სინის მთა (სინას ან სინაის მთა) ქართველთა უშორესი სამოღვაწეო პუნქტია ახლო აღმოსავლეთში.  იგი აღმართულია არაბეთის ნკ–ს დასავლეთით სინის ნკ–ს სამხ სექტორში,  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში,  იქვეა სხვა მთებიც ეპისტიმიასი,  ზერბალისა,  ეკატერინესი და სხვა.

სინის მთა
სინის მთა

აი ამ მთიანეთში სინისა და ეპისტიმიის მთებს შუა პლატოზე,  უფრო ზუსტად სინის მთის კალთაზე 1528 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ეკატერინეს მონასტერი,  რომელმაც მრავალი მოღვაწე მიიზიდა. მიუხედავად იმისა,  რომ სინის მთის ბუნება ერთობ მკაცრია ბევრი ქრისტიანი იქაურობას აფარებდა თავს და არ უფრთხოდა არც ბუნების კლიმატურ სისასტიკეს და არც არაბი ბედუინების ძალადობას, ამის ახსნა ადვილია,  ბიბლიური გადმოცემით სინის მთა წმინდა ადგილი იყო,  იქ თითქოს ღმერთი გამოეცხადა ებრაელთა წინამძღვარს მოსე წიასწარმეტყველს.

ხსინას მთა
ხედი სინის მთიდან

ახ.წ.ა.–ის მე–2 საუკუნის დასაწყისში, როცა ნაბათეას სამეფო დაიპყრეს რომაელებმა. რეგიონი დაცარიელდა და სინას უდაბური ტერიტორია ქრისტიანი ბერებისთვის საინტერესო გახდა, რადგან  ეძებდნენ ამქვეყნიური სამყაროსგან მოწყვეტილ საცხოვრებელს. ახ.წ.ა.–ის მე–4 საუკუნის პირველ ნახევარში დედოფალმა ელენემ, კონსტანტინეს დედამ, ბრძანა სალოცავის აშენება იქ, სადაც გადმოცემით მოსემ ცეცხლოვანი მაყვლის ბუჩქი დაინახა. ეკლესია, რომელიც ღვთისმშობელ მარიამს ეძღვნებოდა, ეხლა მონასტრის უწმინდეს ნაწილად ითვლება.

 ახ.წ.ა.-ის მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში რომაელთა დაცემის გამო უკანონობა დამყარდა რეგიონში და მონასტრის ბერებმა დახმარებისთვის ბიზანტიის იმპერატორს მიმართა. ახ.წ.ა.-ის მე-6 საუკუნისას ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I-ის ბრძანებით კედელი აშენდა სალოცავის გარშემო. ამასთან ერთად, იუსტინიანე I-ის ბრძანებით აშენდა ფერისცვალების ეკლესია, რომელიც ახ.წ.ა.-ის 560 წელს დამთავრდა. იუსტინიანემ, დედოფალი ელენესავით, გადაწყვიტა ნაგებობა მიეძღვნა ღვთისმშობელი მარიამისთვის.

წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი

თავდაპირველად მონასტერი ღვთისმშობელი მარიამის სახელობის იყო , მონასტერი შემდგომ წმინდა ეკატერინეს სახელობის გახდა.

გადმოცემის თანახმად წმინდა ეკატერინე აწამეს ახ.წ.ა.-ის 307 წელს რომის იმპერატორის მაქსიმინეს ბრძანებით. ის ცემეს და ბორბალზე გააკვრეს, რადგან უარი განაცხადა ქრისტიანობის უარყოფაზე. იგი წამებას გადაურჩა და შემდგომ იმპერატორის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. მისმა სხეულმა, ანგელოზთა დახმარებით, სასწაულებრივად გადაინაცვლა სინას მთაზე. ჩვ.წ.ა.-ის მე-10 საუკუნეში მისი თავი და ხელები მიიტანეს მონასტერში შესანახად, სადაც ის ძვირფასი რელიქვია გახდა. სხვა წყაროების მიხედვით წმინდანის სხეული ბერებმა აღმოაჩინეს და მონასტერში მიიტანეს. ამის შემდგომ წმინდა ეკატერინეს სახელობის  მონასტერი პილიგრიმთა სალოცავი ცენტრი გახდა.

სინის მთა
სინის მთა

ქართველი მოწესეები  კვლი სინის მთაზე  VI საუკუნიდან ჩანან. ქართული კოლონია  კი მოგვიანებით,  IX საუკუნიდან ჩამოყალიბდა,  როცა არაბთა თავდასხმებით შეწუხებულმა ჩვენმა წინაპრებმა ნაწილობრივ დატოვეს პალესტინის სავანეები საბაწმინდა,  პალავრა და შორეულ მხარეს შედარებით საიმედო თავშესაფარს მიაშურეს და სინის მთაზე დამკვიდრდნენ,  რომელიც ,,ვითარცა შორეული პუნქტი არაბთა ძალმომრეობას იმდენად არ განიცდიდა“.

