ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი მეცნიერთა შორის დღემდე დავის საგანია; არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ანბანის შემქმნელსა და შექმნის თარიღთან დაკავშირებით. ქართული დამწერლობის წარმოშობისის საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე თეორია არსებობს.

ქართული ანბანის წარმომავლობის საკითხისადმი გარკვეული ინტერესი ძველ დროშივე არსებობდა. მის შესახებ ცნობებს ვხვდებით ძველ ქართულ და სომხურ წერილობით წყაროებში. მათი მონაცემები ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებულია: ქართული საისტორიო წყაროებში ქართული დამწერლობის წარმოშობას წინაქრისტიანულ ხანაში ათავსებს, სომხური კი – პირიქით, ქრისტიანობის ეპოქაში. უეჭველია, რომ თავის დროზე ამ გარემოებამაც მოახდინა გარკვეული გავლენა სხვადასხვა მეცნიერთა და მკვლევართა წრეში მოცემულ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებისა თუ ვარაუდების ჩამოყალიბებაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზ-გარემოებათა გამო თვითონ აღნიშნული საისტორიო ტრადიციის მონაცემებიც არაერთხელ დამდგარა სპეციალისტთაგან ეჭვის ქვეშ; იმ დონემდეც კი, რომ მათი საისტორიო ღირებულება მეცნიერებს ხშირად საერთოდაც    უგულებელყვიათ.

ქართულ საიტორიო მწერლობაში არსებობს ერთადერთი ცნობა, რომელიც ქართული ანბანის შექმნას ეხება. ეს ცნობა, რომლის თანახმად, ქართული ანბანი ანუ მწიგნობრობა შექმნა ქართლის პირველმა მეფემ ფარნავაზმა, XI ს. ისტორიკოსს ლეონტი მროველს მიეწერება. უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ინფორმაცია, რომელიც მომდევნო თაობების ქართველთა შორის, თითქმის 700 წლის განმავლობაში არავითარ ეჭვს არ იწვევდა.

ლეონტი მროველი ქართლის სამეფოს ლეგენდარული დამაარსებლის – ფარნავაზის ცხოვრების აღწერისას წერს: “ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაი ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი ქართლსა შინა თუინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული” (ქართლის ცხოვრება, I, 1955: 26).

დღემდე დაუდგენელია, თუ საიდან აიღო ლეონტი მროველმა ეს ცნობა, არის ის თვითონ მისი შემთხზველი თუ ჩვენთვის უცნობი რომელიმე ძველი წყაროდან გადმოწერა. “უძველეს ცნობილს ქართულ მატიანეში “მოქცევაი ქართლისაი”-ში ქართული მწიგნობრობის დასაწყისისა და მისი გამომგონებლის შესახებ არაფერია ნათქვამი. არსებობდა თუ არა მაშინ სხვა რომელიმე თხზულება, რომელშიაც ამ საკითხზე ლაპარაკი ყოფილიყო, ძნელი სათქმელია”-ო, წერდა თავის დროზე ივანე ჯავახიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მეცნიერი ქართული ანბანის წინაქრისტიანულ ხანაში შექმნის თვალსაზრისის თავგამოდებული დამცველი გახლდათ (იგი ქართული ანბანის შექმნის დროდ ძვ. წ. VII საუკუნის ვარაუდობდა), ლეონტი მროველის აღნიშნული ცნობის სანდოობა მან უპირობოდ დააყენა ეჭვის ქვეშ. “ქ მხოლოდ ის გარემოებაა საყურადღებო, რომ XI საუკუნის ქართველ ისტორიკოსს ქართული ანბანი ქრისტეს წინადროინდელ აღმოჩენად ჰქონდა წარმოდგენილი, ძველისძველად მიაჩნდა და სხვებივით ქრისტიანობის შენაძენად არ სთვლიდა. იქნებ, მომავალმა გამოარკვიოს, ჰქონდა თუ არა ლეონტი მროველს ამისთვის რაიმე საფუძვლიანი წყაროები ან ისტორიული ზეპირგადმოცემა”, – წერდა ის ერთგან მის ცნობილ ნაშრომში “ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია”.

მეორე ცნობას   ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ გვაწვდიან  V საუკუნის სომეხი ისტორიკოსები – კორიუნი( ,,მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”) და მოვსეს ხორენაცი, რომელთა თხზულებებმა ჩვენამდე გვიანდელი ხელნაწერების (მათგან უძველესი მხოლოდ XIV საუკუნისაა) სახით მოაღწია. მესროპ მაშტოცი იყო სომეხი მოღვაწე IV-Vს-ში. კორიუნის ცნობით, მისი მოღვაწეობის დროს არსებული სომხური დამწერლობა არასაკმარისი გახლდათ, რადგანაც იგი ვერ გამოხატავდა სომხურის ყველა ფონემას. მაშინ მესროპმა და სომეხთა კათალიკოსმა არსენმა ხელახლა დაიწყეს ზრუნვა ახალი ანბანის შექმნაზე. აქვე ნათქვამია, რომ მაშტოცმა ქართული დამწერლობის შექმნასაც მოჰკიდა ხელი. მან მოხაზა ქართული გრაფემები და ისე დააწყო, როგორც საჭირო იყო. როდესაც ივერთა მეფის წინაშე წარსდგა, ქართველთა მეფემ ბრძანა, სხვადასხვა მხრიდან შეეკრიბათ ბავშვები და მიებარებინათ მაშტოცისთვის, რათა მისი ხელმძღვანელობით დაწყებულიყო ჩვენში ლიტერატურული საქმიანობა. კორიუნის ამ ვერსიას მრავალი არმენოლოგი იზიარებს. თუმცა კორიუნი და მოვსეს ხორენაცის ცნობებიც ერთმანეთის საწინააღმდეგო მონაცემებსაც შეიცავენ. მაგალითად, ხორენაცის ცნობით, მაშტოცმა ქართული ანბანი ვინმე ქართველ ჯალისთან ერთად შექმნა, კორიუნი კი მესროპს ანბანის ერთადერთ ავტორად თვლის სომეხი.

ივ. ჯავახიშვილმა დაწვრილებით შეისწავლა კორიუნის ზემოაღნიშნული თხზულება და მიუთითა, რომ კორიუნის შრომაში მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია მერმინდელი, კერძოდ, VI საუკუნის დამლევის ჩანართია.

რა თქმა უნდა, მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნა სრულიად გამორიცხულია. დამწერლობის შექმნა გულისხმობს დიდ ენათმეცნიერულ ალღოსა და თეორიულ მომზადებას. მაშტოცმა ქართული ენაც კი არ იცოდა.

ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ქართული და სომხური ასოების მოხაზულობაში დიდი განსხვავებაა, ძირეულად განსხვავდება გრაფემების მიმდევრობა და რიცხვითი მნიშვნელობაც. იგი წერს, რომ ასეთი არსებითი განსხვავება, ცხადია, შეუძლებელია იყოს ორ ანბანს შორის, თუ ის ერთი და იგივე პირის შედგენილია. იგი ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხს გრაფიკული თალსაზრისითაც იკვლევდა. წერდა, რომ VI საუკუნის ძეგლები ისეთი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიული განვითარების საფეხურებს წარმოადგენენ, რომ ქართული ანბანის დასაწყისი სულ ცოტა 7-8 საუკუნით ადრეა საგულისხმო. მეორე მხრივ, ასოთა მიმდევრობა ფინიკიურ-სემური ანბანისას მისდევს, რაც აგრეთვე მის სიძველეზე მიგვანიშნებს.

დამწერლობათმცოდნე რამაზ პატარიძემ ფაქტიურად გაიზიარა ივანე ჯავახიშვილის ძირითადი დებულებები. ივ. ჯავახიშვილის მსგავსად მანაც გრაფიკული შედარების მეთოდის გამოყენებით ქართული დამწერლობის წარმომავლობა ფინიკიურს დაუკავშირა.

არსებითი სიახლე რ. პატარიძის გამოკვლევაში იყო ის, რომ მან ქართულ ასომთავრულს ძირითადი (ანუ წერითი) ფუნქციის გვერდით კალენდარული დანიშნულებაც მიაწერა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარმა ქართული ანბანის შექმნა ფინიკიურის საფუძველზე ივარაუდა, მისივე დასკვნით: “ქართული ასომთავრული ასო-ნიშნების გრაფიკულმა ანალიზმა ცხადყო, რომ დამწერლობის ქართული მონუმენტური სახეობა თანდათანობითი ევოლუციის შედეგად კი არ არის ჩამოყალიბებული, არამედ იგი შექმნილია ერთ დროს და ერთდროულად. ამასთანავე, ქართული მონუმენტური დამწერლობის შექმნისას გათვალისწინებულია, ზოგადად, მონუმენტური დამწერლობის ბერძნული გრაფიკული პრინციპები”

 ქართული დამწერლობის წარმომავლობის თეორიები

 

თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება ქართული ანბანის წარმომავლობის ორი ძირითადი თეორია: ბერძნული და სემური.

ბ ე რ ძ ნ უ ლ ი თეორიის მიხედვით, ქართული ანბანი გენეზისურად არის დაკავშირებული ბერძნულ ანბანთან. ეს აზრი პირველად გერმანელმა პალეოგრაფმა ვიქტორ გარდტჰაუზენმა გამოთქვა( მოგვიანებით ქართული ანბანის ბერძნულისაგან  წარმომავლობის  თეორიას მიემხრნენ დიმიტრი ბაქრაძე, დავით კარიჭაშვილი, კორნელი კეკელიძე , აკაკი შანიძე, თამაზ გამყრელიძე, ვინფრიდ ბედერი, ბესიკ ხურცილავა და სხვები).

მისი აზრით, ასო-ნიშნების ფონეტიკური მნიშვნელობა და თანამიმდევრობა ქართულში ბერძნულის მსგავსია. საქართველოში ბერძნული თეორია პირველად წამოაყენა დიმიტრი ბაქრაძემ. იგი მიუთითებდა, რომ ქართული ასოების რიგი ბერძნულის მსგავსია. ზოგი ასოს დაწერილობა ბერძნულს ენათესავება. მსგავსია “უ”-ს დაწერის წესიც. ამ მოსაზრებას ეთანხმება კორნელი კეკელიძე და გასამყარებლად  რამდენიმე არგუმენტს იშველიებს:

  • წერის მიმართულება ორივე შემთხვევაში არის მარცხნიდან მარჯვნივ, განსხვავებით სემიტური დამწერლობებისაგან, სადაც ტექსტი მარჯვნიდან მარცხნივ იწერება;
  • ქართულ ანბანში, ბერძნულის მსგავსად, არის ხმოვნის აღმნიშვნელი ასოებიც. ამგვარი ნიშნები უცხოა სემიტური დამწერლობებისათვის;
  • ქართული ანბანის წყობა ანიდან ქანის ჩათვლით ზუსტად იმეორებს ბერძნული ანბანის წყობას, გამონაკლისია მხოლოდ ჟანი და იოტა;
  • ქართულ ასოთა რიცხვითი მნიშვნელობები ასევე თითქმის ზუსტად ემთხვევა შესამაბის ბერძნულ ასოთა რიცხვით მნიშვნელობებს;
  • ზოგიერთი ასოს მოხაზულობა ძალიან ჰგავს შესაბამისი ბერძნული ასოს მოხაზულობას; მაგალითად ქართული ႴႧႵ და ბერძნული ΦθΧ , ასევე ასომთავრული და ბერძნული Ο. ბერძნულიდან უნდა მომდინარეობდეს აგრეთვე ბგერის ორი ნიშნით ჩაწერის წესი ასომთავრულში: ქართული ႭჃ და ბერძნული ΟΥ;
  • ბერძნული დამწერლობის გავლენად მიიჩნევა ქართულ ანბანში „ჱ“, „ჳ“ და „ჵ“ ასოების არსებობა, რომლებიც ქართული ენის ბგერათა სრულყოფილად ჩაწერისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენდნენ;
  • მიუთითებენ აგრეთვე იმაზეც, რომ ქართულ ენაშიბერძნულიდანაა ნასესხები წერასთან დაკავშირებული არაერთი ტერმინი, მათ შორის მელანი, კალამი, წიგნი, ტომარი, ქარტა, ეტრატი და სხვა.

კორნელი კეკელიძის დაკვირვებით, “იმ ჰიპოთეზებიდან, რომელნიც ჩვენში თუ საზღვარგარეთ წამოუყენებიათ ქართული ანბანის წარ-მოშობის შესახებ, უფრო მისაღებია ის, რომელსაც ეს ანბანი ბერძნულისაგან გამოჰყავს”.
პავლე ინგოროყვა ქართულ ანბანს მიიჩნევდა არქაული ბერძნული ალფაბეტის საფუძველზე შექმნილად მცირე აზიაში. თ. გამყრელიძის მიხედვითაც, ქართული ასომთავრული ანბანი მომდინარეობს ბერძნულიდან, ოღონდ შექმნილია ქრისტიანობის შემოღების შემდეგ…

ფინიკიურობის, ანუ ს ე მ უ რ ი თეორიის მიხედვით, ფინიკიურისგან შეიქმნა ბერძნული და ქართული დამწერლობები. ამ თეორიის თანახმად, ქართული დამწერლობა ქრისტიანობამდელ ეპოქაშია შექმნილი.

ქართული ანაბანის სემური წარმოშობის შესახებ თეორია წამოაყენა გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ მიულერმა. იგი თვლიდა, რომ ქართული და სომხური დამწერლობა არამეულ-სპარსული დამწერლობიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ჩვენში ამ თვალსაზრისს იზიარებდა ენათმეცნიერი სერგო გორგაძე (“წერილები საქართველოს  ისტორიიდან”,
ქართული ანბანის წარმოშობის სემური თეორია მეცნიერულ საფუძველზე ჩამოაყალიბა ივ. ჯავახიშვილმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში: “ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალე-ოგრაფია” (შემოკლებით – “ქართული პალეოგრაფია”). დიდმა მეცნიერმა საფუძვლიანად გააკრიტიკა ქართული ანბანის ბერძნულისგან მომდინარეობის არგუმენტები. მისი აზრით, ქართული ანბანი წარმართული ეპოქის ძეგლია და ფინიკიურ-სემიტურის (არამეულის) ბაზაზეა შექმნილი, თუმცა შემდგომ, ელინისტურ ხანაში, არაერთგზის განუცდია ბერძნული მონუმენტური დამწერლობის გავლენა. წარმოდგენილი მოსაზრება გაამყარა შემდგომმა აღმოჩენებმა და გამოკვლევებმა.

armazis bilingva
არმაზის ბილინგვა

ამ მხრივ განსაკუთრებით ფასეული აღმოჩნდა არმაზის ბილინგვა (საფლავის ქვაზე შესრულებული ეპიტაფია, დაწერილი 2 ენაზე – ბერძნულად და არამეულად. სახელწოდება ”ბილინგვა” ამის მიხედვითაა დარქმეული). ძეგლი აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილმა 1940 წელს, მეცნიერულად შეისწავლა გიორგი წერეთელმა. მკვლევარმა, პირველ ყოვლისა, დაადგინა არამეული ანბანის სახეობა (რომელსაც ”არმაზული დამწერლობა” უწოდა), შეუდარა ქართულ ანბანს და დაასკვნა: ქართული ანბანი მონათესავეა არმაზულისა, ორივე კი მომდინარეობს საერთო წყაროდან – არამეულიდან. არმაზული ანბანის სახით აღმოჩნდა შუამავალი, რომლის მეოხებით ქართული ანბანი უშუალოდ დაუკავშირდა            არამეულს.

განსაკუთრებით საინტერესოა რამაზ პატარიძის დებულებები; წიგნში: “ქართული ასომთავრული” მან საისტორიო წყაროების, არსებული თვალსაზრისებისა და ლეგენდისმაგვარი ვერსიების შეჯერებითა და კრიპტოგრამების (პირობითი, საიდუმლო ნიშნებით ჩანაწერი) ზედმიწევნითი ანალიზით ივარაუდა: ქართული დამწერლობა შექმნილი ჩანს წარმართულ ხანაში ფინიკიურ-ბაბილონური დამწერლობისაგან; იგი თვით ბერძნულ მონუმენტურ (კლასიკურ) ანბანზე ადრინდელია.
ქართული ანბანის ფინიკიურ-სემურ წარმომავლობას სარწმუნოდ მიიჩნევს ბევრი ცნობილი ქართველოლოგი.ბერძნული დამწერლობის გავლენასაც ქართულის შექმნისას ქართული ანბანის სემიტურ წარმომავლობას არ გამორიცხავდა მოსე ჯანაშვილიც.

 ქართული დამწერლობა ყველაზე მეტ თავისებურებას ავლენს ასოთა მოხაზულობებსა და გრაფიკულ სისტემაში. მიუხედავად რამდენიმე ნიშნის ბერძნულ მოხაზულობასთან მსგავსებისა, ქართული დამწერლობის გრაფიკული სისტემა მაინც დამოუკიდებლად ითვლება, რადგან ასოთა უმრავლესობის მოხაზულობები თვითმყოფადია და არ ეფუძნება რომელიმე სხვა დამწერლობათა ასოებს.

მთავარ სურათზე გამოსახული ტექსტი შესრულებულია ოთარ მჭედლიშვილის კალიგრაფიით!