ათონის ივერთა მონასტერი

0
7746

        ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთულ კერათა შორის ერთოვნული მწერლობის განვითარებისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელობა ჰქონდა ათონის სავანეს. თუ ქართული მწერლობა უაღრესად განვითარდა XI_XII საუკუნეებში, ეს ივერთა მონასტერში მოღვაწე მამების  უდიდესი დამსახურებაა. მონასტერში თავმოყრილი იყო ქართველთა საუკეთესო კულტურული ძეგლები. აქ ითარგმნა და გადაიწერა იმ განძის უდიდესი ნაწილი, რომლითაც ცვნი მწერლობის ისტორია ამაყობს. ათონზე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო, საგანმანათლებლო და საკალიგრაფიო სკოლა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს წარსულში. კ. კეკელიძე ასე აფასებდა აქაურ ქართველ მოღვაწეთა სავანეს: “…მუდამ მატარებელი იყო ქართული ეროვნული იდეისა საბერძნეთში და რომელიც გადაიქცა იმ წყაროდ, საიდანაც ჩვენში უხვად მოდიოდა მოწინავე კულტურის ნაკადი. თუ ქართული მწერლობა უაღრესად განვითარდა XI­XII საუკუნეებში, ეს ივერიის მონასტრის მეოხებითაც, სადაც თავმოყრილი იყო ქართველთა საუკეთესო კულტურული ძეგლები, რომელთაც მიზნად დაისახეს გაეცნოთ თავიანთ თანამემამულეთათვის დასავლეთის ლიტერატურული სიმდიდრე და მემკვიდრეობა.

        მონასტრის მდებარეობა

      ათონის წარმოადგენს მთის მასივს, სიგრძით 50 კმ, სიგანით 5­10 კმ ქალკიდონის ნახევარკუნძულზე, მაკედონიაში, რომელიც ვიწრო ყელით ზღვას უერთდება. ზღვის დონიდან ათონის უმაღლესი წერტილია 1935 მეტრი. ათონის მთის მიდამოები დამშვენებულია ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, ირგვლივ კი ნაირფერი ფოთლოვანი ტყე აკრავს. მთა ლამაზია, თბილი და ჯანსაღი ჰავა კიდევ უფრო მიმზიდველსა ხდის მის მიდამოს. ათონზე იყო ზევსის კერპთა სამლოცველო, სადაც მიდიოდნენ კერპთაყვანისმცემლები ყოველი მხრიდან თავიანთი ბედის შესახებ პასუხის მისაღებად. ათონს ბერების რესპუბლიკას ეძახიან. მთაზე 21 დიდი მონასტერია, 11 სავანე, 250 სენაკი და 150 დიდი დასახლება. სხვადასხვა ეროვნების ხალხს აქვს აქ მონასტრები: ქართველებს, რუსებს, სერბებს, ბულგარელებს, ბერძნებს, მცირე აზიის ხალხებს. ამ ბერთა რესპუბლიკაში 8000 ბერია, თითოეულ სავანეში 60­მდე სახლია, ხოლო თითოეულში 4­5 ბერი ცხოვრობს. ათონის ბიბლიოთეკებში 13000­ზე მეტი საინტერესო ხელნაწერია. 680 წლის მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებით (მე­18 და 42­ ე მუხ. ძალით) საბერძნეთის არქიპელაგზე, სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ბერები შეკრიბეს და მისცეს საცხოვრებლად ათონის ნახევარკუნძული. იმპერატორმა კონსტანტინემ დაამტკიცა მსოფლიო კრების დადგენილება, გაათავისუფლა ბერები პატრიარქისაგან და მეფეებს დაუმორჩილა. პირველი მცხოვრები ათონზე იყო წმ.პეტრე ათონელი.

ათონის წმინდა მთა

              პირველი ქრისტიანი მოწესენი ათონზე VIII -IX საუკუნეებიდან ჩანან.  870 წელს იოანე კოლოვუმ დააარსა პირველ სავანე, ხოლო მომდევნო ხანაში სამონასტრო მშენებლობა ისე შესამჩნევლად გაიშალა ერთიმეორის მიყოლებით იმდენი მნიშვნელოვანი სავანე აღმოცენდა, რომ მალე ათონის მთას მთაწმინდა ეწოდა.

             ქართველები ათონზე 787 წელს მივიდნენ, კონსტანტინეს და ირინეს მეფობის დროს, ააშენეს ათონზე საერთო საცხოვრებელი, სავანე ­ ახლანდელი ივერიის მონასტრის პირველი შენობა. ათონის ივერთა მონასტრის დამაარსებელი და ორგანიზატორი იყო ტაო­კლარჯეთის მკვიდრი, დიდი ოჯახის შვილი იოანე (ერისკაცობაში ვარაზ ვაჩე) ჩორჩანელი ­ ხურსიძე, რომელსაც ეხმარებოდნენ მისი შვილი ეფთჳმე და გიორგი მთაწმინდელი. ადრე სამივენი ტაო ­ კლარჯეთის სავანეთა მოღვაწენი იყვნენ. სამცხელი იოანე გამოჩენილი მხედართმთავარი იყო მეფე დავით კურაპალატის დროს. იოანეს მიუტოვებია სახლი, დიდება, სიმდიდრე, ნათესავები და ჩუმად წასულა, ბერად აღკვეცილა, შემდეგ მცირე აზიაში ულუმბოს მთაზე გადასახლებულა, სადაც ქართველები მოღვაწეობდნენ. იქიდან კი ათონის მთაზე დამკვიდრებულა ათანასე დიდის ლავრაში. ცოტა ხნის შემდეგ მასთან მივიდა ცნობილი თორნიკე (ერისთავი), მას მიჰყვნენ სხვებიც. ათანასეს ლავრამ ვერ დაიტია მრავალრიცხოვანი ქართველი ბერები და ქართველ ძმათათვის ლავრის მახლობლად იოანე მახარობლის ეკლესია და სენაკები ააშენეს.

ათონის ივერთა მონასტერი

     965 წეკლს დაარსებულ ათონის ივერთა მონასტერს თავიდაპირველად იოანე ხელმძღვენელობდა. მან ენერგიულად იწყო ზრუნვა ქართული სავანის გამტკიცება-გაძლიერებაზე. შეიძინა მამულები, უზრუნველყო მონასტერი შემოსავლით. იოანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ქართველთა მონასტერს ეფთჳმე ათონელი ხელმძღვანელობდა. იგი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იოანეს ავადმყოფობის გამო უძღვებოდა ქართული სავანის მთელ საქმიანობას. მისი წყალობით იქცა ათონის სავანე არამხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა ძირითად საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერად.

     ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ეფთჳმეს სიცოცოხლეში გამოირჩეოდა, არამედ მომდევნო პერიოდშიც კარგა ხანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. იქ გრძელდებოდა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელშიც მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ეს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ დამკვიდრდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი ათონელი, რომელმაც განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ეფთჳმეს მიერ წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივირონის წინამძღვრად იყო. ის მრავალმხრივ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა და ენერგიულად ხელმძღვანელობდა ქართული სავანის ბინადართა საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებას საქართველოს სამეფო დახმარებითა და ხელშეწყობით მან ათონის ქართველთა მონასტერი გაამდიდრა, განამტკიცა და გააძლიერა, აღმშენებლობითი სამუშაოც ჩაატარა და მამულებიც შემოიმატა-შემოიმტკიცა.

        ათონის ქართველთა მონასტერს სამი მხრიდან ტყე აკრავს, მეოთხე მხარეს ­ ფართო სათიბები აქვს. მონასტრის კედლები მარმარილოსია, კანკელი და საკურთხეველი მოოქროვილია. ასევეა წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. მონასტერს გარედან მაღალი ქვის კედელი აქვს. შიგ კი არის ტაძრები: მიძინების, ღვთისმშობლის, მთავარანგელოზისა, წმ.ნიკოლოზ სასწაულმოქმედისა და 16 სხვა პატარა ეკლესია. 1955 წელს კიდევ იყო ათონის ქართველთა მონასტერში ორი ქართველი ბერი ­ გაბრიელი და გიორგი. ათონის ივერთა მონასტერი საბერძნეთს არ ემორჩილებოდა. იგი ქართველი მეფეებისა იყო და მათი შეწირულებით არსებობდა. 200­ზე მეტი კომლი გლეხი ჰყავდა შეწირული თავისი უძრავ­მოძრავი ქონებით. ქუთაისიდან, ასკანიდან, გორიდან, ცხინვალიდან, დიდ და პატარა საქობოდან, ნუკრიანიდან და სხვ. თავიანთი სახნავ­სათესი მიწებით, ვენახებით, ხილის ბაღებით, წისქვილებით. მარტო სიღნაღში 246 ნაკვეთი ბაღი ჰქონდათ. შემოსავალი განსაზღვრული იყო, როგორც ფულადი რაოდენობით, ისე ნატურით: ღვინო, პური, სიმინდი, ლობიო; თაფლი და სხვ. გარდა ამისა, ათონის მახლობლად ქართველებმა შეიძინეს ადგილები 42 კომლი ქართველისათვის, რომელიც ივერიის მონასტერს და ღვთისმეტყველ სკოლას მოემსახურებოდა. ათონის მონასტერი მისი მესვეურების წყალობით, სამწერლობო ­ სამეცნიერო დაწესებულებებად იქცა. ათონში სამწერლობო მოღვაწეობას დიდი პატივი ედო და ღვთისმსახურებას სჭარბობდა კიდეც. ათონის წესდებიდანაც ჩანს, თუ რამდენად ხელშემწყობი პირობები იყო ათონში სწავლულთათვის. მხოლოდ სწავლულთ შეეძლოთ ზეთის ყიდვა კანდელის ასანთებად, წასაკითხად და საწერად; მთელი მონასტერი ღამღამობით წყვდიადით იყო მოცული. ღამის მყუდროება და სიჩუმე სუფევდა მონასტერში, მხოლოდ აქა ­იქ მკრთალი სინათლეები სენაკებში მოწმობდნენ, რომ ამ მონასტერში ჩუმი, მაგრამ დაუღალავი, თავგანწირული გონებრივი მუშაობა იყო გაჩაღებული; მონასტერში მოღვაწეობდნენ დიდი პატრიოტები, სამშობლოს ღრმა და გულწრფელი სიყვარულით აღფრთოვანებულნი საქართველოს მნათობნი. გამოჩენილი მეცნიერი ბერები. მთელ თავისუფალ დროს კეთილშობილურ სამწერლობო მოღვაწეობას ანდომებდნენ. იჭირვებდნენ, ღამეს ათევდნენ და უმეტესი მათი ნაშრომები ღამით სინათლეზე შეუქმნიათ.
მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა ათონის ქართველთა მონასტერში გრძელდებოდა გიორგი ათონელის მომდევნო წინამძღვრების თეოდორესა და განსაკუთრებით გიორგი ოლთისარის დროსაც.
XI საუკუნიდან  ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ დევნა-შევიწროებას, რამაც ათონზე  ათონის ქართველთა მონასატერში მდგომარეობა გაართულა და იქაურ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა შეასუსტა.
1259 წელს ათონის ნახევარკუნძული, კერძოდ იქაური მონასტრები დაარბიეს ჯვაროსნებმა. მტერს ვერც ივირონი გადაურჩა. იმავე საუკუნის 80-იან წლებში ათონი ერთხელ კიდევ დაარბიეს მომხდურებმა, რომელთაც ბერებს კათოლიკობის შეწყნარება და რომის პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. ათონელები არ დაეთანხმნენ მოძალადეთა წინადადებას, რის გამოც სასტაკად დაისაჯნენ.
XIV საუკუნის დამდეგს ათონი რამდენიმეჯერ იქცა მტრის სათარეშო არენად. არაბმა მეკობრეებმა უმოწყალოდ გაძარცვეს ქართული სავანე და მთავარი ტაძრის დანგრევაც კი განიზრახეს, მაგრამ მარმარილოს სვეტები ადგილიდან ვერ დაძრეს, გუმბათიანი ნაგებობის ჩამოქცევა ვერ მოახერხეს.
XVI საუკუნის დამდეგისათვის ქართველთა დახმარებამ და შეწირულობამ რამდენადმე შეცვალა ათონელთა მდგომარეობა. გაჩაღდა აღმშენებლობითი საქმიანობა და დანგრეულ ნაგებობათა აღდგენა-განახლება.
XVII საუკუნიდან ათონელებს კვლავ ეხმარებოდნენ თანამემამულენი, ივერთა მონასტერში გრძელდებოდა აღდგენით-აღმშენებლობითი სამუშაოები.
XVIII საუკუნეებში ათონს ეწვია არაერთი მოღვაწე, რამდენიმეჯერ იყო გამოჩენილი მწერალი და მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი. მან შეისწავლა ათონის სიძველენი, გამოიკითხა ზეპირი ტრადიციული ცნობები, გამოიყენა წერილობითი წყაროები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ მონასტერს ვრცლად აღწერა დიდი ტაძარი. ხუროთმოძღვრებისა და ფერწერის ნიმუშები დაათვალიერა და შეაფასა ისტორიკოსის თვალით.
XVIII საუკუნეში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქართველებმა ათონისადმი დახმარება შესამჩნევად შეამცირეს, მაგრამ სულ არ დავიწყებიათ ძველი სავანე. ძღვენით, ყმა-მამულისდ შეწირვით, ძველი მამულების დამტკიცებითა და ადრინდელი უფლებების აღდგენით მას დაეხმარნენ თეიმურაზ II, სოლომონ I, ერეკლე II.
XIX საუკუნის დამდეგიდან, ქართველთა მდგომარეობა ათონზე მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა დაკარგა მფარველ-შემწენი. ქართველ მეფეთა სახით, ხოლო ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა. ბერძნებმა ათონელი ქართველები უფრო მეტად შეავიწროეს. ამიერიდან რუსეთი უნდა დახმარებოდა გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველობას, მაგრამ დასავლეთის ამბებმა, მძაფრმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, სამამულო ომმა მისი ყურედღება ჩამოაშორა ათონს. ამით ისარგებლეს ბერძნებმა და მტკიცედ დამკვიდრდნენ ივერთა მონასტერში.

     ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოვალგვარ ზღვარს გასცილდა. ბერძნებმა ქართველთა ტაძრის მისაკუთრება არ იკმარეს, დაიწყეს მონასტერში ქართული კვალის განადგურება . 1883 წელს მათ მონასტერში დახატული ქართველი მეფისა და დედოფლების სახელები გადაშალეს და ბერძნის დააწერეს თითქოს მათი მეფეები ყოფილიყოს. 1972 წელს საბერძნეთის მთავრობამ გააუქმა ათონის ათასწლოვანი ავტონომია და იგი თავის ინტერესებს დაუმორჩილა. რამდენიმე წლის შემდეგ საბერძნეთში სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლის შედეგად ათონი ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკად იქცა.

ათონის მთაზე მოღვაწე მამები

        ათონის მთაზე მოღვაწე მამებს შორის იყვნენ გამოჩენილი მოღვაწეები; იოანე გრძელიძე, იოანე ­და ეფთჳმე მთაწმინდლები, წმ.არსენი ­ ნინოწმინდელი ეპისკოპოსი, ღირსი იოანე ხახულელი ­ ქართველ ოქროპირად წოდებული, ზაქარია მირდათის ძე, არსენი (მხოლოდ არა იყალთოელი და კათალიკოსი, არამედ სხვა კალიპოდან), გიორგი მესვეტე ­ გიორგი მთაწმინდლის მოძღვარი, ილარიონ დიდი თულალელი ­ მასწავლებელი და მოძღვარი წმ.ეფთჳმესი, წმ.გიორგი მთაწმინდელი, იოანე ­ ყოფილი პატრიკი, სტეფანე გიორგი ოლთისარი, ბაგრატ მეფის შვილი ­ ვასილი, იოანე ფილოსოფოსი ­ ცნობილი პეტრიწონელი, ნეტარი ეფრემ მცირე, ღირსი თეოფილე, არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჭის ძე და სხვები.

ოანე-ექვთივე-და-გიორგი-ათონელები
ოანე-ეფთჳმე-და-გიორგი-ათონელები

 

    ეფთჳმე ათონელი ამბობს: დავამთავრე ესე ნუსხა და ვინც წაიკითხოთ მაპატიეთ, წერის ზომისათვის შემინდევით: „უცოლო ვიყავ და უფროისი ღამით მიწერიაო”. მონასტერიც განმსჭვალული იყო ამგვარი მისწრაფებით. როცა ათონელი ბერები დარწმუნდნენ, რომ ეფთჳმე მამასახლისობისა და სამონასტრო საქმეების გამო წიგნების თარგმნას ვერ ასწრებდა, ბერებმა ურჩიეს, წინამძღვრობისათვის თავი დაენებებინა. წიგნის თარგმნას ათონელ ბერთა შეხედულებით, უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე მონასტრის გამგეობასა და მამასახლისობას, იმიტომ, რომ მაშინ მთარგმნელობა უფრო საჭირო იყო სამშობლოსათვის. ამ კეთილშობილურ საქმეს სამასამდე ბერი ემსახურებოდა.

