ტაო-კლარჯეთი მხარეს ძირითადი თემების   ტაოსა და კლარჯეთის გამო ჰქვია, თორემ ეს ბევრად უფრო ვრცელი ტერიტორიის მომცველი არეალია, რომელიც ტაშისკარიდან არზრუმამდე და ჭოროხის ხეობიდან შავ ზღვამდე აღწევს. ტაო-კლარჯეთში შედის ტაო, სპერი, კლარჯეთი, შავშეთი,ნიგალი, არტანი, კოლა, ერუშეთი, ფოცხოვი, მაჭ-ხელა, სპერი, თორთომი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ართვინის, არდაგანის, ერზრუმისა და ყარსის რაიონებში მდებარეობს, მდინარეების მტკვრისა და ჭოროხის აუზებში. ძველად ქართველები ამ რეგიონს ზემო ქართლს, სამცხეს ანუ მესხეთს უწოდებდნენ. ამ მხარეში დარჩენილი მიწები საქართველოს საერთო ფართობის ერთ მეხუთედს შეადგენს. დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა ასევე ეგრისის სამეფოს ნაწილი – ჭანეთი (ლაზისტანი), დღევანდელი ტრაპიზონის რაიონი.

    ექვთიმე თაყაიშვილი პირდაპირ წერს – თურქეთის მიერ 1921 წელს საქართველოსგან მიტაცებული მიწა-წყლის საერთო სივრცე არის 13 ათას 72 კვადრატული კილომეტრი, ხოლო მოსახლეობა 250 ათასს აღემატებაო! შეიძლება, გადაუჭარბებლად ითქვას, რომ თურქეთის სახელმწიფოს ტაო-კლარჯეთის სახით მითვისებული აქვს დაახლოებით იმდენი ტერიტორია, რამდენსაც შეადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე დარჩენილი საქართველო!

