ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძნ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „პორტაიტისა“) — ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატია.

Iveron

ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილი იმპერატორის თეოფილეს მეფობის დროს მძვინვარებდა პატიოსანი ხატების სასტიკი დევნა. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმიდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და სოფელში წარგზავნილი იყო საიდუმლო მზვერავები, რათა მოეძიათ ფარულად შენახული ხატები და მეფის მკაცრი ბრძანების თანახმად გაენადგურებინათ ისინი.

იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი, კეთილმსახური და ქველისმოქმედი ქვრივი, თავის ჭაბუკ ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი, რომლის მიმართ განსაკუთრებული რწმენა და კეთილმოწიწება გააჩნდა. მან თავისი სახლის მახლობლად ააგო ეკლესია, სადაც მოათავსა ხატი და ხშირად მხურვალედ ლოცულობდა მის წინაშე. ერთხელაც, ქვრივის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები და თვალი მოჰკრეს ტაძარში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. ერთ-ერთმა მათგანმა განრისხებით ხატს მახვილი ჰკრა და ყოვლადწმიდა ქალწულის ღაწვიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გარდამოდინდა (ხატს დღემდე ამჩნევია სისხლიანი ჭრილობა)და ჯალათს გულზე მიესხა. ქვრივმა დაუჩოქა მზვერავებს და სთხოვა, გათენებამდე დაეტოვებინათ ხატი მისთვის. მათი განშორებისთანავე ქვრივი თავის ძესთან ერთად ეკლესიაში შევიდა, მუხლმოდრეკილი, ცად აღპყრობილი ხელებით დიდხანს ევედრა ღმრთის დედას, ცრემლითა და ოფლით დაალტო მიწა, და ბოლოს დიდი მოკრძალებით ხატი ზღვის ნაპირას წააბრძანა. იქ კვლავ დავარდა წმიდა ხატის წინაშე და ლმობიერად შეჰღაღადა მარადის ქალწულს: „დედოფალი, შენ ვითარცა ღმრთისმშობელს ძალგიძს გვიხსნა ჩვენ უკეთური მეფისაგან და შენი ხატი დანთქმისაგან!“ ამ სიტყვებით ქვრივმა სანატრელი სიწმიდე ზღვაში ჩაუშვა, და იხილა სასწაული: ხატი არ დაეცა წყალზე ბრტყლად, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გასცურა. ამის ხილვით ნუგეშინისცემულმა დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას, მერე მიუბრუნდა თავის ძეს და უთხრა: „აღსრულდა ჩვენი წადილი და იმედი, ამაო არ ყოფილა ჩვენი მსახურება ღმრთისადმი და კეთილმოწყალება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა. ახლა მისი სიყვარულისთვის მე მზად ვარ მოვკვდე მტანჯველთა ხელით, შენი სიკვდილი კი არ მნებავს. მე არ შემიძლია აქედან წასვლა, შენ კი გთხოვ და გევედრები, რათა გაიქცე“. შვილმა მორჩილებით მიიღო დედის ნება, გამოეთხოვა მას დაუყოვნებლივ წავიდა თესალონიკეში, მცირე ხანში კი გადავიდა ათონის მთაზე და დამკვიდრდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ივერთა მონასტერი აიგო. აქ მან მიიღო მონაზვნობა, ღმრთის სათნო ღვაწლში განვლო ცხოვრება და კეთილად აღესრულა. უეჭველია, რომ უფლის განგებით მოხდა წმიდა მთაზე მისი გადასვლა, რადგან სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ქვრივის მიერ წმიდა ხატის ზღვაში ჩაშვების შესახებ. თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის მანძილზე ღმრთის დედის საკვირველთმოქმედი ხატი, უწყის მხოლოდ უფალმა, ყოვლის მეცნიერმა…

ხატის ზღვაში ჩასვენება
ხატის ზღვაში ჩასვენება

ერთხელ 999 წელს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. მამები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ  ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, თითოქსდა მტრედების გუნდმა დაჰფარაო მისი ნაპირი. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადგა ვნების შვიდეული. მთელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. უკვებლივ ყველა ბერი ინანიებდა თავის ცოდვებს – მონასტრის წინამძღვრებიც, წლების მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთისოფლიდან ახლად მოსული მორჩილებიც. მათ იცოდნენ, რომ სინანულის ცრემლებით განუბანელი ცოდვები, ვითარცა კედელი, გზას უღობავდა ზეციურ დედოფალს.

იმხანად ივერთა სავანის მიდამოებში, მიუვალ მთაზე, განმარტოებულ სენაკში კაცთა მზერას მოშორებულ ღმრთის სათნო ღვაწლში ატარებდა განდეგილ ცხოვრებას ღირსი გაბრიელი, ტომით ქართველი. ზეციური ნათლით შემოსილი ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღირს გაბრიელს, რომელიც თავისი სენაკის სიმაღლიდან ჭვრეტდა ზღვით მობრძანებულ პატიოსან ხატს ღმრთის დედისა, და უთხრა: „აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას“.

წმიდა ბერმა ამ ხილვის შესახებ წინამძღვარს გამოუცხადა. მეორე დღეს, განთიადზე ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით გამოვიდნენ ნაპირზე. გაბრიელმა ილოცა ღმრთისმშობლისადმი, მერე ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი, და ხელში აიღო ფასადაუდებელი საუნჯე. ათრთოლებული და შეძრწუნებული გაბრიელი მოაბრძანებდა ღმრთის დედის საკვირველთმოქმედ ხატს, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ზედაპირზე. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი, ვითარცა თავად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, იქვე სამლოცველო აუგეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში ჰმადლობდნენ უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას. იმ ადგილას, სადაც წმიდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, ამოსჩქეფა საკვირველთმოქმედმა წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია.

ღვთისმშობლის ხატის გამოსვენება
ღვთისმშობლის ხატის გამოსვენება

ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, ანუ კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლად უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღმრთისმშობელი ისევ გამოეცხადა ძილში გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვუყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა“.

ამის მოსმენამ ძმებს გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა. მათ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი საკვირველთმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად“ ანუ „კარიბჭისად“ და, რადგანაც მან ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად, ეწოდება „ივერიის ღმრთისმშობელი“. მას ძველთაგანვე კიდევ ერთი სახელი შეარქვეს – „მწყალობელი“. იგი ყველა მართლმადიდებელ ერში დაემკვიდრა და ამიტომაც ივერთა მონასტერს მსოფლიოში ასზე მეტი დიდი მეტოქი, ანუ ქვემონასტერი ჰქონდა. არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის საკვირველთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმიდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმიდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი ტიტუსის დროს. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება. ათონზე იყო ჩვეულება: ყოველ კვირას ივერთა სავანის კარიბჭესთან მოდიოდნენ ყველა მონასტრის წარმომადგენლები, რათა გაეგოთ, იყო თუ არა ხატი თავის ადგილას; თაყვანს სცემდნენ მას როგორც წმიდა მთის იღუმენიას და ბრუნდებოდნენ თავიანთ მონასტრებში სასიხარულო ამბით, რომ ღმრთისმშობელს არ მიუტოვებია ათონი, რომ წმიდა მთაზე მართლმადიდებლობის სული კვლავინდებურად ნათელი და წმიდაა.

გადმოცემის თანახმად, ივერიის ღმრთისმშობელი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი. ხატის ზომა (სიგრძეში 1,37 მეტრი, ხოლო სიგანეში 0,9 მეტრი), ისევე როგორც ქალწულის ღმრთაებრივი სახის ფერწერა დიდებულია და მასზე დედა მოწყალებისა და ნუგეშინისცემისა წარმოგვიდგება დედად პირუთვნელი მსაჯულისა. მისი სახე იმდენად მეტყველია, რომ ასე საგონებელში ჩამგდები და შიშის აღმძრველი ხატი არ მოიპოვება მთელს წმიდა მთაზე. ხატზე სჭარბობს მოშავო-მონაცრისფრო ტონები, და სახეზე დღემდე ამჩნევია სისხლიანი ჭრილობა. საკვირველთმოქმედი ხატი მთლიანად მოჭედილია ოქროცურვილი ვერცხლით და შემკულია სხვადასხვა მეფეთა, დიდებულთა და ღმრთის დედის მადლიერ თაყავანისმცემელთა მიერ შეწირული ოქროს მონეტებით, ძვირფასი ქვებითა და სამკაულებით. ხატის წინ ჰკიდია დიდი, ვერცლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება ღვთისმოსავ და კეთილმსახურ მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. იგი ყველა სხვა საქმისაგან თავისუფალია და დღე და ღამ ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა-ლოცვასა და პარაკლისებს ღვთისმშობლის სადიდებლად. ამჟამად ამ საპატიო მოვალოებას ასრულებს მღვდელ-მონაზონი იერემია (1999 წ.).

ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ათონელ მამათა მოწმობით „ყველაზე დიდი  სახალხო სიყვარულით სარგებლობს“ წმიდა მთაზე. მისი დღესასწაული აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. საკვრიველთმოქმედ ხატს ლიტანიობით მიასვენებენ ზღვის ნაპირას, სადაც იგი პირველად გამოაბრძანა ღირსმა გაბრიელმა და იქვე მდგომ ღმრთისმშობლის ეკლესიაში აღასრულებენ საღმრთო ლიტურღიას. წარსულში, როდესაც მოგზაურობა ძალზე ძნელი იყო, უთვალავი მლოცველი მოისწრაფოდა ივერთა სავანეში – ერთნი ფეხით, სხვანი ჯორებზე ამხედრებულნი, ზოგიერთები კი ნავებითა და ხომალდებით.
1989 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამობრძანდა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც ათონელმა ბერებმა დაწერეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, თხოვნით. ხატი ორმოცი დღე დედანთან ესვენა, რათა მისგან მადლი და ნიჭი მიეღო. ეს ასლი სიონშია დაბრძანებული. კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სხვა უამრავი ასლიც არსებობს და ყოველი მათგანი სასწაულმოქმედია.

მოზდოკის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი

ღმრთის იდუმალი განგებით, საქართველოში შემობრძანებული ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პირველი ასლი გახდა სრულიად კავკასიის მფარველი. XIII საუკუნეში კეთილმორწმუნე მეფე თამარმა მიუძღვნა ოსეთის სოფელ მარიამკაუს ახლადმოქცეულ ქრისტიანებს. ხატი სამგზის უვნებლად გადარჩა ხანძარში და დროთა განმავლობაში მართლმადიდებელ ოსთა სათაყვანებელ სიწმინდედ იქცა. როდესაც 1768 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორის განკარგულებით ოსებს მშობლიური სოფლის დატოვება და უცხო მხარეში გადასახლება მოუწიათ, მათ თან წაიღეს საკვირველთმოქმედი ხატიც. მდინარე თერგის ნაპირას ქალაქ მოზდოკთან მოხდა სასწაული: ღამის გასათევად მოწყობილი ხალხის თვალწინ ხატი გაბრწყინდა და მთელს ბანაკსა და ახლომდებარე ადგილებს ზეციური ნათელი მოჰფინა. ერთ-ერთ ოსს ძილში ჰქონდა ხილვა – ღმრთისმშობელს სურდა ხატი აქვე დაეტოვებინათ. მართლაც ასე მოხდა: მეორე დღეს დიდი ძალისხმევის მიუხედავად ხარები, რომელთაც უნდა ეტარებინათ ოთხთვალაზე მოთავსებული წმიდა ხატი, ადგილიდან არ დაიძრნენ. მოზდოკის ეპისკოპოსმა გაიოზმა სამლოცველო ააშენა ამ ხატისთვის. 1796-1797 წლებში მის ადგილას აიგო ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, რომელთანაც მალე დედათა მონასტერი დაარსდა. სავანე გაუქმდა ორიოდე წლის შემდეგ  მოზდოკის ეპარქიასთან ერთად. XIX საუკუნის მიწურულს მოზდოკის მცხოვრებლებმა დიდებული ტაძარი აღაშენეს ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პატივსაცემად.

მოზდოკის ღვთისმშობელი

გადმოცემით, როდესაც 1817-1864 წლების კავკასიის ომის დროს შამილი თავისი ჯარებით მოზდოკს მიუახლოვდა, მას ხილვაში გამოეცხადა თეთრით მოსილი ქალი და უბრძანა, ქალაქს არ მიჰკარებოდა.

საკვირველთმოქმედი ხატის დიდება მთელს კავკასიაში გავრცელდა. ხალხი ღმრთისმშობელს აღთქმა აძლევდა და შორეული ადგილებიდან ფეხით მოდიოდა მასთან. ყოველ წელს ხატი გადაჰქონდათ ვლადიკავკაზში, სადაც ერთი თვით რჩებოდა. მორწმუნეთა თხოვნით, იგი კავკასის სხვადასხვა სოფლებშიც მოგზაურობდა. მისგან მოედინებოდა საკვირველებანი და მადლმოსილი კურნებანი. მოზდოკის ივერიის ხატის დღესასწაული აღინიშნება ღმრთისმშობლის მიძინებისა და სულთმოფენობის განზოგების დღეს. მხოლოდ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი მხურვალე ლოცვას და მის მეოხებას შეუძლია მოუტანოს მშვიდობა კავკასიის ხალხებს და განკურნოს აქ აბობოქრებული ომების მიერ მიყენებული ჭრილობები.

ჯიხეთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი

მეოცე საუკუნის დამდეგს ყოვლადწმისა ღმრთისმშობელმა თავისი ივერიის ხატის ასლი მიჰმადლა გურიის მხარესაც.

ჯიხეთის ღვთისმშობელი

 ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, იოანე ღმრთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იონამ, ათონელ ბერებს გურიის ჯიხეთის დედათა მონასტრისათვის დააწერინა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი და უსახსოვრა დედათა სავანეს. ეს იყო ჟამი, როდესაც გურიაში მძიმე დღე უდგა ეკლესია­მონასტრებს ­ ხატებს ანადგურებდნენ, მონასტრებს არბევდნენ, სამღვდელო პირებს შეურაცხყოფდნენ. ასეთ დროს მიღებული დიდი სიწმინდე სულიერად აღადგენდა ერსა და ბერს და განამხნევებდა უფლისადმი ერთგულებაში. ჯიხეთის ივერიის ხატი შემკულია მამა იონას დაკვეთით შესრულებული წარწერით: „განგებითა ღმრთისათა, და წამისყოფითა დედისა ღმრთისათა, მე მონა მისი  მღვდელმონაზონი იონამ, ამჟამად მყოფი ათონის მთაწმიდის ქართველთა წმიდა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღმრთისას ივერიის და შევსწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანესა. დედაო ღვთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი, ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ. 1905 წელსა 1 აგვისტოსა“.

 

თეკლათის მთავარანგელოზთა სავანის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პატივისცემით საქართველოში მისი სახელობის ტაძრებიც შენდებოდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათგან უძველესია ფოთში აგებული ტაძარი, რომლის ივერიის ხატის დღესასწაულს ჩვენი ეკლესია საგანგებოდ აღნიშნავს 13/26 ოქტომბერს. საქართველოს ამ კუთხეში – სამეგრელოში, განისვენებს კიდევ ერთი წმიდა ხატი ივერიისა. იგი ამშვენებს თეკლათის მთავარანგელოზთა სავანეს, წმიდა ალექსი ბერის მოღვაწეობისა და დაკრძალვიდ ადგილს. ამ ხატის წინ ხომ არ ავედრებდა მამა ალექსი უფლის დედას უღმერთობის წყვდიადში ჩაძირულ სამშობლოს და სთხოვდა, დაეყენებინა იგი სინანულისა და ჭეშმარიტი რწმენის გზაზე?!

 

ივერიის ღმრთისმშობლის ხატები აჭარაში

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და მისი წმიდა ხატის მადლი და ძალა პირველად ივერიის უძველეს ქრისტიანულ კუთხეს აჭარას მოეფინა. აქედან შემობრძანდა საქართველოში უფლის პირველწოდებული მოციქული ანდრია და მოგვისვენა ღმრთის დედის ხელთუქმნელი ხატი. იმდროინდელი აჭარის გულში, სოფელ დიდ-აჭარაში შეჩერდა ქრისტეს მოწაფე, და „ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობლისა, აღმოცენდა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი“, გვაუწყებს მემატიანე. ღმრთის შეწევნით მოციქულმა „ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად“, რის შემდეგ განაწესა ღმრთისმსახურების რიგიც – „დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი და დაუდვა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“. ამ ადგილას წმიდა ანდრიამ ეკლესია აღაშენა ღმრთისმშობლის სახელზე, მერე ადგილობრივი მოსახლეობის მხურვალე თხოვნით ფიცარზე გამოსახა სახე ხატისა და მათთან დატოვა. ასე რომ, ზეციური დედოფლის საფარველი პირველი საუკუნიდანვე ჰფარავს აჭარასა და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, 1911 წელს ათონის მთაზე შექმნილი მისი ერთ-ერთი ასლი დღეს ბათუმის ღმრთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს ამკობს. წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში კი ასვენია ივერიის ხატის ახლადშექმნილი ასლი წარწერით: „ეს ხატი დაიწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოება „მემორიალის“ ქველმოქმედებით, 1937-38 წლებში რეპრესირებულთა სულთა საცხოვნებლად. ქ. ბათუმი. 1998 წ.“. ხატის გვერდით წერია: „ეს ხატი ივერიის ღმრთისმშობლის კარიბჭისა დაიწერა მომავალი ივერიის ღმრთისმშობლის ტაძრისათვის, რომელიც ღმრთის ნებით აშენდება აჭარაში“. ღმერთმა ინებოს!

ბოდბის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის ღმრთისმშობლის ხატის საკვირველთმოქმედი ასლი განსაკუთრებული სამკაულია კახეთის მიწაზე, ბოდბის დედათა სავანეში დაკრძალული ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს საფლავისა. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. როდესაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ, სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს.

bodbis-gvtismshobeli

მონასტრის მახლობლად დღესაც ცხოვრობს კეთილმორწმუნე ქალი რაისა, რომელიც თავად მოგვითხრობს ამ ამბებს; მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტრად მსახურობდა. რამოდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, წმიდა ნინო ფეხით ჩავიდაო საქართველოში და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა. რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდად იყენებდა. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღმრთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ როგორც უვარგისი ინვენტარი და აქაურობას გავაცალოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორად რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.

ღმრთისმშობლის ამ ხატთან დაკავშირებით გულისტკივილით ყვებიან კიდევ ერთ ამბავს: იმ სოფელში, სადაც დედათა მონასტერი იმყოფება, ერთი უკეთური კაცი ცხოვრობდა. იგი „ჩეკისტი“ იყო და რელიგიურ სიწმინდეებს განსაკუთრებული სიძულვილით შეურაცხყოფდა. სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღმრთისმშობლის ხატზე – სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა და საგანგებოდვე დაისაჯა; ჯანმრთელი და საღსალამათი ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი.

მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ივერიის ღმრთისმშობლის ხატმა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერშიც ინება მისულიყო და მოწყsamtavtos_gvtismshobeliალებათა დაუწყვეტელი წყარო აღმოედინა იქ მოღვაწე დედებისთვის. ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა: „განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის „სამთავროს“ ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1912 წ.“

 

სიონის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

ზუსტად იმ წელიწადს, როდესაც კეთილმორწმუნე ადამიანებმა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ეკლესიის აღდგენას მიჰყვეს ხელი, ზეციურმა დედოფალმა თავისი ივერიის ხატის ასლის მოსვლით აკურთხა საქართველოს დედაქალაქი. ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხევდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის. ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღეს. ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი დღესასწაული ივერიის მიწაზე.

სიონი

არც ეს უდიდესი მოვლენა „დატოვა“ სასწაულთმოქმედმა ხატმა სასწაულის გარეშე. ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმიდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო…

200 წლის შობის მარხვის მიწურულს კი თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა სარწმუნოებაში თავისი მორწმუნენი. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ივერიის ღმრთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღმრთიმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღმრთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული. ამჟამად მინაზე გადასული გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

ამ ხატის მადლი ჰფარავდეს ივერიას! 

http://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/6795-karibtcis-ghvthismshobeli.htm

http://www.orthodoxy.ge/khatebi/iveriis2.htm