იაკობ ხუცესი ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლის „შუშანიკის წამების“ (სრული სახელწოდება – „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“) ავტორია. მისი ცხოვრები შესახებ ბევრი ცნობა არ არის შემონახული. ნაწარმოების მიხედვით ჩანს, იაკობი იყო თავის მიერ აღწერილი ამბების მოწმე და მონაწილე. ის გახლდათ, ქვემო ქართლის პიტიახშის ვარსქენის მეუღლის, დედოფალ შუშანიკის უახლოესი თანამდგომელი, ქვემო ქართლის საპიტიახშოს კარის ხუცესი. იგი იყო გავლენიანი პირი.

იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, შუშანიკთან დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476-483 წლებში, შუშანიკის მოწამებრივი აღსრულის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ცურტაველი გახდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 წელს  საეკლესიო კრებას დაესწრო (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა. “შუშანიკის მარტვილობით” იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის.

ნაწარმოების მიხევით კარგად ჩანს, რომ იაკობ ხუცესს მანამდეც უნდა ჰქონოდა დაწერილი სხვა თხზულებაც. თავად „შუშანიკის წამებაც“ არ არის ჩვენამდე სრული სახით მოღწეული, უნდა აკლდეს დასაწყისი. თხზულებამ განიცადა ცვლილებები მომდევნო ხანის გადამწერთა მხრიდან. მისი ყველაზე ძველი შემორჩენილი ხელნაწერი XI საუკუნისაა. ტექსტში, მაგალითად, აღარ გვხვდება „ხანმეტობის“ კვალი. არსებობს „შუშანიკის“ წამების მეორე, მოკლე რედაქციაც, ისიც XI საუკუნის ხელნაწერითაა შემორჩენილი.

თხზულების ავტორი მეტად განსწავლული და ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა, ის შესანიშნავად გვიამბობს ამბავს, ბრწყინვალედ გადმოგვცემს დიალოგებს, მშვენივრად ხატავს ნაწარმოების გმირთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, აქვს მდიდარი ლექსიკა, ძალიან კარგად აღწერს გარემოს, აღვსილია პატრიოტული გრძნობით და არის სარწმუნოების ჭეშმარიტი მსახური, კარგი მეგობარი. ნაწარმოები არ არის მხოლოდ მშრალი ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც მარტვილის წამების ფაქტებს აღწერს, ის მდიდარი ლიტერატურული ძეგლია, რომელშიც სრული სარწმუნოებრივი კანონების დაცვით, შესანიშნავად მოთხრობილია მოქმედ გმირთა ადამიანური განცდების, ისტორიული მოვლებებისა და მაშინდელი საქართველოს რეალური ცხოვრების შესახებაც.

იაკობ ხუცესი მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატია. ბუნებრივი თხრობა და მოქმედების ექსპრესიული განვითარება, პერსონაჟთა სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი, მხატვრული დეტალების ოსტატური დამუშავება, ცხოვრებისეული მოვლენების შეუფარავად ასახვა და მძაფრი სიტუაციების რელიეფურად წარმოჩენა, ლაკონიური სტილი და მდიდარი ლექსიკა, გმირთა მეტყველების ინდივიდუალობა და დრამატული ინტონაციებით დატვირთული დიალოგები, მაღალი ესთეტიკური-ლიტერატურული გემოვნებითა და შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილი შთამბეჭდავი სახეები თვალსაჩინოს ხდის იაკობ ცურტაველის ტალანტს, ხოლო მის ნაწარმოებს პირველხარისხოვან ქართული ლიტერატურის ძეგლთა გვერდით მიუჩენს ადგილს. ნაწარმოების იდეური მიზანდასახულობითა და ჟანრობრივი სპეციფიკით გამოწვეული შეზღუდულობის მიუხედავად, იაკობ ცურტაველმა ჰარიოგრაგიული ტრაფარეტის ნაცვლად შექმნა მაღალმხატვრული ნაწარმოები. მწერალმა შთამომავლობას მისაბაძ მაგალითად დაუსახა თავისი გმირის სულიერი მხნეობა, შუშანიკი დაგვიხატა მტკიცე პიროვნებად, ქრისტიანობისა და ქართლის ეროვნული ინტერესების დამცველ ქალად, რომელიც წინ აღუდგა სამშობლოს მოღალატე მეუღლის პოლიტიკურ-სარწმუნოებრივ ზრახვებს და ამით დაიცვა არა მხოლოდ ქალური ღირსება, არამედ სარწმუნოება და ქართლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ნაწარმოებში მხილებულია ირანელთა აგრესიული გეგმები და ქართლის ზოგიერთი დიდებულის ანტიეროვნული საქციელი. შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად ნაწარმოებში მოცემულია V საუკუნის ქართლის ყოფა-ცხოვრების უტყუარი სურათები, ასახულია ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, საეკლესიო ორგანიზაცია, ზნე-ჩვეულებები, კულტურული ვითარება. ამიტომ იგი შესანიშნავი ისტორიული წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე საფიქრებელს ხდის, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო იაკობ ცურტაველის შემოქმედების ერთადერთი ნაყოფი. ეს მით უფრო სავარაუდებელია, რომ ავტორს წინასწარ განუზრახავს შუშანიკის ღვაწლის აღწერა. “შუშანიკის მარტვილობა” ადრევე ითარგმნა სომხურ ენაზე, ამ თარგმანის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხური მოკლე რედაქცია. არსებობს “შუშანიკის მარტვილობის” მოკლე ქართული რედაქციაც, რომელიც სომხური მოკლე რედაქციიდანაა თარგმნილი არა უგვიანეს 940     წლისა.
ძეგლი პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882), ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1935), რუსულად – კ. კეკელიძემ (1956), ვ. დონდუამ (გამოქვეყნდა 1978), ფრანგულად – ს. წულაძემ, ინგლისურად – ე. ფულერმა, გერმანულად – ნ. ამაშუკელმა, ესპანურად – მ. იშტვანოვიჩმა. ინგლისური პარაფრაზი ეკუთვნის დ. ლანგს (1956). 1978 ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა “შუშანიკის წამების” 1500 წლისთავი. იუნესკოს გადაწყვეტილებით 1979-1983 აღინიშნა “შუშანიკის წამების” 1500 წლისთავი მსოფლიო მასშტაბით.

შუშანიკის წამება

შუშანიკის წამება- შინაარსი

თამაზ ჭილაძე – შუშანიკის წამების შესახებ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი