ნოინმა (ალბათ “მცირე ღიმილით”) გაათავისუფლა, რამდენადაც მახსოვს, სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ (დროს არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა) ერთმანეთს დაერივნენ და ლამის დედაბუდიანად ამოჟლიტეს.
აი, ასე ბანალურად დასრულდა “კონტექსტების ომი” – ბანალურად და ჩვენთვის სამარცხვინოდ.
ცხადია, ასეთი ამბები ეროვნული ღირსებისთვის სასიამოვნო არ არის და ჩვენმა ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ “რაც არ ვარგა”, არც უნდა არსებობდეს. ჟამთააღმწერლის “ასწლოვანი მატიანე” რაღაც ადგილებში “კარგია” და ზოგ მონაკვეთში კი “გამოსაფენად” არ ღირს.
ისე, სასხვათაშორისოდ, უნდა ვთქვა, რომ როცა ახალგაზრდა თაობას ერის ღირსებაზე ესაუბრები და პატრიოტად ზრდი, “საშენ მასალად” ტყუილი ან ნახევარსიმართლე არ უნდა გამოიყენო – ღირსება მხოლოდ სიმართლეს ეფუძნება და ამიტომ.

ავტორი – გია მურღულია