სამწიგნობრო სკოლა

   ათონის მთაზე ითარგმნა და გადაიწერა უმეტესი ნაწილი იმ კულტურული განძეულობისა, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ძველი მწერლობის ისტორია. ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, ბიბლიის ტექსტები (რომლებმაც კანონიკური უფლებაც მოიპოვეს). საგულისხმოა ისიც, რომ ქართულ ენაზე არსებული აქაური ლიტერატურა ითარგმნებოდა ბერძნულ თუ სხვა ენებზე. აქ, ათონზე, შეიქმნა და ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო, საგრამატიკო და საკალიგრაფიო სკოლა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს წარსულში. ერთი სიტყვით, არც ერთ სამონასტრო დაწესებულებას ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩვენი მწერლობისა და კულტურის ისტორიაში, როგორიც ათონის ივერთა მონასტერს, უიმისოდ ჩვენი კულტურის ისტორიას, შეიძლება, სხვა სახე და ხასიათი მიეღო”.

  მონასტრის უდიდესი მწიგნობარი იყო ეფთჳმე ათონელი. იგი იქაური კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის ინიცაიტორი და სულისჩამდგმელი იყო. არ დარჩენილა ქართული საეკლესიო-სასულიერო მწერლობის არც ერთი დარგი, რომ მის განვიტარება გამდიდრებაში არ მიეღოს მონაწილეობა ეფთჳმე ათონელს. იგი წერდა ორიგინალურ თხზულებებს ქართულად და ბერძნულად, ეწეოდა ორმხრივ მთარგმნელობით საქმიანობას.

     ათონის ივერთა მონასტერში დაიწერა ბევრი ორიგინალური თხზულება,  ამ მხრივ, განსაკუთრებით ფასეულია ეფთჳმე ათონელის მიერ ქართულიდან ბერძნულად ნათარგმნი „სიბრძნე ბალავარისი” – აგიოგრაფიულ-მორალური და ასკეტურ-დოგმატური ხასიათის თხზულება, რომელიც წარმოადგენს ბუდას ცხოვრების გადმოკეთებას საქრისტიანო მოთხრობად.ეფთჳმემ , მამის დაკვეთით  თარგმნა , კლემაქსი“, ,,ანდრიას მიმოსლვა“, მაქსიმეს ,,სწავლანი“, ,,დიმიტრის წამება“, გრიგოლ ნოსელის ,, ტქმულნი“ და სხვა.

    უმნიშვნელოვანესია გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი ოთხთავის რედაქცია, და საღვთისმსახურო დანიშნულების ძეგლები და კრებულები, რომლებიც დღემდე წარმოადგენენ ქართული ეკლესიის სახემძღვანელო წიგნებს. მანვე დაწერა ეფთჳმესა და იოანეს ცხოვრება და მოღვაწეობა,იგი უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის ათონის ივერთა მონასტრის დაარსების შესახებ.

     გიორგი ოლთისარის წინამძღვრობისას ათონზე შეადგინეს კრებული, რომელიც ,,ათონის კრებულის“ სახელითაა ცნობილი. კრებულში შესულია: წმ. იოანეს და ეფთჳმეს ცხორება , წმ ილარიონ ქართველიც ცხოვრება, და სხვა.

ათონის კრებული
ათონის კრებული

   ათონის ივერთა მონასტერი ბიზანტიაში იყო ქართული სულიერი კულტურის მძლავრი კერა, ქართული ეროვნული იდეის მატარებელი. მთელს ათონზე გაბნეულია ქართული წიგნები და ნივთები. მაგრამ სულ სხვაა ივერონი, ესაა ქართული კულტურის ცენტრი. უამრავი ქართული ეროვნული, ისტორიული, საეკლესიო ნივთით, შენობით, წიგნით, რომელშიც შესვლაც სამწუხაროსდ ქართველისათვის ძალზედ გაძნელებულია.

ათონი დღეს

     როგორც ქართველი ტურისტები გადმოგვცემენ, ამჟამად ათონის მონასტერი ასე გამოიყურება: ზღვიდან იგი გამაგრებულ ციხე ­ სიმაგრეს ჰგავს, კომპლექსს მთლიანად ხშირი ტყე ფარავს. ნავსადგურიდან მარჯვნივ მაღალი კოშკია, მარცხნივ კი ­ მეორე, უფრო დიდი სიმაგრე. მასაც, როგორც ყველა ქართულ მონასტერს, ბაღ­ ბოსტნები აკრავს, აქვს ვენახებიც. მონასტრის ვრცელი ეზოს შუაგულში ეკლესია დგას. ამ კომპლექსის ნაგებობები ოთხკუთხ მოედანს ქმნიან; აქ განლაგებულია ბერთა სენაკები, კელიები და სტუმრებისათვის მისაღები დარბაზები. პირველ დარბაზში წმ.ნინოს სურათია, მასზე გამოსახულია მარჯვნივ წმ.ნინო და ხალხი, მარცხნივ ­ მუხლმოდრეკილი მირიან მეფე თავისი დიდებულებითა და ლაშქრით. სურათს აქვს პატარა წარწერა “საბინინი”. აქვეა ამავე მხატვრის მიერ შესრულებული „მცხეთის სვეტიცხოველი“. მონასტრის გარეთ შენობებია მეურნე მუშებისათვის. აქვეა წყარო, აუზი ნაკურთხი წყლით, გადახურული ფანჩატური, ფუტკრის სკები. ქართული მონასტრის შენობები ფერითაც გამოირჩევიან. ჭარბობს წითელი, იისფერი, მარწყვისფერი და ლურჯი. ყველა მონასტერს აქვს მაღალი სამრეკლო, საიდანაც ზარის ხმა იშვიათად მოისმის. მის მაგივრობას ასრულებს ქსილომანდრონი ­ ეს არის გრძელი დაფა, რომელზედაც ბერი ხის ჩაქუჩით ურტყამს და მისი ხმა შორს გაისმის. ყოველ ღამე, ორ საათზე, მოისმის ეს ყრუ ხმა. ამ დროც კელიებში ინთება სანთლები და ბერთა შავი აჩრდილები ეკლესიისკენ მიიჩქარიან. გარეთ სიწყნარეა, ხოლო მონასტერში გაისმის ბერთა გალობა. ერთი საათის შემდეგ ბერები უკან ბრუნდებიან. მაგრამ გათენებამდე ისევ გაისმის ზარის ხმა და ისევ იწყება ლოცვა, შუადღემდე ორი წირვაა; საღამომდე კიდევ ერთი წირვა და ასე დაუსრულებლივ. დიდ დღესასწაულებზე კი გამუდმებული წირვა ­ ლოცვაა. დღის 2­დან 4 საათამდე ათონზე ყველას ძინავს, ბერებსაც და მუშებსაც. რაც შეეხება სამწერლობო, სამეცნიერო­კულტურულ საქმიანობას, ათონზე კარგა ხანია ამისათვის თავს არავინ იწუხებს. დღეს მონასტრის დანიშნულება მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვა ­ შენახვაა. ჯერ კიდევ 1880 წელს ქართველი მოგზაური ბარკალაია ყოფილა ათონზე და უნახავს, რომ ქართულ ხელნაწერთა ფურცლებს ბერძენი ბერები ბოთლების დასაცობად ხმარობდნენ. მასვე უნახავს კონსტანტინეპოლში ბაზარზე ათონის მთიდან გამოტანილი ქართული ხელნაწერები. დღეს ათონზე ქართულ ხელნაწერთა განყოფილებაში ბლეიკისა და დუმენილის შედგენილი ორი კატალოგია. ყველა ხელნაწერს თავისი ნომერი აქვს, ყდაში ჩასმულია და მათი უმრავლესობა პერგამენტზეა გადაწერილი. ქართულ ბიბლიას (ხუცური) აქვს წარწერა მხედრულით ,,წავიკითხე და განვიხილე წიგნი ესე აქა მთასა წმინდასა ყოფნას ჩემისა. პლატონ იოსელიანი”. აქვეა 987 ოშკის ბიბლიის უძვირფასესი ხელნაწერი, ლ. მენაბდის ცნობით, 1849 წ. პლატონ იოსელიანს იგი ათონიდან თბილისში ჩამოუტანია და ორ ცალად გადაუწერია; ერთი ­ სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანისთვის უბოძებია, მეორე ­ თბილისის სიონის ტაძრისთვის. შემდეგ ეს ბიბლია ისევ ათონზე დაუბრუნებიათ. ათონზეა 913 წ. ოპიზის სახარება. აქვეა ტაო ­კლარჯეთის ქართულ მონასტრებიდან წაღებული ქართული ხელნაწერები. (მე­16 ს. ეს მხარე ოსმალებმა დაიპყრეს. იქაურ ბერებმა თავიანთი ხელნაწერებით ათონს მიაშურეს). ივერთა მონასტრის ზემო სართულში ნაბეჭდი წიგნების განყოფილებაა, დერეფანში კი ვიტრინები ­ ქართული ხელნაწერებით. მონასტრის მაღალი კოშკები წინათ სამეთვალყურო მოვალეობას 8/23/2016 ათონის ივერთა მონასტერი ­ ბ. კანდელაკი ასრულებდნენ, დღეს კი ­ ზოგში ბიბლიოთეკაა, ზოგი კი უბრალოდ სამეურნეო სათავსოებადაა გამოყენებღლი. უკანასკნელი ქართველი ბერი ათონზე, ტიხონ ფაღავა 1956 წ. გარდაცვლილა, 90 წლის ასაკში. სიკვდილის წინ, ეკლესიის კედელზე ამოუჭრია გვარი ­ ფაღავა, ქართულ ენაზე. ამჟამად ათონის ივერთა მონასტერს ათანასე ბერი განაგებს. (ეროვნებით ბერძენი, თბილისში ყოფილა 1960 წ. სიონში). 1927 წ. ბერძნული კონსტიტუციის ძალით ათონის ნახევარკუნძულზე საბერძნეთის უზენაესობაა გამოცხადებული, მაგრამ ათონის შინაგან მმართველობაში საბერძნეთი ვერ ჩაერევა, ასე რომ, ათონი არსებითად თეოკრატულ რესპუბლიკას წარმოადგენს, მას ოთხი ბერი განაგებს. ისინი ყოველწლიურად იცვლებიან. ყოველ ოფიციალურ ქაღალდზე, ან დადგენილებაზე ოთხი მონასტრის ბეჭედი უნდა იყოს დასმული. საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელი, გუბერნატორი კარიესში იმყოფება. 1912 წელს ათონზე კიდევ იყო 7000 ბერი, 1962 წლისათვის ეს რიცხვი 1000 ­ მდე დავიდა. ბერად რომ შედგეს, ახალგაზრდამ სამი წელიწადი მიწაზე უნდა იმუშაოს მუშად, ზეთისხილის ბაღებში, შემდეგ სამი წელი სკოლაში ისწავლოს და მხოლოდ 6 წლის შემდეგ, (თუ დაიმსახურებს) შეიძლება მიღებულ იქნას ბერად. ათონის მთაზე არამც თუ ქალებს, მდედრობითი სქესის ცხოველსაც კი არ აჭაჭანებენ, სამუშაოდ ჯორებს იყენებენ! თურმე იმპერატორ იუსტინიანეს მეუღლე, ცნობილი თეოდორა, ძვირფასი ძღვნით დატვირთული ესტუმრა ათონის მთას, მაგრამ ბერებმა არ შეუშვეს და გაწბილებული დედოფალი უკანვე გამოაბრუნეს, იმ ადგილზე კი, სადაც მან ფეხი დაადგა, ბერებმა კირი მოასხეს და ჯვარი აღმართესო ­ გადმოგვცემს ლეგენდა. ათონზე ცივილიზაციის მიღწევები არ არის. ცხოვრება შუა საუკუნეების დონეზეა გაყინული. ბერებმა ამერიკელების მიერ შეწირულ საბარგო ავტომანქანებზეც უარი თქვეს. ერთადერთი პროგრესი ტელეფონია. ისიც ­ მონასტრებს შორის სატელეფონო კავშირი არ არსებობს. მხოლოდ გუბერნატორს შეუძლია მათთან უშუალოდ დაკავშირება. ელექტროენერგიაც არ არის გამოყენებული, სანთლებსა და ნავთის სანათურებს ხმარობენ.

წყარო:

 http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/atoni/atoni.htm

 http://gardaqmna.ucoz.com/news/dzveli_kartuli_savaneebi_utskhoetshi/2013-03-19-6

 https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

მოგზაურობა ათონზე. 1981 წელი