ყველაზე ადრე ქართველ ასკეტთა კვალი სირია­-პალესტინაში ჩანს. მათი მოღვაწეობა აქ  IV საუკუნიდან იწყება. განსაკუთრებულ ძლიერებას კი  IV-V საუკეუნეებში აღწევს.

პალესტინაში ბერმონაზვნობის ისტორიის დასაწყისს უკავშირებენ ხარიტონისა და ილარიონ დიდის სახელებს. მათი თაოსნობით გაიშალა ასკეტური მოღვაწეობა და  ერთიმეორის მიყოლებით რამდენიმე ლავრა აღმოცენდა: ხარიტონისა, ექვთიმესი, თეოდოსისა, საბა განწმენდილისა და სხვა.

ქართული კულტურის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეოდოსის ლავრა, რომელიც უძველეს ძეგლებში მოხსენიებულია სხვადასხვა სახელით: “ქართ-ველთა მონასტერი”, “ლაზთა მონასტერი”, “იბერთა მონასტერი” (დღეს “ბეთლემის მონასტერსაც” უწოდებენ).

თეოდოდის ლავრის შესახებ საინტერესო ცნობა აქვს შემონახული ჰაგეოგრაფ თეოდოსი კვინობიარქს. მისი გადმოცემით, თეოდოსის ლავრაში ეკლესია სპეციალურად ქართველებისთვის იყო განკუთვნილი, რაც აქ ქართველთა მომრავლებას მოწმობს.  პალესტინაში არსებული ქართული სამონასტრო კოლონიზაციის შესახებაც ცნობებს გვაწვდიან პეტრე მაიუმელის (იბერის) “ცხოვრება”, ბიზანტიელ ავტორთა თხზულებები – რუფინუსის “საეკლესიო ისტორია” და პროკოფი კ ესარიელის “შენობათათვის”. საგულისხმოა, რომ ქართველი მოღვაწეები ენერგიულად ზრუნავდნენ ქართული ეკლესია მონასტრების დაარსებისთვის.  ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა პეტრე ქართველის( 411-491) მრავალმხრივი დანაყოფიერი საქმიანობა.

პეტრე იბერი
პეტრე იბერი

პეტრე ქართველი (იბერი) პირველ ქართველ პილიგრიმად და იერუსალიმის ქართული კოლონიის დამაარსებლად ითვლება.  იგი წარმოშობით პეტრე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურის-ძე იყო. ერისკაცობაში მას მურვანი(მურვანოსი) ერქვა.  ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის მოთხოვნით 12 წლის მურვანი სათანადო ამალითურთ მძევლად წარიგზავნა კონსტანტინოპოლს, სადაც ჩინებულად ისწავლა ბერძნული და სირიული ენები და სრული რელიგიური და ფილოსოფიური განათლება მიიღო. მის სწავლა-აღზრდას სამშობლოდან წამოყოლილ ცნობილ ქართველ ფოლოსოფოს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. ბიოგრაფ ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. შეუვალი ავტორიტეტი მოიპოვა იმპერატორის კარზეც და მთელ ბიზანტიაშიც. მას იხსენიებენ, როგორც “მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმულ კაცს”. მაგრამ მურვანს არ აკმაყოფილებდა იმპერატორის სასახლე და რამდენიმე ქართველთან (მათ შორის მითრიდატე ლაზთან და ზაქარია ქართველთან) ერთად სასახლიდან გაიპარა. იერუსალიმში მოსწავლე და მასწავლებელი ბერად აღიკვეცნენ, გამოიცვალეს სახელები – მურვანი-პეტრედ, ხოლო მითრიდატე-იოანედ იწოდებიან. 445 წელს მღვდლად ეკურთხნენ, საბოლოოდ კი მაიუმში დამკვიდრდნენ, ღაზის მახლობლად, და დიდ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მოღვაწეობას შეუდგნენ. ყველა ადრეული ცნობის მიხედვით, პეტრე მაიუმელს იერუსალიმში აუშენებია “სახლი სასტუმროი” ქართველ და ბერძენ ბერთათვის და ასევე მდ. იორდანის პირას აუგია ქართველთა მონასტერი. როგორც ჩანს, სწორედ მას მოიხსენიებს პროკოფი კესარიელი იბერთა მონასტრის სახელწოდებით.

მისი თაოსნობით სირიაში დაარსდა ქართველთა კოლონია, სადაც, საეკლესიო-რელიგიურის გარდა, ეწეოდნენ ფართო ფილოსოფიურ-კულტურულ და სამწერლო ხასიათის საქმიანობას. ქართველთა ამ უძველესი სავანის შესახებ ახალი და ფართო ინფორმაცია ჩვენში ცნობილი გახდა XX საუკუნის შუა ხანებში, როცა  მის მიერ დაფუძნებული პირველი ქართული (ლაზთა) მონასტრის ნანგრევები, უძველესი ქართული წარწერებითურთ, იტელიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ 1952-­53 წლებში იუდას უდაბნოში, აღმოაჩინა სამი ქართული მოზაიკური წარწერა, მათგან ერთი მოღწეულია დაუზიანებლად, დანარჩენი ორი — ფრაგმენტების სახით. პირველი წარწერა თარიღდება VI საუკუნით, კერძოდ 532—552 წლებს შორის, მეორე და მესამე წარწერა შესრულებულია გაცილებით ადრე. როგორც გაირკვა  თეოდორე ტირონის სახელობის ქართველთა მონასტერი ყოფილა. ერთ­-ერთ ყველაზე კარგად შემორჩენილ წარწერაზე იკითხება მონასტრის წინამძღვარ ამბა ანტონისა და მოზაიკური წარწერის შესმსრულებელ იოსიას სახელები. წარწერებში ასევე მოხსენიებული არიან, როგორც პეტრე იბერი, ასევე მისი წინაპრებიც, რაც საქართველოში ქრისტიანობის ადრეულ გავრცელებაზე მიუთითებს. ხოლო “ლაზთა მონასტერი” პეტრე იბერის აღმზრდელის, იოანე ლაზის, პატივსაცემად ეწოდა. ბეთლემის (პალესტინის) წარწერები ქართული გრამატოლოგიის (დამწერლობათმცოდნეობის) მეტად ფასეული დოკუმენტია.

პალესტინის წარწერა პალესტინის წარწერა

მონასტერში მოღვაწე მამები

გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. ბუნებრივია მონატერში გაცხარებული იქნებოდა სამწიგნობრო საქმიანობა , მაგრამ  აქ გადაწერილ წიგნებს, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია.