ჯეიმს ოსტროვსკი გამოცდილი ადვოკატი და ლიბერტარიანელი მწერალია. იგი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკანონმდებლო მეთოდების კრიტიკისადმი მიძღვნილი ორი საქვეყნოდ აღიარებული ნაშრომის ავტორია. მისი სტატიები მრავალ ჟურნალ-გაზეთშია გამოქვეყნებული: „Wall Street Journal“, „Buffalo News“, „Cleveland Plain Dealer“, „Legislative Gazette“, ხოლო პოლიტიკური კვლევები – ჰუვერის ინსტიტუტის და სტენფორდის უნივერსიტეტის, ლუდვიგ ფონ მიზესისა და აქტონის ინსტიტუტების მიერ არის გამოცემული. ამჟამად იგი ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია და მსოფლიოში ორი უდიდესი პოლიტიკური ელექტრონული გამოცემის მუდმივი ავტორია, კერძოდ Mises.org და LewRockwell.com.

ერთი უდიდესი დაბრკოლება, რაც თავისუფალი საზოგადოების შექმნას ეღობება წინ, ეს არის მთავრობის მიერ განათლების სისტემის კონტროლი. მთავრობა ბავშვებს სკოლაში სიარულს აიძულებს, გადასახადის გადამხდელებს კი უზარმაზარ თანხებს ახდევინებს „უფასო“ სახელმწიფო სკოლების სუბსიდირებისთვის. შედეგი შემაშფოთებელია – მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა, თითქმის 90 პროცენტი, შვილების სახელმწიფო დაფინანსების სკოლებში ტარებაზე უარს ამბობს.

სკოლების სახელმწიფო მონოპოლია მთავრობას ძალაუფლებას მატებს, თავისუფლების საქმეს კი მრავალმხრივ ვნებს. განათლების ხარჯები, როგორც შტატების, ისე ადგილობრივ დონეზე, უაღრესად დიდია. ამერიკელ პოლიტიკოსთა იმ ნაწილის მოსაზრება, რომ მთავრობა უნდა შემცირდეს, მაგრამ სასკოლო სისტემა უცვლელი დარჩეს, ერთობ აბსურდულია. განათლებაზე გამოყოფილი ფედერალური ხარჯები ჯერ კიდევ შედარებით მცირეა, მაგრამ ჯერ სად არის: ეს მხოლოდ დასაწყისია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებული სპეციალური მიზნობრივი ჯგუფების ჩახლართული ქსელის არსებობა, რომელიც მოიცავს: მასწავლებლებსა და მასწავლებელთა გაერთიანებებს, მომწოდებლებს, გამომცემლებს, ადმინისტრატორებს და იმ მშობლებსაც კი, რომლებიც ბავშვებს უსასყიდლოდ უვლიან. სახელმწიფო სკოლების სამი მილიონი მასწავლებელი ძლევამოსილ ეტატისტურ არმიას შეადგენს. ყოველი სუბსიდია ყოველი მომდევნო სუბსიდიის საფუძველია, ამიტომ, საგანმანათლებლო სისტემაში მოქმედი ლობისტური დაჯგუფებები სუბსიდიის ყველაზე ხელსაყრელ ფორმებს ძალიან ელოლიავებიან. ეს სუბსიდიები არა მარტო განათლების მუდმივად მზარდ ხარჯებს ფარავს, არამედ შექმნილი სიმდიდრის დაუსრულებელი გადანაწილების ერთიანი ეტატისტური პროგრამის სამსახურში დგას, რაც საზოგადოებაში ბიუროკრატიული აპარატისა და მმართველობის გაზრდას უწყობს ხელს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სახელმწიფო სკოლები მთავრობას შესაძლებლობას აძლევს თვითონ გადაწყვიტოს, თუ რომელი პოლიტიკური იდეები უნდა ისწავლონ ბავშვებმა. ლიბერტარიანელებს ყოველთვის აშინებთ ის, არსებითად ეტატისტური თვალთახედვა, რაც სახელმწიფო სკოლის მოსწავლეთა და მის კურსდამთავრებულთა დიდი უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. მათ მხოლოდ ის „იციან“, რომ კონსტიტუცია ქვეყანაში ქაოსის გამო დაგვჭირდა, ფრანკლინ დელანო რუზველტმა დიდი დეპრესიისგან გვიხსნა, ხოლო თეოდორ რუზველტმა „ყაჩაღი ბარონებისგან“ დაგვიცვა.

გამგონე ბავშვებს ხალას გონებაში ამგვარ და კიდევ უფრო უარეს იდეებს უნერგავენ. სანამ ჩვენი ლიბერტარიანულ ინსტიტუტთაგან რომელიმე, საწინააღმდეგო იდეას არ მიაწოდებს, მათი გონება თანდათან ცემენტივით მაგრდება. განა თავისუფლების მომხრეთა უმრავლესობას თავისი შეხედულებები ბავშვობაში ან სიყმაწვილეში არ ჩამოუყალიბდა? პირადად მე არც ერთი ადამიანი არ მეგულება, ვინც ლიბერტარიანელი ოცდაათი წლის ასაკის მერე გახდა. ადამიანის აღზრდას მანამდე უნდა მოვკიდოთ ხელი, სანამ ისინი პატარები არიან, მერე კი ამას აზრი არ აქვს. ამჯერად ამ ამოცანის შესრულება უკვე შეუძლებელია.

სახელმწიფო სკოლებში რელიგიის აკრძალვა ეტატისტური თვალსაზრისის გავრცელებას უწყობს ხელს. ყველა ტოტალიტარული რეჟიმისთვის ცნობილია, რომ რელიგია ღირებულებებს სახელმწიფოზე წინ და სახელმწიფოზე მაღლა აყენებს. მაგრამ არც ისეა საქმე, რომ სახელმწიფო სკოლებში რელიგია სულ არ ისწავლებოდეს. თუკი რელიგიაში ზოგადად „ვინმეს უშუალო ინტერესები“ იგულისხმება, მაშინ, ცხადია, სახელმწიფო სკოლების რელიგია ბავშვებს ასწავლის, რომ ყოვლისმწვდომი მთავრობა კაცობრიობის უძვირფასესი განძია. სახელმწიფო სკოლები ყველა რელიგიის სწავლებას კრძალავს, რომელიც სახელმწიფოს გაღმერთებას არ ქადაგებს.

სახელმწიფო სკოლები ცხოვრებისადმი თავისუფალი, სპონტანური დამოკიდებულების ნაცვლად ბიუროკრატიულ აზროვნებას ნერგავს და ამყარებს. ბიუროკრატიული აზროვნებისთვის ცხოვრება მხოლოდ დესპოტური ქცევის წესების დაუფიქრებლად დაცვას გულისხმობს. ამ წესებს კი ბრძანებათა ჯაჭვის სათავეში მყოფნი ადგენენ. დიდი ფიქრი არ არის საჭირო, უბრალოდ, წესები უნდა დაიცვა. როგორც მათი ხასიათიდან ჩანს, ეს წესები ადამიანთა შორის განსხვავებას არ ითვალისწინებს. ყველას ისე ეპყრობიან, როგორც ერთიან მასას.

მოსწავლეებს თორმეტი წლის მანძილზე ასეთი ცხოვრების წესთან შეგუება ბიუროკრატიული სახელმწიფოს გაძლებას აჩვევთ, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე მოუწევთ. მართალია, სახელმწიფო სკოლაში ბევრი უძლებს ამას ისე, რომ გონება არ უზიანდება, მაგრამ დღევანდელ სამყაროში ასობით ათასი ადამიანი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის არც გონებრივად და არც მორალურად აღარ ვარგა. ასეთი ხეიბრები ამა თუ იმ ფორმით წვრილმანი დამნაშავეების, შემწეობის მომლოდინეთა, ნარკომანთა და მათხოვართა რიგებში დგებიან. ბუნებრივია, ასეთი ხალხის არსებობას სოციალური დახმარების უფრო მეტი პროგრამების, მეტი პოლიციის, ციხეების და განათლების ხარჯების გაზრდის მოთხოვნები ახლავს თან! ამ გზით მთავრობა საკუთარ თავზე მოთხოვნილებას ქმნის, რადგან ერთი სახელმწიფო პროგრამის ჩავარდნა მეორეს წამოწყებას აძლევს ბიძგს.

ამიტომ გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ განათლებაზე სახელმწიფოს ამჟამინდელი კონტროლი ეტატიზმის განხორციელების ტოლფასია. თავისუფლების თვალსაზრისით, თუ ეს საფუძველი არ დაიმსხვრევა, არანაირი მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოხდება. როგორ მოვუაროთ ამას? ჩვენი არჩევანი შეიძლება იყოს აჯანყება, რეფორმა ან სკოლის დატოვება. აჯანყებას თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ, დაგვრჩება რეფორმა და სკოლის დატოვება. განა სახელმწიფო სკოლების რეფორმა შესაძლებელია?

არა. რეფორმის ერთადერთი, თუმცა ვარგისი გზა ვაუჩერების შემოღებაა. როგორც ლეველინ როქუელი ამტკიცებს, ვაუჩერები თავისუფალი ბაზრისკენ ვერ წაგვიყვანს. პირიქით, საშუალო ფენისთვის საგანმანათლებლო სოციალიზმის ფორმას ჩამოაყალიბებს. სავაუჩერო სისტემის სახელმწიფო დაფინანსების გამო, ყველა კერძო სკოლა სახელისუფლებო რეგულირებას დაექვემდებარება. მოგეხსენებათ, „ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“.

რეფორმის შეუძლებლობის გამო, საგანმანათლებლო ლობის პოლიტიკურ არენაზე დამარცხება აბსოლუტურად შეუძლებელია. უბრალოდ, ისინი უფრო მეტად ახერხებენ რეფორმის შეჩერებას, ვიდრე რეფორმატორები მის ამოქმედებას. მათ მეტი ორგანიზაციული შესაძლებლობები აქვთ, რომ მეტი ფული, დრო და ენერგია დახარჯონ. ისინი ადრე და ხშირად გამოყოფენ თანხებს. ახლანდელ სისტემას, ისევე, როგორც ეტატისტური სისტემის ყველა სხვა ასპექტს, რაციონალური აპათიისა და რაციონალური უმეცრების კანონები იცავს. რეფორმა ვერ ამოქმედდება და თუნდაც ამოქმედდეს, ის კი არ შეამცირებს, არამედ გაზრდის მთავრობასა და მის ძალაუფლებას.

უახლოეს მომავალში კერძო სკოლები გარდატეხის შეტანას ვერ შეძლებენ, რადგან მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა. ხშირად მათ რომელიმე ბიუროკრატის იმ მოსაზრებით ხურავენ, რომ ისინი ზედმეტად არარელიგიური ან ძალიან რელიგიური, ან არასწორი რელიგიის გამტარებელი არიან.

ამას გარდა, მილიონობით მშობელს სახელმწიფო სკოლების დასაფინანსებლად უკიდურესად დიდი გადასახადები აკისრია და ისინი ძვირიან კერძო სკოლებს ვეღარ გაწვდებიან.

რჩება ერთი გამოსავალი, სკოლის დატოვება. ამას ზოგადად საოჯახო სწავლება ჰქვია. საოჯახო სწავლების მომხრეთა სპონტანურმა ზრდამ, რომელიც დაახლოებით ორ მილიონ მხარდამჭერს ითვლის, უკვე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მე ჯერ ვერ ვიტყვი, რომ საოჯახო სწავლება ყველასთვის იდეალური ფორმაა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთადერთი პოლიტიკური სტრატეგიაა, რასაც სახელმწიფო სასკოლო სისტემის მონსტრის მოსპობა შეუძლია.

მოდით, სახელმწიფო სკოლების პირველი სასწავლო დღე საოჯახო სწავლების ეროვნულ დღედ ვაქციოთ. წარმოიდგინეთ ბიუროკრატ მასწავლებელთა გაოცება, როდესაც პირველ სასწავლო დღეს საკლასო ოთახები ცარიელი დახვდებათ, რადგან უხარისხო სწავლების გამო იქ აღარვინ მოისურვებს მისვლას.

სამწუხაროდ, აქ ადგილი არ გვეყოფა, რომ სახელმწიფო სკოლების წყალობით სანახევროდ განათლებულ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სავალალო ვითარება სრულად აღვწეროთ.

ჯეიმს ოსტროვსკი-1950წ

წყარ   www.nplg.gov.ge

          www.mises.org