წმიდა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში, ღვთისმოსავი ქრისტიანების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების იაკობისა და მარიამის ოჯახში.

tsminda-giorgi-mtatsmindeli-e1278619501856

შვიდ წლამდე გიორგი დედ-მამასთან იზრდებოდა. „და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა“. შვიდი წლის ყრმა ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს და ჩააბარეს ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმულ წინამძღვარს – წმიდა საბიანეს (ხს. 31 დეკემბერს). ტაძრისში გიორგიმ სამი წელი დაჰყო.

ათი წლის გიორგი მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და აღსაზრდელად ჩააბარა იქ მოღვაწე თავის ორ ძმას, ღირს გიორგი მწერალს და საბა ხახულელს (ხს. 19 დეკემბერს).

ბიძებმა ყოველგვარი სიკეთით შემკული ძმისწული ხახულის მონასტრის წინამძღვარს, სიწმინდით განთქმულ ღირს მაკარი მმარხველს (ხს. 21 დეკემბერს) მიჰგვარეს. გაიხარა ღვთისგან მომავლის განჭვრეტით დაჯილდოებულმა წინამძღვარმა ყრმა გიორგის ხილვით და „სულისა თვისისა შვილად უწოდა“.

ამ დროს ხახულში მოღვაწეობდნენ „ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“ ცნობილი მამა ბასილი, ბაგრატ III-ის ძე (ხს. 27 ივნისს), ილარიონ თვალელი (ხს. 21 ივლისს), „რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა წარმოთქმაჲ შეუძლებელ არს“, ანტონი მნათე – ღმერთშემოსილი, „ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი წერილთა“ და სხვა მრავალნი, რომელთა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა გიორგის ჩამოყალიბებაში. თვითონ გიორგიმაც ყველა გააკვირვა თავისი გონიერებით და სიბეჯითით, „საგალობელნი იგი საწელიწადონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირად დაისწავლნა“.

როცა თრიალეთის ერისთავმა ფერის ჯოჯიკის ძემ გიორგის ბიძა, გიორგი მწერალი, თავის სასახლეში მიიწვია მოძღვრად, მოხუცმა გიორგიმ ძმისშვილიც თან გაიყოლა. ყრმა გიორგის სიკეთით განცვიფრებულმა ფერისის მეუღლემ, „საღმრთომან მან დედაკაცმან შვილად თვისად“ აღიარა იგი და „დაყვეს მრავალი ჟამი კეთილსა და ღმრთისა სათნოსა ცხოვრებასა შინა“.

1022 წელს ბიზანტიის კეისარმა ბასილიმ მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ფერისსაც დასწამა ცილი, კონსტენტინოპოლში დაიბარა და თავი მოჰკვეთა. ფერისის მეუღლე თორმეტი წელი დარჩა დედაქალაქში. ღვთისმოყვარე დედაკაცმა გიორგი „სასწავლოდ მისცა კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორთავე ცხოვრებითა შემკობილთა“. ღვთივგანბრძნობილმა ჭაბუკმა ნიჭიერებითა და გამჭრიახობით ყველა გააკვირვა.

თორმეტი წლის შემდეგ 1034 წელს კეისრის ბრძანებით ფერისის მეუღლე კვლავ სამშობლოში, ტვარწატაფს მივიდა და გიორგიც თან წამოიყვანა. გიორგი ხახულის მონასტერში მივიდა და ოცდახუთი წლისამ „ტკბილსა მას უღელსა მონაზონებისასა ქედი თჳსი მოუდრიკა. მოძღუარი მისი სულიერი და ღუაწლთა მიმართ მონაზონებისათა მწურთელი, დიდი ილარიონ წუთ ხორცთა-ღა შინა იყო და ჴელთაგან მისთა მიიღო კურთხევაჲ მონასონებისაჲ, რამეთუ იგი იყო პირველი მოძღუარი მისი და მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ“.

1036 წელს „უცხოებისა და თვისთაგან განშორებით“ მოღვაწეობის სურვილით გიორგიმ ფარულად დატოვა მონასტერი და, გლახაკის ძონძებში გადაცმული, სირიაში გაემართა. „შრომითა და მოღვაწებითა შემკულმან მამამან“ გაჭირვებით მიაღწია შავ მთამდე. იქაური სიწმიდეების მოლოცვისა და მოღვაწე მამების მოკითხვის შემდეგ გიორგიმ „ყოვლისა პირვალად იწყო ძიებად წინამძღვრისა სულიერისა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ თჳნიერ მოძღვრისა არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმატებაჲ მონაზონებისა“. იპოვა კიდეც მთის ნაპრალებში დაყუდებული საოცარი მამა – „კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ, ყოვლითურთ უცხო და განშორებული ჴორცთა და ჴორციელთა ზრახვათაგან და გონებითა ღმრთისა მიცვალებული“ – ქართველი ბერი გიორგი დაყუდებული (ხს. 3 ივლისს).

სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ გიორგი დაყუდებულმა „ჰასაკით, სიბრძნითა და გონიერებით“ სრულქმნილი გიორგი სქემით შემოსა და იერუსალიმში გაუშვა წმიდა ადგილთა მოსალოცად, უკან დაბრუნებულს კი 1040 წელს მთაწმიდაზე წასვლა და „თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ ბერძნულისაგან ქართულად“, ანუ წმიდა ექვთიმე ათონელის (ხს. 13 მაისს) საქმის გაგრძელება უბრძანა. გიორგი შეაკრთო ბრძანებამ. „შეუძლებელ არს ჩემგან და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შვენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმე“, – შეჰკადრა მან მოძღვარს. „შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი სიკვდილისაგან ისხნა და ქართული ენა განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყვარს ნათესავი ჩუენი და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს“, – დაამშვიდა ექვთიმე ათონელის ღირსეული მემკვიდრე გიორგი დაყუდებულმა და ათონს გაგზავნა.

ათონელმა ქართველებმა სიხარულით მიიღეს წმიდა მამა. გიორგიმ მონასტრის ყველაზე მძიმე საქმეები იტვირთა „ყოვლისა თავისა თვისისა შეურაცხქმნითა… ვითარცა კაცმან ლიტონმან და უსწავლელმან“. როგორც მისი ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს, ღირსი გიორგი ყოველთვის თავდახრილი დადიოდა და „თჳნიერ საჭიროთა საქმეთა“ არავის შეხედავდა. მისი სულიერი თვალები კი „მარადის უხილავსა მას დიდებასა ღვთისასა“ განიცდიდა.

გიორგი დაყუდებულმა თავისი მოწაფის, თეოდორეს პირით კიდევ ერთხელ შეახსენა გიორგის ათონზე გაგზავნის მიზეზი და საყვედურიც შეუთვალა.

გიორგიმ პატიება სთხოვა მოძღვარს, მოწიწებითა და შიშით მიიღო მღვდლობის პატივი, საღმრთო წიგნების თარგმნასაც მიჰყო ხელი და მალე მთელი საძმოს წინამძღვარიც შეიქნა. ამ დროიდან იწყება ფართო მოღვაწეობა მამა გიორგი მთაწმინდელისა. მან შეკრიბა ცნობები ექვთიმესა და იოანეს შესახებ, აღწერა მათი ცხოვრება, გადმოასვენა და დიდებულ ლარნაკში მოათავსა წმიდა მამათა ნაწილები, გაამშვენიერა და „ყოვლითურთ სრულჰყო წმიდა ეკლესიაჲ“.

საბერძნეთში იმპერატორ კონსტანტინე მონომახთან ჩასულმა ქართველთა მეფემ, ბაგრატ IV-მ საქართველოში დაბრუნება და ჭყონდიდლის მიტროპოლიტობა შესთავაზა წმიდა მამას, მაგრამ ქვეყნიურ დიდებას და შფოთს განრიდებულმა გიორგიმ მეფეს უარი მოასხენა.

წინამძღვრობა და მონასტრის საქმეებზე ზრუნვა ბევრ დროსა და შრომას, ხშირად კი მონასტრიდან გასვლასაც მოითხოვდა და ამიტომ სამწერლო მოღვაწეობისათვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. გიორგი წინამძღვრობიდან გადადგა და შავ მთაზე წავიდა გიორგი დაყუდებულთან. გიორგი დაყუდებულმა ღვთის სიყვარულისთვის ისევ უკან დაბრუნება უბრძანა თავის სულიერ შვილს. გიორგი დამორჩილდა მოძღვრის ლოცვა-კურთხევას, ათონის მთაზე დაბრუნდა და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. ამ საოცარი მამის მიერ თარგმნილ წიგნთა მხოლოდ ჩამონათვალიც კი ნათელს ხდის მისი მოღვაწეობის განუზომელ მნიშვნელობას: დიდი სვინაქსარი, საწელიწადო გამოკრებული, პავლენი სრული, პავლენი გამოკრებული, საწელიწადო, თვენი, სადღესასწაულო, წიგნი ექვსთა დღეთა – ბასილი დიდისა, დავითნი, დიდი პარაკლიტონი, დიდი მარხვანი, ზატიკი, დაბადების თარგმანება იოანე ოქროპირისა, მეექვსე კრების ძეგლისწერა, წიგნი გრიგოლ ნოსელისა და სხვანი.

ერთხელ ბოროტისაგან შურით აღვსილმა სვიმონწმინდელმა ბერებმა მოინდომეს ქართველი მამების გაძევება მონასტრიდან. „გვიხსენ დიდისა ჭირისაგან და განგვათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩუენსა ვითარ სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თჳსთა და არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი“, – შესჩივლეს მათ ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის. პატრიარქმა თავისთან დაიბარა ბერძნულად მოლაპარაკე წმიდა გიორგი მთაწმინდელი. ღირსმა გიორგიმ ისეთი სიბრძნით იქადაგა მართლმადიდებლობა, რომ მსმენელები განაკვირვა. პატრიარქმა ცუდისმზრახველი სვიმონწმინდელნი შერისხა.

ცოტა ხნის შემდეგ პატრიარქს კვლავ მოახსენეს, საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ჯერ-არს ანტიოქიის პატრიარქის ხელმწიფების ქვეშ იყვნენო. პატრიარქმა მამა გიორგის აუწყა: „მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და ჴელმწიფებასა ჩუენსა დაემორჩილოსო“. წმიდა მამამ უპასუხა: „შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი – სვიმეონს ვიტყჳ კანანელსა – ქვეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს და არღა ოდენ წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი… ჯერ არს წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას და რათა თქუენ ჩუენ დაგვემორჩილნეთ!“ ბოლოს კი დაამატა: „იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაჲ არა იპოვებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას ეკურთხა ეპისკოპოსად“.

გაკვირვებულმა პატრიარქმა კეთილად გაიღიმა და თქვა: „ხედავთ ბერსა ამას, ვითარ მარტოჲ ესოდენსა სიმრავლესა გუერევის“. შემდეგ თეოდოსიმ და ანტიოქიელებმა აღიარეს საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობაც და სარწმუნოებრივი სიწმიდეც.

ღვთისმოყვარე ბაგრატ მეფე ხშირად სთხოვდა მამა გიორგის საქართველოში ჩამოსულიყო სამოღვაწეოდ. ნეტარი მამა ჯერ უარობდა, მაგრამ ბოლოს, როცა „სრულქმნა თარგმანებაჲ საღმრთო წიგნთაჲ“, აღასრულა მეფისა და კათოლიკოსის სურვილი. მათი ბრძანებით წმიდა მამამ გამოიკვლია მაშინდელი მდგომარეობა სასულიერო წოდებისა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება.

ხუთი წლის შემდეგ მამა გიორგი ისევ მთაწმინდაზე დაბრუნდა. ბაგრატ მეფემ პატივით და დიდძალი შესაწირავით გაისტუმრა ქართველთა მნათობი. ათონს მიმავალმა ნეტარმა მამამ თან ოთხმოცი ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად. კონსტანტინოპოლში ჩასულმა ნეტარმა გიორგიმ წანასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება და ბრძანა, ობოლნი იმპერატორის წინაშე წარსადგენად მოემზადებინათ. „უკუეთუ დღეს არა ვიხილო მეფე, ხვალე ხელთა არა გვაქვს!“ – ჩქარობდა წმიდა მამა.

მამა გიორგიმ „პატივი მისცა მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ „შემდგომად ღვთისა ხელთა შენთა შევვედრებ ობოლთა ამათ“. შემდეგ ყრმებს წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა „აწ განუტევე…“ აგალობა და მეორე დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მიიცვალა.

ათონელმა მამებმა წმიდანის გვამი ათონზე გადაასვენეს და „ლუსკუმასა შინა მარმარილოსა გიორგის თანა მაშენებელისასა (ხს. 28 ივლისს) დაკრძალეს,

http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/giorgi-mtatsmindeli.htm