ჩიტების გამომზამთრებელი

ჩიტების გამომზამთრებელი

0
908

თანამედროვე დაბალჭერიანი ბინა. მოკლედ ჩამოშვებული სამფინჯნიანი რძისფერი ჭაღი. პრიალა პარკეტი. პრიალა ავეჯი, წიგნები, ფოტოსურათი – გაღიმებულ ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შუაში უზის ორი-სამი წლის კოპებშეკრული ბიჭი. შემოსასვლელ კართან – ჩუსტები, ფლოსტები. აცეტონისა თუ სკიპიდარის სუნი. ისმის ელექტროზარის ხმა. სამზარეულოდან გამოდის ორმოცი წლის დაბალი, რბილნაკვთებიანი ქალი. გზა-გზა იხსნის წითელ, გამჭვირვალე წინსაფარს, თეძოებთან ისწორებს კაბას, მერე – კეფაზე ფომფლო გორგლად დახვეულ თმას. კარის საკეტს გადასწევს. შემოვა შეჭაღარავებული ჯმუხი მამაკაცი, გაზეთში გახვეული რაღაც უჭირავს. დაღლილ, ნაღვლიან თვალებს თითქოს არიდებენ ერთმანეთს.

ქალი: შენი გასაღები რა უყავი?

მამაკაცი: არ ვიცი, საწვიმრის ჯიბეში თუ ჩამრჩა.

ქალი: საწვიმარი მე დავაუთოვე და იქ არაფერი არ არის.

მამაკაცი: მაშინ დამიკარგავს.

ქალი: როგორ ადვილად ამბობ, “დამიკარგავს”?!

მამაკაცი: აბა, რა ვქნა, თმები დავიგლიჯო?

ქალი: შენ რაზე დაიგლეჯ, შენ არაფერზე არ დაიგლეჯ თმებს.

მამაკაცი: სკოლაში იყავი?

ქალს ეს შეკითხვა თითქოს არ გაეგონოს.

ქალი: ეგ რა არის?

მამაკაცი: რეიტუზი ვუყიდე.

ქალი: ვის უყიდე, ვის! მაგ დებილს, მაგ არანორმალურს? გგონია, რომ ესწრება ფიზკულტურას?

მამაკაცი: აბა, სად დადის?

ქალი: ჭირში და მოუსავლეთში მაგისი თავი, ჭირში! აივანზე ჯდება, მკლავები მუცელთან მიაქვს, იღუნება. მე არ შემიძლია! ჩადი შენ თვითონ, მამა ხარ, გარკვეული პასუხისმგებლობა გეკისრება, გააცდინე ეგ შენი სამსახური, დაეთხოვე, დააგვიანე… ციხიდან უშვებენ ხალხს და შენი სამსახური რა გახდა ისეთი! ჩადი, ბატონო, და შენ თვითონ გაიგე, სად დადის შენი დეგენერატი ვაჟიშვილი, რას სწავლობს, საერთოდ, თუ აკეთებს რამეს. რა ჭირზე ფიქრობს, გამოლენჩებული რომ ზის გაკვეთილზე. ჩადი, ბატონო, და შენი ყურით გაიგე, რას ლაპარაკობენ მასწავლებლები. მე აღარ შემიძლია. მეც ხომ ადამიანი ვარ! კარგი, ადამიანისა აღარ შემრჩა არაფერი, სულდგმული ხომ ვარ. აი, ვიკუნტები, ვიკრუნჩხები და ისე გევედრებით: მე აღარ შემიძლია, გავთავდი, მოვრჩი, ცოტა დამეხმარეთ!

ამაკაცი: შენ რომ ნამდვილი გაჭირვება შეგხვდეს, მაშინ რას იზამ?

ქალი: რას ეძახი ნამდვილ გაჭირვებას – შიმშილს? სიცივეს? უსახლკარობას?

ფეხშიშველა სიარულს? ვაი, რა ბედნიერებაა, როცა გშია, სიცივით გაკანკალებს, მაგრამ არავინ დაგცინის!

მამაკაცი: მაგოდენებს, საბანი რომ ვერ დაუხურავთ თვითონ, ასტონიანი ტანკების შესაჩერებლად უშვებდნენ, ხშირად მარტო ბენზინით სავსე ბოთლების ანაბარა, იმათ დედებს რაღა უნდა ექნათ!

ქალი ერთხანს არაფერს ამბობს, ცხვირსახოცს ეძებს, გაჭირვებით იღებს პატარა ჯიბეში ჩაჭმუჭნულს, ტუჩებთან მიაქვს, იმ ცხვირსახოცში ლაპარაკობს:

– იმათ დედებს მოკრძალებით, შიშითაც კი შეჰყურებდნენ სხვა დედები, რომლებსაც ასეთი უბედურება არ დასტყდომოდათ თავს.

მამაკაცი: დიდი შეღავათია!

ქალი: ნამდვილად დიდი.

მამაკაცი: გადაირიე, ქალო?!

ქალი: როგორც გინდა, ისე იფიქრე!

მამაკაცი უყურებს და არაფერს ამბობს. გაზეთში გახვეულ რეიტუზს მაგიდაზე დადებს, გახსნის, ხმაშეცვლილი მობრუნდება.

მამაკაცი: ადექი, მაჭამე რამე, ლუკმა არ ჩამიდია დილას აქეთ.

ქალი ადგება, ცრემლების წმენდით, ცხვირის ხოცვით მიდის სამზარეულოსაკენ.

ქალი: ფეხსაცმელი გაიხადე, ფლოსტები ხომ აწყვია კართან!

მამაკაცი ფეხსაცმელს იხდის, მაგიდაზე გაშლილ რეიტუზს ისევ შეახვევს.

მამაკაცი: ექვსი მანეთი ღირს, განა მეტი! ამირანი შემხვდა, გოგო ისევ საავადმყოფოში სწოლიათ. ახლა გვერდში წყალი ჩასდგომია. გაგიჟებული იყო საწყალი.

ქალი: ვანო არ ჩამოსულაო, რა თქვა?

მამაკაცი: წამლები გამოუგზავნია. კარგი იქნება, მოგვეხერხებინა და გვენახა ბავშვი. აქვე სწოლიათ, ბორჯომის ქუჩაზე.

ქალი: ჩემი შვილების ხელში მე ყველაფერსა ვარ გამორჩეული, ნათესავებსაც და მოკეთეებსაც.

მამაკაცი ზეზეურადვე იღებს მწვანეფოჩიან ბოლოკს.

მამაკაცი: შენ რა, ისადილე?

ქალი: ისე ისადილოს, განგიას გასაგისმა!

მამაკაცი: შენ რომ შიმშილით მოიკლავ თავს, განგიას გაუხეთქავ გულს?!

მაინც რა გითხრა ასეთი?

ქალი: იმან არ მითხრას, მე არ ვიცი, რა უბედურებაც ტრიალებს ჩემს თავს?!

საკონტროლოებში ორი, გეომეტრიაში ზედიზედ სამი ორი, ქიმიაში ორი, ქართული როა, ქართულშიც კი ორი აქვს მიღებული!

მამაკაცი: ახლა სად არი?

ქალი: ჯანდაბაში იმის თავი! მამიდასთან წაეთრა. შემიყვანეს, როგორც უკანასკნელი დებილი, დამაჭერინეს კალამი, მომიკიდეს ხელი და ისე დამაწერინეს ხელწერილი: ერთი ორიანიც რომ მიიღოს კიდევ, პროფსასწავლებელში უნდა გადავიყვანოთო.

მამაკაცი: ვინ თქვა ეგა?

ქალი: რა ვინ თქვა, დადგენილება ყოფილა.

მამაკაცი: ვინ თქვა ეგ?

ქალი: დირექტორმაც, ყველამ.

მამაკაცი ჩანგალს თეფშზე დადებს, ხელებს ჯიბეებში ჩაიყოფს და სკამის საზურგულს მიაწვება.

მამაკაცი: სადამდე მიდის ჩვენი უგუნურება! თან პროპაგანდას ვუწევთ, თან ჩვენ თვითონ ვაცხადებთ პროფსასწავლებლებს სასჯელის მოსახდელ ადგილებად. ჩვენ თვითონ ვეუბნებით ბავშვებს, საშინელ დღეში ჩავარდებიან, თუ პროფსასწავლებლებში მოხვდნენ.

ქალი: თორემ ასე არ არის, ასეა!

მამაკაცი: არ არის, არა! ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ეროვნულ უბედურებად იქცა კაბინეტებისაკენ სწრაფვა! ყველას უნდა, რომ მას ემსახურებოდნენ, ყველას უნდა, რომ თეთრი, ფაფუკი ხელები ჰქონდეს!.. მამაკაცებს, დღეში რომ სამ კილო ხორცსა და ათ ბოთლ ღვინოს ნთქავენ, თეთრი ხელები უნდათ, თეთრი ხელები და თეთრი ტელეფონი. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მუცლები მოგვექცა თავზე!

ქალი: მე ვერაფერს ვხედავ ჩემი ოჯახის მეტს. სანამ აქ მექნება მოსაგვარებელი რამე, არავითარი საქმე არა მაქვს გარეთ.

მამაკაცი: ეგ არის ყოველგვარი უკუღმართობის სათავე – ჩემი ოჯახი, ჩემი გეჯა, ჩემი სალაფავი და შიგ ყურებამდე ჩაფლული თავი, რომ სხვამ არ ჩაგვიკრას დინგი.

ქალი ზურგს შეუბრუნებს და მხრის ზემოდან გადაუგდებს სათქმელს:

– შეჭამე ეგ კერძი, გაიყინა და გალელეჩდა.

მამაკაცი ჩანგალს აიღებს, თან ნერვიულად ეღიმება.

მამაკაცი: ესეც უბედურებაა – გაციებული კერძი, უუჰ, რა უბედურებაა!