taomap-geo

   სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეს ნაწილი _ აქ განვითარებული ისტორიული მოვლენებით, წარმოებული სასულიერო და საგანმანათლებო საქმიანობითა თუ დღემდე შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლებით _ განსაკუთრებულია საქართველოს კულტურისთვის. კერძოდ: 1. პირველი წერილობითი წყაროები საქართველოს შესახებ ეხება დაიაენ-ტაოს. (ძვ. წ. XII ს); 2. საქართველოში ქრისტიანობა ამ ტერიტორიებიდან შემოვიდა და აქვე აშენდა პირველი ქრისტიანული ტაძარი (IV ს). 3. აქ ჩაეყარა საფუძველი ბაგრატოვანთა ათასწლოვან სამეფო დინასტიას. 4. IX-X საუკუნეებში კლარჯეთში სასულიერო მოღვაწეობამ და ტაოში შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს ოქროს ხანას. 5. ამ ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია ორასზე მეტი ქართული არქიტექტურული ძეგლი. სამხრეთ საქართველოს ეს ადგილები უძველესი დროიდან ქართველებით იყო დასახლებული. ცნობილია, რომ ძვ. წ. XII საუკუნის ასურულ ლურსმულ წარწერაში, რომელიც მეფე ტიგლათფილესერ I-ის ლაშქრობას ეხება, ნაირის ქვეყნებს შორის მოხსენიებულია დაიაენი, რომელიც ტაოსთანაა გაიგივებული. ქვეყანა დიაოხი, იგივე ტაო, მოხსენიებულია აგრეთვე ძვ. წ. IX-VIII საუკუნეების ურარტულ ლურსმულ წარწერებში. ქართული საისტორიო ტრადიცია კლარჯეთს ქართლის ნაწილად განიხილავს და ბიბლიური ნოეს შთამომავლის ქართლოსის სამფლობელოდ თვლის. ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ქართლის (იბერიის) ჩამოყალიბების შემდგომ ტაო და კლარჯეთი ქართლის ორგანული ნაწილია. ამ საერისთაოების ისტორია მეფე ფარნავაზის და ქუჯი ერისთავის (ძვ. წ. III ს.) სახელებს უკავშირდება. ძვ. წ. II-I საუკუნეებში სომხეთის სამეფო ტაოს ტერიტორიას იკავებს. ამ დროიდან ძლიერდება სომეხი მოსახლეობის მიგრაცია ამ რეგიონში.
    ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ტაოსა და კლარჯეთის ტერიტორიები, სპარსეთსა და აღმოსავლეთ რომის იმპერიების ინტერესების სფეროში ექცევა. ამ ქვეყნებზე გავლენის აღდგენასა თუ შენარჩუნებას ცდილობენ ქართლისა და სომხეთის სამეფოები. ამ საუკუნეებში პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები დინამიურად ვითარდება და ეთნო-კულტურული და რელიგიური სიტუაციაც ხშირად იცვლება. ქრისტიანობა ტაო-კლარჯეთის მხარეში I საუკუნიდანვე დამკვიდრდა. ისტორიული ცნობებით სწორედ კლარჯეთიდან შემოვიდა ქრისტიანობის პირველი გამავრცელებელი მოციქული ანდრია პირველწოდებული. IV საუკუნეში ჯავახეთიდან შემოვიდა ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. პირველი ქრისტიანული ტაძარი საქართველოს მიწაზე ერუშეთში აიგო ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დიდის ძალისხმევით.
    IV-V საუკუნეებში გამწვავდა დაპირისპირება სპარსეთისა და ბიზანტიის იმპერიებს შორის. სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში განვითარებულმა მოვლენებმა კვლავ გააძლიერა სომეხი მოსახლეობის მიგრაცია ტაოსა და კლარჯეთში. იმავდროულად, ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი საგარეო პოლიტიკურ ორიენტირად ბიზანტიას ირჩევს და ქართლის პოზიციებს აძლიერებს ბიზანტიის მოსაზღვრე რეგიონებში _ აშენებს ქრისტიანულ მონასტრებს ოპიზაში, დაბაში, მერესა და შინდობში. ვახტანგ გორგასლის დაარსებულ 12 საეპისკოპოსოს შორის ორი _ ახიზის და ერუშეთის _ ამ მხარეში მდებარეობდა. ქართლი დასავლურ, ბიზანტიურ ორიენტაციას ირჩევს და კლარჯეთიც ირანის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად იქცა. VII საუკუნისათვის ქართლი ბიზანტიის საიმედო პარტნიორი და მოკავშირე ხდება.
      VII სუკუნეში არაბეთის სივრცეში მუსლიმური რელიგიით გაერთიანებული დიდი იმპერია _ არაბეთის სახალიფო შეიქმნა და ბიზანტიას დაუპირისპირდა. ქართლი მოძალებულ არაბებს ჯერ უზავდება, შემდეგ კი აჯანყებას აწყობს და 735-737 წლებში მურვან-ყრუს გამანადგურებელ შემოსევას განიცდის. ქართლი აოხრდა, დაიცალა ტაო-კლარჯეთის სოფლები და ქალაქები, გავერანდა მონასტრები.
   VIII საუკუნიდან არაბები ქართლში მძლავრობენ. მათგან შევიწროებული ქართლის ერისთავი აშოტი (†826) IX საუკუნის დასაწყისში ცენტრალური ქართლიდან ბიზანტიის მოსაზღვრე რეგიონში, კლარჯეთში მკვიდრდება. აშოტი ბიზანტიელების მხარდაჭერით სარგებლობს _ ღებულობს კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს, ანახლებს და კვლავ სამეფო ქალაქად აქცევს არტანუჯს, ქმნის ცენტრალურ სახელმწიფოს მტკიცე ადმინისტრაციით და სამხედრო ძალით. ამ პერიოდში, სწორედ ტაო-კლარჯეთში საფუძველი ჩაეყარა ბაგრატოვანთა ათასწლოვან სამეფო დინასტიას.
    VIII საუკუნის 80-იან წლებში კლარჯეთში მოღვაწეობა დაიწყო ცენტრალური ქართლიდან წამოსულმა გრიგოლ ხანძთელმა. აშოტისა და შემდგომ მისი ძის ბაგრატის ხელშეწყობით გრიგოლ ხანძთელმა კლარჯეთში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამონასტრო მშენებლობა. გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების მიერ დაარსებულ მონასტრებს შემდგომში მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო “საქართველოს სინა” ეწოდა.
    კლარჯეთში IX-XII საუკუნეებში დაარსებულ თუ განახლებულ სახელგანთქმულ მონასტრებში _ ხანძთაში, ოპიზაში, შატბერდში, პარეხთაში, მიძნაძორსა, ბერთასა და სხვებში (კლარჯეთის ათორმეტი უდაბნო), იწერებოდა დღემდე შემორჩენილი ფასდაუდებელი ოთხთავები, ითარგმნებოდა და იქმნებოდა სასულიერო და სამეცნიერო ლიტერატურა. აქ მოღვაწე მამები სახელგანთქმულნი იყვნენ, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნების _ სირიისა და პალესტინის (იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერი, XI ს.), ასევე ბიზანტიის კულტურულ სამყაროში. კლარჯეთთან არის დაკავშირებული ცნობილი ოქრომჭედელების ბეშქენ და ბექა ოპიზრების მოღვაწეობა, კლარჯეთში, ანჩის ტაძარში იყო დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი.
     X საუკუნე ტაოს აღმავლობის ხანაც არის. დავით კურაპალატის (†1001) ენერგიული მოღვაწეობით გაფართოვდა ტაოს საზღვრები. ბიზანტიის იმპერატორის ბასილი II-ის წინააღმდეგ მოწყობილ ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში დახმარებისთვის დავით კურაპალატმა ბიზანტიისგან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა და დიდძალი სიმდიდრე მიიღო. მისი ქტიტორობით აშენდა ტაოში _ ოშკის, ხახულის, პარხლისა და ოთხთას მონასტრები. ამ ბრძოლის სარდალმა თორნიკე ერისთავმა ათონის ივერთა მონასტერი ააგო (X ს) და საფუძველი ჩაუყარა ბიზანტიაში ქართული კულტურის დიდი კერის შექმნას.   VIII-IX საუკუნეებში ტაოსა და კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებობდა ორ-ორი საეპისკოპოსო კათედრა _ კლარჯეთში ანჩი და ტბეთი, ხოლო ტაოში _ იშხანი და ბანა. ამ პერიოდში რეგიონის მოსახლეობის გასომხებული ნაწილი უბრუნდება თავის ძველ ეთნიკურ-კულტურულ წრეს – ქართულ კულტურასა და მართლმადიდებლურ წიაღს. როგორც აღვნიშნეთ, VIII-X საუკუნეებში ტაოსა და კლარჯეთის მონასტრებში დიდი სასულიერო, მწიგნობრული და საგანმანათლებო მუშაობა მიმდინარეობდა.
   X საუკუნეში დავით კურაპალატის მცდელობით ბაგრატ III ერთიანი საქართველოს _ აფხაზთა და ქართველთა სამეფო ტახტზე ჯდება. ამ მოვლენებმა საფუძველი ჩაუყარა XI-XII საუკუნების საქართველოს ოქროს ხანას. XI საუკუნიდან კულტურული და პოლიტიკური ცენტრები საქართველოს ცენტრისკენ ინაცვლებს და ტაოსა და კლარჯეთის როლი ქვეყნის ცხოვრებაში მცირდება.
    XIII-XIV საუკუნეებში საქრთველოს ჯერ მონღოლები, შემდეგ თემურ ლენგის ურდოები იპყრობენ. დასუსტებულ ქართულ სახელმწიფოში სეპარატისტული მოვლენები იწყება. ამ პერიოდში, ყოფილ ტაოსა და კლარჯეთის ტერიტორიაზე ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო ერთეული სამცხე-საათაბაგო ყალიბდება, რომლის სათავეში ჯაყელთა საგვარეულო ექცევა. აღსანიშნავია XIV საუკუნეში ბექა ჯაყელის ბრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ და მის მიერ ამ ქყევყნებში ჩატარებული სააღმშენებლო საქმიანობა, მოსახლეობასა და ეკლესია-მონასტრებზე ზრუნვა.
     XIII საუკუნიდან დასასრულიდან სამცხე-საათაბაგოში ცამეტი საეპისკოპოსო არსებობდა _ აწყურის, კუმურდოს, იშხნის, ანჩის, ტბეთის, წურწყაბის, ერუშეთის, ვალაშკერტის, ანისის, კარის, ბანის, დადაშის. მაღალი იყო აქაური მღვდელმთავრების პატივი და ღირსება ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური აქტის _ მეფის კურთხევის დროს. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს 36 მღვდელმთავარს შორის მრავალი მათგანი თვით ტფილელ, მანგლელ, რუსთველ, სამთავნელ მღვდელმთავრების წინ იდგა; ხოლო იშხნელი ეპისკოპოსი განსაკუთრებული პატივითაც იყო მოსილი.
    XV საუკუნიდან სამხრეთ კავკასია და სამცხე-საათაბაგოც გაძლიერებული სპარსეთისა და თურქეთის იმპერიების ბრძოლის ასპარეზი ხდება. XVI საუკუნიდან ტაო-კლარჯეთი ოსმალეთის თურქეთის შემადგენლობაშია. იწყება მოსახლეობის გამუსლიმების პროცესი.           XVII საუკუნიდან უქმდება საეპისკოპოსოები. კნინდება ქართული კულტურა, იცლება მონასტრები, თუმცა ცალკეულ რაიონებში ქართული ენა დღემდე შემორჩა. XIX საუკუნეში სამხრეთ კავკასია რუსეთის გაძლიერებული იმპერიის ინტერესების სფეროში ექცევა. დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომები.
  1870-იანი წლებიდან ყოფილი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიები დანარჩენ საქართველოსთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია და იწყება აქ შემორჩენილი ქართული და სომხური არქიტექტურული ძეგლების შესწავლა რუსი და ქართველი მეცნიერების მიერ. საქართველოსა და რუსეთის სიძველეთსაცავებში გროვდება ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი ხელნაწერები, ხატები და კულტურის სხვა ძეგლები.
  1921 წლიდან, ართვინის, არტანის, ყარსის და ერზრუმის ოლქები თურქეთის კუთვნილებაა, ხოლო საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშია და ყოველგვარი კავშირი საქართველოსა და ამ რაიონებს შორის წყდება.
   1960-იანი წლებიდან ტაო-კლარჯეთსა და კოლა-არტანის ქრისტიანული კულტურის ძეგლების კვლევის შესაძლებლობა მხოლოდ ევროპელ და ამერიკელ მეცნიერებს ეძლევათ.     1991 წლიდან, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, დაიწყო კეთილმეზობლური ურთიერთობები თურქეთთან და ქართული კულტურის თურქეთში მდებარე ძეგლების ინტენსიური შესწავლა ქართველ მკვლევარ-მეცნიერთა მიერ. 2002 წლიდან საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ახალციხის ეპარქიას ნომინალურად მიუერთა ტაო-კლარჯეთის ტერიტორია. დღეისთვის თურქეთის ტერიტორიაზე შემორჩენილია 200-ზე მეტი ქართული არქიტექტურული ძეგლი _ მონასტრები, ეკლესიები, ციხე-ქალაქები, ციხეები, კოშკები. მათი უდიდესი ნაწილი ჟამთა მსვლელობამ გაანადგურა, მაგრამ რამდენიმე შემორჩენილი ტაძარი _ ხანძთა, ტბეთი, დოლისყანა, ახალდაბა, იშხანი, პარხალი, ოთხთა, ოშკი, ხახული, ბანა, აგრეთვე ციხე-ქალაქები არტანუჯი, არტანი, თორთომი, ოლთისი დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. 

ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების შესწავლას ხანგრძლივი და სახელოვანი ისტორია აქვს. ამ კეთილშობილურ საქმეში მონაწილეობდნენ: მარი ბროსე, ნერსეს სარგისიანი, გიორგი ყაზბეგი, დიმიტრი ბაქრაძე, ნიკო მარი, ე. თაყაიშვილი, ხოლო შედარებით ახლო დროს _ ვახტანგ ჯობაძე, ვახტანგ ბერიძე, პ. ზაქარაია. ინტენსიურად შეისწავლეს ეს ძეგლები გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ამჟამად მოღვაწე მეცნიერ-თანამშრომლების _ როგორც უფროსი, ისე საშუალო და უმცროსი თაობის მიერ. არაერთი გასვლა მოეწყო მათ მიერ ამ ძეგლების ადგილებზე შესასწავლადაც. ტაძრების მუდმივი შესწავლა მიმდინარეობს დღესაც. 

მონასტრებს შორის დღესდღეისობით შემორჩენილია რამდენიმე ტაძარი და ასთეულობით ქართული ძეგლი, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია და შველას ელიან.  

კლარჯეთში: ოპიზახანძთაშტბერდი,პარეხიბერთა,მიძნაძორი,წყაროსთავი,ანჩი,დოლისყანა

ტაოში: იშხანი,  ოშკი, ხახულიპარხალი, ბანაოთხთა

შვშეთში:ტბეთი

ტაო კლარჯეთის ძეგლები :  http://tao-klarjeti.com/catalog/gia-geo.html 

 შემდეგი სტატია  ⇒  ხანძთის(ხანცთის) მონასტერი

 

 წყარო:http://www.novators.ge/pages/tao/tao.php

          http://reportiori.ge/old/?menuid=74&id=68034