კლარჯეთის სამონასტრო და კულტურულ-ლიტერატურულ კერებს შორის საყრდენი იყო ხანძთის უდაბნოს მონასტერი, რომელიც, როგორც გრიგოლ ხანძთელის აგიოგრაფი მოგვითხრობს, ამქვეყნიური ცხოვრებისაგან გამდგარ პირთა საუკეთესო სამყოფს წარმოადგენდა. ხანძთის მონასტრის დამაარსებელის, VIII-IX საუკუნეების მოღვაწის, ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა მაშენებელის – გრიგოლ ხანძთელის – სახელთანაა დაკავშირებული მძლავრი სამონასტრო თუ სამწიგნობრო მოღვაწეობა.

    ხანძთის მდებარეობის შესახებ მე ცნიერებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, ტაძრის ზუსტი ლოკაციის დასადგენად დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კვლევა. ნიკო მარი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას შეეცადა დაედგინდა ხანძთის მდებარეობა. მან ხანცთასთან გააიგივა კარჩხალას ხეობაში მდებარე პატარა ეკლესია — ნუკას საყდარი, მდებარე ფორთის ზემოთ, მდინარე კარჩხალის პირას ძალზე მაღლა, ციცაბო კლდეზე.

     ერთი პერიოდი ეს მოსაზრება საყოველთაოდ იყო მიღებული მეცნიერებაში, 1950-იან წლებში ის „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ დეტალური ანალიზის საფუძველზე ეს ვერსია უარყო პავლე ინგოროყვამ. მისივე გამოკვლევით, ხანძთა არის გვიანდელი ქვემო ფორთა (აშაღი ფორთა (Aşaği Porta), ამჟამად შეადგენს სოფელ ფირნალის (Pırnali) ერთ-ერთ უბანს), რომელიც ნიკო მარს შატბერდი ეგონა. ეს მოსაზრება დამატებითი არგუმენტებით განამტკიცა ვახტანგ ჯობაძემ. ამჟამად ამ აზრს, რომ ფორთას სახელით დარჩენილი ნამონასტრალი არის ხანცთა ემხრობა ყველა თანამედროვე მკვლევარი.

ხანძთის მონასტერი

  ხანცთის ადგილმდებარეობის სწორად განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შემდეგ გარემოებებს:
1)გიორგი მერჩულის მიხედვით, ხანცთა მდებარეობდა ოპიზისა და მიძნაძორს შუა;
2)შატბერდი მდებარეობდა არტანუჯსა და დოლისყანა-ბერთის შუა;
3) ხანცთის სამრეკლოს ზემოაღნიშნული წარწერა უდგება სინას მთის „სულთამატიანის“ ტექსტის ჩვენებას ხანცთის მაშენებელთა ვინაობის შესახებ.

   დღესდღეისობით ხანძთად მიჩნეული ტაძარი მთავარი ეკლესია აგებულია სპეციალური სუბსტრუქციით შექმნილი ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში; მოჩანს შორიდანვე. ოქროსმაძიებელთა ხელი ხანცთასაც მისწვდა. სავალალოა დღეს დიდი ტაძრის მდგომარეობა – გუმბათის დამჭერ ერთ ბურჯს მთლიანად აქვს ძირი გამოცლილი, მეორე კი „ბეწვზე ჰკიდია“ …

800px-khandzta_26 vi-xandzta xandzta_01

     მიუხედავად იმისა, რომ ძლიერაა დაზიანებული, ძირითად ფორმებში იგი დღემდეა შემონახული. ოთხივე მკლავის კამარა თავისივე საბჯენ თაღებთან ერთად, ასევე კონქის ზედა ნაწილი და ზოგ ადგილას კედლების ზედა ნაწილებიც ჩანგრეულია. გუმბათი ბოლო დრომდე იდგა; 2007 წლის დეკემბერში ჩამოინგრა მისი სფერო, ხოლო გუმბათის ყელი დღემდე დგას. დავით ხოშტარია 2005 წელს აღნიშნავდა, რომ გუმბათის ორი საყრდენი ბურჯი აშკარად შეგნებულად იყო მოშლილი შენობის დანგრევის მიზნით – ჩრდილოეთის ბურჯი მთლიანად იყო მონგრეული, ხოლო სამხრეთისა თითქმის მთლიანად. მიუხედავად ამისა, თითქმის ჰაერში გამოკიდებული გუმბათი 2010 წლამდე მაინც ინარჩუნებდა მდგრადობას, ვიდრე საბოლოოდ არ ჩამოინგრა.

ხანძთის მონასტერი

   მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია პატარა საყდარი წყაროს თავზე, დარბაზული ტიპის მეორე ეკლესია, სატრაპეზოს ნანგრევები და სხვადასხვა დამხმარე თუ სათავსი სენაკი და სამრეკლო, რომელიც ყველაზე უკეთაა შემონახული. სამრეკლოს აგების თარიღი ნიკო მარისა და ვახტანგ ჯობაძის მიხედვით, მე-14 საუკუნეზე ადრეული არ უნდა იყოს. დომინანტს კი მთელს კომპლექსში დიდი გუმბათიანი ეკლესია წარმოადგენს.

ხანცთა, წყაროსზედა საყდარი, 1904 წელი
ხანცთა, წყაროსზედა საყდარი, 1904 წელი
წყაროსზედა საყდარი
                                                                      წყაროსზედა საყდარი

  მონასტრის დამაარსებელმა და ტაო-კლარჯეთში სამონასტრო ცხოვრების სულისჩამდგმელმა გრიგოლ ხანცთელმა აშოტ კურაპალატის თანამოაზრისა და თანამდგომით და გაბრიელ დაფანჩულის ნივთიერი დახმარებით ააშენა ხანცთის სავანე, რამაც საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის ქართულ ბერ-მონაზვნობასა და სამონასტრო ცხოვრებას. წმიდა მამის მოღვაწეობას მიმბაძველნი გამოუჩნდნენ, ამ მხარეს სხვებმაც მიაშურეს და ტაო-კლარჯეთში გაჩაღდა საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა.

   ხანცთის სამონასტრო კერისა და დამაარსებლის, გრიგოლ ხანცთელის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები მოგვეპოვება გიორგი მერჩულის აგიოგრაფიულ თხზულებაში ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”. ამ ნაწარმოებმა მხოლოდ მე-20 საუკუნეში იხილა სინათლე. ერთადერთი შემორჩენილი მოგვიანო ხანის ეგზემპლარი (მე-11 საუკუნის) დაცული იყო იერუსალიმის საპატრიარქო წიგნთსაცავის ქართულ ხელნაწერთა ფონდში, რომელიც პირველად 1845 წელს ჩუბინაშვილმა აღმოაჩინა, ხოლო 1902 წელს იერუსალიმში ქართული ხელნაწერების გამოსავლენად მივლინებულმა ნიკო მარმა გადმოიღო და 1911 წელს გამოაქვეყნა.

წმ.გრიგოლ ხანძთელი
    წმ.გრიგოლ ხანძთელი

     გრიგოლ ხანცთელს გააზრებული ჰქონდა, რომ მის მიერ დაარსებული მონასტერი მწიგნობრობის კერად უნდა ქცეულიყო. მისი მეისტორიე არაერთგზის აღნიშნავს წმიდა მამის განსწავლულობასა და სიბრძნისმოყვარეობას. გიორგი მერჩულის ცნობით, მას შეუდგენია ხანცთის მონასტრის ქტიტორული ტიპიკონი, “სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით გაბრწყინვებული”, ასევე “საწელიწდოი იადგარი”. გიორგი მერჩულის გადმოცემით,  “აწ არს ხანცთას ხელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდოი იადგარი”. “დაწერილი” ძველი ქართულ წყაროებში გადაწერილსაც ნიშნავს და ახლად დაწერილ ორიგინალურ ნაწარმოებსაც.

   ხანცთის სამწიგნობრო ტრადიციები კარგა ხანს გრძელდებოდა. ამ კერაში აღიზარდნენ და მოღვაწეობდნენ არსენ საფარელი, ეფრემ     მაწყვერელი, მაკარი ლეთეთელი, გიორგი მერჩულე, მოსე ხანცთელი და სხვ. არსენ საფარელი გრიგოლ ხანცთელის მეთვალყურეობით აღიზარდა და შექმნა საყურადღებო ისტორიულ-ლიტერატურული ხასიათის თხზულებები, რაც მიანიშნებს ხანცთის მონასტრის ჯეროვან სასწავლო ტრადიციებზე, რომელსაც სარწმუნოებრივ-ეროვნული იდეოლოგია ედო საფუძვლად.

   ხანცთაში აღიზარდა ეფრემ მაწყვერელი, რომელიც გრიგოლმა ქართლში დაიმოწაფა. ეფრემის მეშვეობით ქართულ ეკლესიას მიენიჭა მირონის კურთხევის ადგილზე უფლება 856 წელს იერუსალიმის პატრიარქის, სერგის, თანხმობით. ამ მნიშვნელოვანმა ფაქტმა წინ წასწია ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვების საქმე, რაც 1021-1022 წლებში წარმატებით დაგვირგვინდა კიდეც.