ქალი: შენთვის ყველაფერი ეგეთია – კერძიც, სახლიც და ყველაფერი.

მამაკაცი: დავჯდე და თქვენ გიყუროთ, არა, თვალებში?! პირი დაიბანეთ, კბილები დაიხეხეთ, ფეხსაცმელი დაიწმინდეთ, იატაკი არ დაანაგვიანოთ, გაკვეთილები ჩამაბარეთ! სულიწმინდა დაგვარჩენს?!
ქალი: ვინ გთხოვს მაგას?
მამაკაცი: აბა, რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, რით დავიწყო?!
ქალი: შიში ჩაუნერგე ბავშვებს, ჩაუნერგე, რომ, რაც გასაკეთებელი აქვთ, უნდა გააკეთონ, თუ არ გააკეთებენ…

მამაკაცი: ყელები დავჭრა, არა?!

ქალი: არ შეიძლება შენთან ნორმალური ლაპარაკი!

მამაკაცი: რა არის ამაში არანორმალური! შენ მეუბნები, ბავშვებს ჩავუნერგო შიში, ჩავუნერგო, რომ, რაც გასაკეთებელი აქვთ, უნდა გააკეთონ, თუ არ გააკეთებენ, მე გეკითხები, რა ვქნა-მეთქი?! თუ არ გააკეთებენ, ყელები დავჭრა ამ უძლურებს, უკან-უკან რომ იწევენ ყოველ წამს და ჩვენ ანტიბიოტიკებით ვექაჩებით ჩვენკენ? რა არის ამ კითხვაში არანორმალური?!

ქალი: დამანებე თავი!

მამაკაცი: ვცემო? გარეთ გავყარო? ვუთხრა, რომ მათ მამობაზე ხელს ვიღებ?

ბოღმამ არ დაახრჩოს! ამ წიგნების, რადიოსა და ტელევიზიის მეშვეობით იმდენი სანიმუშო მამა დაეხეტება ჩვენს ბინაში, იქნებ ესიამოვნოთ კიდეც, რომ ჩამოვცილდე ეს დაკუთხული, დიდცხვირა, დიდყურება კაცი.
ქალი აღარაფერს ამბობს. მაგიდისაკენ დახრილი ჭამს.

გაიღება კარი. შემოდის გაღიმებული თხუთმეტი წლის ბიჭი. მაღალია, წვრილი, მხრებში მოხრილი. გრძლად გაშვებული სქელი თმა კიდევ უფრო უპატარავებს ისედაც პატარა, სიგამხდრისაგან ჩამუქებულ, ჩატეტკილ სახეს. გაბერილი ქაღალდის პარკი უკავია მკერდთან. მთელი სხეულით მოაქვს გასახარი ამბავი. დიდხანს
იწმენდს ფეხებს.

ბიჭი: ფანჯრები დაკეტილია?

ქალი და მამაკაცი შემკრთალი თვალებით შეჰყურებენ ერთმანეთს.

ბიჭი: ჩიტბატონები ვიყიდე, მთლად იაფად. გამოვაზამთრებ და გაზაფხულზე გავუშვებ.

პარკს პირს მოხსნის და ჩიტბატონებს ამოაფრენს. ისინი ფრთხიალით, რიკრიკით, წითელ-ყვითელი ფერების თახთახით დაფრინავენ ოთახში. ბიჭი ქვემოდან შესცქერის და ბედნიერებით უბრწყინავს სახე.

ქალი წამოვარდება, საკუჭნაოდან იატკის საწმენდ ჯოხს გამოიტანს და ჩიტებს გამოედევნება.

ბიჭი: არ დაარტყა! არ დაარტყა!

ქალი: გამეცალე, თორემ შენ გაგიხეთქავ თავს.

ბიჭი: მამა, არ დაარტყას, მამა!

მამაკაცი ჭამს, თეფშს ჩაჰყურებს.

ქალი ერთ ჩიტს მისწვდება და კედელზე მიაჩეჩქვავს, დასდევს მეორე ჩიტსაც.

ბიჭი: დედა! მამა! დედა!

ქალი: გამეცალე!

ქალი იმ მეორე ჩიტსაც მისწვდა, აჭყივლებული მიასრისა კუთხეში.

ბიჭი: კარგი, დედა!

დიდი, საბრალობელი თვალები ცრემლებით აქვს სავსე. მიდის, ჯერ ერთ ჩიტს აიღებს უმწეო ფრთებით, მერე – მეორეს. დგას ჩიტებით ხელში, თითქოსდა ფეხებდაუძლურებული.

მერე უცნაური ლაყუნით მიდის, სანაგვე ყუთში ყრის.

ბიჭი: კარგით! კარგით!

ფერდაკარგული ქალი იატაკის საწმენდ ჯოხს საკუჭნაოში შეიტანს და კარს ღონივრად გამოხურავს.

მამაკაცი ხმას არ იღებს.

 

ავტორი: რევაზ ინანიშვილი