ქართველებმა სინის მთის მონასტრის ტერიტორიაზე საკუთარი ტაძრები ააგეს და დაუცხრომელ მოღვაწეობას შეუდგნენ. ერთ-ერთი ქართული ტაძრის აგება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სავანეების აღმშენებლობაში. სინის მთაზე ტაძრების მშენებლობას საქართველოსთვის არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სინის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინის მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები ქართლში.

სინის მონასტერში ქართველ მამებს საკუთარი უმდიდრესი და მრავალფეროვანი წიგნთსაცავი ჰქონდათ თავისი კატალოგით, ანუ წიგნებისა და ხელნაწერების ნუსხით. წიგნთსაცავში საგანგებო ოთახი იყო გამოყოფილი სამკითხველო დარბაზისათვის. იქ მსურველს შეეძლო ესარგებლა წიგნებით, მაგრამ მათი გატანა აკრძალული იყო. სინის მთის ქართული წიგნთსაცავი მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით არ მდიდრდებოდა, მას გამუდმებით ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან: იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან, გეთსიმანიიდან, გოლგოთიდან, პალავრიდან, საბაწმიდიდან და ა.შ. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც ადგილზეა, ნაწილი კი ინახება თბილისში, პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვა კერძო კოლექციებში.

მონასტერში მოღვაწე მამები

სინის მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფიისა თუ ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისტორიკოს-თეოლოგებიც. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს იოანე მინჩხს. მოგვიანებით საბაწმიდის ლავრიდან სინის მთაზე გადავიდა და იქ სასულიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო იოანე ზოსიმემ. სინის მთაზე იღვწოდნენ მიქაელ ფანასკერტელი, იოანე კუმურდოელი, იოანე სინელი, მიქაელ კათამონელი, კვირიკე მიძნაძორელი, ეზრა ქობულიანისძე და სხვ.

სინის მთის ქართველ მამებს კავშირი ჰქონდათ არაბულ-ქრისტიანულ სამყაროსთან. იქაურ ხელნაწერებში შემონახულია არაბული დამწერლობის კვალი. როგორც ჩანს, არაბულ სამყაროში მოხვედრილმა ქართველებმა შეისწავლეს არაბული ენა. ჩვენამდე მოღწეულია არაბული ანბანი ქართველთათვის, თითოეული არაბული ასო განმარტებულია, ახსნილია ქართული შესატყვისით.

ქართველი მოღვაწენი სინას მთაზე XV საუკუნიდან აღარ ჩანან. მაჰმადინათა მომძლავრების , საქართველოში პოლიტიკურ-ეკუნომიკური დაუძლურების გამო სამშობლოდან  დახმარებამ იკლო, ქართული კოლონია დასუსტდა, მამებმა სხვა სამწიგნობრო სკოლებს მიაშურეს, საბოლოოდ  კი სინას მთზე ქართული სათვისტომო საერთოდ გაქრა. მიუხედავად ამისა მომდევნო საუკენეებში რამდენიმე ქართველი  მოღვაწე მაინც ჩანს წმინდა მთაზე.

სინას მთის ხელნაწერები

ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექცია ინახება სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრის წიგნთსაცავში.

სინას მთაზე ერთ-ერთი ძველი მწიგნობარი, ბასილ მჩხრეკელი სიამაყის გრძნობით აღნიშნავდა: “მონასტერნი სავსენია წიგნითა და არა სადა უწყი ნაკლულევანი”. სინას მთაზე ამჟამად 100-ზე მეტი ქართული ხელნაწერი ინახება. მათ შორის ყველაზე ადრინდელია “სინური მრავალთავი” (864 წ.).

ioane sineli klemaqsi
იოანე სინელის ,,კიბე ანუ კლემაქსი”
სინას მთა, წმ. ეკატერინეს მონასტერი.
სინას მთის ხელნაწერი

სინას მთაზე დაცულია ქართული ენისა და ქართული კულტურის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლები: ოთხთავის ხელნაწერები , ლექციონარი, აგიოგრაფიული კრებული, ეფრემ ასურის ქადაგებანი, საგალობელთა შემცველი ხელნაწერები , პარაკლიტონები  და სხვ.

აღსანიშნავია, რომ აქ დაცული ხელნაწერების უმეტესი ნაწილი X საუკუნით თარიღდება, რაც თავისთავად მიუთითებს მათ მნიშვნელობაზე. ამჟამად აქ ინახება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, გეთსამანიაში, კაპპათაში, გოლგოთაზე, კალიპოსში, საბაწმიდის ლავრასა და ქართველთა სხვა მწიგნობრულ ცენტრებში თარგმნილი და გადაწერილი თხზულებანი, აგრეთვე ის ხელნაწერები, რომლებიც ქართული კულტურის დიდი მოღვაწის იოანე ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი ან ნარედაქციევი.