   ხანცთის მონასტერს მჭიდრო თანამშრომლობა და კონტაქტები ჰქონდა საზღვარგარეთ, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის კულტურის კერებში მოღვაწე ქართველ მწიგნობრებთან. გიორგი მერჩულის ცნობით, კონსტანტინეპოლში სიახლეების გასაცნობად მიმავალ გრიგოლს იერუსალიმს მიმავალი ერთ-ერთი მეგობრისათვის უთხოვია საბაწმიდის ტიპიკონის გადაწერა და ჩამოტანა. საბაწმიდაში გაუგრძელებია მოღვაწეობა ხანცთასა და მამა გრიგოლთან დაკავშირებულ მოღვაწეს, მაკარი ლეთეთელს, რომელიც პირველი თარიღიანი ხელნაწერის 864 წლის სინური მრავალთავის გადაწერაში იღებდა მონაწილეობას.

    X საუკუნეში ხანცთელი მოღვაწე იყო გრიგოლ ხანცთელის ბიოგრაფი გიორგი მერჩულე. მას წმიდა მამისა და მისი ძმების ღვაწლის მივიწყება დიდად აწუხებდა, ამიტომაც მიუყვია ხელი მათი საქმიანობის აღწერისათვის. თხზულება ავტორს ხანცთაში დაუწერია. მას ცნობები შეუკრებია, გამოუყენებია მხოლოდ სარწმუნო ცნობები. მუშაობის პროცესში ეხმარებოდნენ ხანცთის წინამძღოლი თეოდორე და მისი ძმა იოვანე. გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება აღუწერია გრიგოლის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, 951 წელს.

  გიორგი მერჩულის ბიოგრაფია ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ მისი შექმნილი თხზულების მიხედვით, მისი ბრწყინვალე განათლება დასტურდება. იგი სამონასტრო ცხოვრების მოტრფიალედ გვევლინება, განსაკუთრებით აღნიშნავს ბერ-მონაზონთა, მოწესეთა უპირატესობას საერო პირებსა და თეთრ სამღვდელოებასთან შედარებით. იგი უდაბნოსა და მონასტრების ბინადართა მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემასა და მოწიწებას გამოხატავდა, რადგან “მარტვილნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათვის ქრისტისისა”.

  XI საუკუნის ხანძთელი მოღვაწეა მოსე ხანცთელი ხუცესი, რომელსაც 1085 წელს ხანძთაში გადაუწერია საწელიწდო საწინასწარმეტყველო, რომლის ერთი ნაწილი აღმოჩნდა საეკლესიო მუზეუმის კოლექციაში 192-ე ნომრით.  დღეს საწელიწდო საწინასწარმეტყველოს ორივე ნაწილი გაერთიანებულია და ნომრითაა დაცული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.  ხანძთის მოღვაწედაა მიჩნეული სტეფანე დიაკონი, რომელსაც გადაუწერია დეკემბრის “თვენის” გიორგი მთაწმიდელისული რედაქცია. დეკემბრის თვენის ტექსტი სრულადაა მოღწეული. ანდერძით ცნობილი ხდება, რომ წიგნი გადაწერილია “უდაბნოისა სუეტისათის”. ისტორიულ წყაროებში არსებობს ცნობა, რომ სავანე საბამ, მტბევარმა  ეპისკოპოსმა, დააარსა ტბეთის კათედრალის მიდამოებში XI საუკუნეში და მას უწოდა სუეტი. სწორედ ამ სვეტის უდაბნოს  მოღვაწეებმა დაუკვეთეს  ხანძთის მონასტრის სკრიპტორიუმს დეკემბრის თვენის დამზადება და “საფასოიც” თავად გაიღეს. XII საუკუნის დასაწყისისათვის, როგორც ჩანს, ხანძთის სკრიპტორიუმს ნივთიერი შეჭირვება ჰქონია, რის გამოც დაკვეთილი ხელნაწერი წიგნი პალიმფსესტზე შეუსრულებიათ.  XVII საუკუნეში წიგნი, საკმაოდ დაზიანებული, მოხვედრილა მდივანბეგ ვახტანგ ორბელიანის (სულახან-საბას მამა) ოჯახში რამდენიმე სხვა წიგნთან ერთად და შემდეგ ინახებოდა ტანძიის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში.

     XIII-XIV სს. ხანძთელი მოღვაწე უნდა ყოფილიყო იოვანე-გიორგი, რომლის გადაწერილი სახარება დღეს ინახება პეტერბურგის სააზიო მუზეუმის ქართულ ფონდში.  შესაძლებელია, ხანძთაში მოღვაწე იყოს გიორგი, რომელსაც  XVII საუკუნეში კაცხიდან ალავერდის ოთხთავი  გადაუტანია ხანძთაში, შემდეგ კი ხელნაწერი კვლავ დაუბრუნებიათ გეგუთში.

შემდეგი სტატია ⇒ ოპიზის მონასტერი

 წყარო:http://gardaqmna.ucoz.com/news/kartuli_ek_39_lesia_monast_39_rebi_turketshi_i_bana_khandzta_ishkhani_oshk_39_k_39_i/2013-04-14-43

http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/x/xandzta.html