ქართველი მეცნიერები სინას მთაზე

სინას მთაზე ქართველ მეცნიერთაგან პირველად იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი, რომელმაც აღწერა 92 ხელნაწერები და მათი კატალოგი გამოაქვეყნა. ალ.ცაგარელი ხელნაწერებს ზამთრის სუსხიან დღეებში ათვალიერებდა და სწავლობდა. ეძებდა მათ სენაკებში, ძველი ეკლესიის ნანგრებებსა და სარდაფებში. იგი წერს: ,, ზამთარი სინაზე საზოგადოდ მკაცრია და არ არის ხელსაყრელი დრო მონასტერში მეცადინეობისთვის. ჩემს იქ ყოფნის დროს ძალიან ციოდა: გარეთ და ოთახებში თითქმის ყოველტვის ნოლს ქვევით იყო, რადგან არ მოიპოვებოდა, არც შეშა, არც ბუხარი; კარები და ფანჯრები ცუდად იხურება, იატაკი ქვისაა და თანაც სამი დღის განმავლობაში ქარბუქი იყო და თოვლი მოდიოდა, ყველაფერი ირყეოდა და შხიოდა მონასტერში, ქარი ზუზუნებდაა, ზარებს აქეთ-იქით ძლიერ აქანებდა და რეკავდა“.

1902 წელს აქ ნაყოფიერად იმუშავეს იკო მარმა და ივანე ჯავახიშვილმა. ,,გამთენიიდან შუაღამემდე ისხდნენ ქართველი მეცნიერები მონასტრის ბნელ საკანში და ჭრაქის მბჟუტავ სხივზე მთრთოლარე თითებით ეხებოდნენ სრულიად უცნობ ვებერთელა ქართული ხელნაწერების ჩანაცრულ ფურცლებს, გამალებით იწერდნენდა ამზადებდნენ მათ დღის სინათლეზე გამოსატანად“. ივანე ჯავახიშვილმა სინას მტაზე 44 ქართული ხენლაწერი აღწერა. გამოაქვეყნ იოანე მინჩხის ჰიმნები, ,,წამებაჲ წმინდისა ბიკტორისი და სტეფანია ნეტარისა დედაკაცისაჲ“, მოსაჴსენებელი და მატიანე პატიოსნისა წმიდისა მონასტრისა, ღმრთისა დამყარებულისა სინისაჲ“, ეფრემ ასურის სწავლანი, ანტონის ეპისტოლე, აპოკიფები და სხვა.

ნიკო მარმა გამოაქვეყნა ,,ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაი“, იოანე მინჩხის საგალობელი,ფილიპეს ლექსი, ნინოს საგალობელი, ,,წამებაჲ წმინდისა მოწამისა პროკოპისი“,

 1927 წელს სინური ხელნაწერები შეისწავლა ობერტ ბლეიკმა. 1950 წელს ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკის ექსპედიციამ სინას მთისა და იერუსალიმის სიძველეების, მათ შორის ყველა ქართული ხელნაწერის მიკროფილმები გადაიღო. ექსპედიციის წევრმა ერარ გარიტმა 1956 წელს გამოაქვეყნა პატრისიტიკული, აგიოგრაფიული, ბიბლიური და ასკეტური ხელნაწერების (სულ 38 ერთეული) ვრცელი და მაღალმეცნიერული აღწერილობა. მისი ცნობით სინაზე 85 ქართული ხელნაწერი ინახება.

სიანას მთის ქართული ხელნაწერების მეცნიერულად შესწავლაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის პეტრე უსპენსკის. მკვლევარი 1845 და 1850 წელს იმყოფებოდა სინს მთაზე. იგი თავის შრომებში გვაწვდის ინფორმაციას როგორც ქართულ ეკლესიებზე ხატებზე,ასევე ხელნაწერებზეც.

80-იან წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტმა დაიწყო სინას მთის ხელნაწერთა დაწვრილებითი აღწერილობის გამოცემა და მოაწყო რამდენიმე ექსპედიცია სინას მთაზე.

სამწუხაროდ, ქართული კულტურის ამ უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის, სინის მთის, ქართველ მამათა მემკვიდრეობა მრავალ მიზეზთა გამო დღესდღეისობით სათანადოდ არ არის  შესწავლილი.

წყარო : http://armazi.uni-frankfurt.de/armaziII/enebi/kartuli/damcerloba/sinai.html

http://alioni.info/history/wminda-ekaterines-monasteri-shetanxmeba-religiata-shoris/

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი