ოპიზის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ ბაღჩილარში (Bağcılar). ოპიზა, გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში კლარჯეთში დაარსებულ ათორმეტ უდაბნოთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

opiza_ruka

      ოპიზის მონასტერი V საუკუნის II ნახევარში დააარსა ვახტანგ გორგასლის ერისთავმა არტავაზმა. VIII საუკუნეში კლარჯეთში სამოღვაწეოდ ჩასული გრიგოლ ხანძთელი პირველად სწორედ ოპიზაში დამკვიდრდა. გადმოცემით, ოპიზაში იოანე ნათლისმცემელის ხორხი იყო დაკრძალული. იოანე ნათლისმცემლის მთავარი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობა იყო.

IX საუკუნეში ეკლესია განაახლა და სატრაპეზო ააშენა აშოტ კურაპალატმა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით იდგა სამრეკლო, რომლის ქვედა სართულიღაა შემორჩენილი.

1024px-Opiza,wall2

გალავანშემოვლებული კომპლექსი XX საუკუნემდე კარგად იყო შემონახული. ნაგებობებზე დაფიქსირებული იყო მოხატულობა, წარწერები და ქვაზე კვეთილი გამოსახულებები. 1965 წელს  სოფელში გზა გაჰყავდათ და მშენებლებმა იოლი, მაგრამ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს. გზა პირდაპირ ოპიზაზე გაატარეს, ამიტომ ეკლესია ააფეთქეს.  ოპიზის სამონასტრო კომპლექსისა და ტაძრის ნაცვლად რამდენიმე კედელიღა შემორჩა.

normal_301__opiza
ცნობილია, რომ ოპიზა ფრესკებით ყოფილა შემკული, თუმცა კედლებზე დღეს მხატვრობის ნატამალი აღარ ჩანს. სამაგიეროდ გაოცებს კედლების მასშტაბები და იმ ადამიანთა მონდომება, მონასტრის ასაშენებლად უზარმაზარი ლოდები რომ მოჰქონდათ.
“აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი” – ასე დასტიროდა ალექსანდრე ჭავჭავაძე სევანის ტბის პირას გაშენებულ სომხურ ქალაქს. იგივე შეიძლება ოპიზაზე ითქვას.

     ფერდობს კარგად უნდა დააკვირდე, რომ  სიმწვანეში ჩამალული ოპიზის  ამ მრავალსაუკუნოვანი კედლების ნანგრევების  შენიშნო. როგორც ამ კუთხის სხვა ძეგლები, ისიც ვერ ეღირსა ქართველ მეცნიერთა ყურადღებას. 1874 წელს იგი გიორგი ყაზბეგმა დაათვალიერა და ქალაქს შეადარა. 1888 წელს არქიტექტურის აკადემიკოსმა ა. პავლინოვმა ინახულა. კომპლექსის გრანდიოზულობა შემორჩენილი ფოტოებიდანაც ჩანს.

    წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულა. მონასტერში მოღვაწეობდნენ  გრიგოლ ხანძთელი, მიქელ პარეხელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), ათანასე ოპიზელი (XI ს.), იოანე ოპიზელი (XIII ს.), ილარიონ ოპიზარი (XIII ს.); ოქრომჭედლები ბეშქენ და ბექა ოპიზრები და სხვანი . აქ გადაიწერა 913 წლის ოპიზის სახარება.
ოპიზის ტაძრის სამხრეთ ფასადზე იყო მოთავსებული სამფიგურიანი რელიეფი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. რელიეფი ორი ერთნაირი ზომის ფილისაგან შედგება. შუაში ქრისტეა გამოსახული, მარჯვნივ, როგორც წარწერა გვაუწყებს, აშოტ კურაპალატი, ხელში ოპიზის ტაძრის მოდელი უჭირავს, მარცხნივ დავითი.

ოპიზის ტაძრის სამხრეთ ფასადზე იყო მოთავსებული სამფიგურიანი რელიეფი,
ოპიზის ტაძრის სამხრეთ ფასადის სამფიგურიანი რელიეფი

     მიჩნეული იყო, რომ აშოტ კურაპალატი არის აშოტ I, ხოლო დავითი, ებრაელთა დიდი მეფე, ვის შთამომავლებათაც ბაგრატიონები იწოდებოდნენ. პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ კვლევის შედეგად ივარაუდა, რომ ბარელიფზე გამოსახულია აშოტ IV კურაპალატი და მისი ძმა დავითი, ქართველთა მეფე. 945-954 წლებში სწორედ ამ აშოტმა განაახლა ტაძარი და ბაზილიკა გუმბათიან ეკლესიად გადააკეთა.
ეს ბარელიეფი ერთადერთი დეტალია, რაც ეკლესიის მორთულობიდან შემოგვრჩა. ვინ იცის, კიდევ რამდენ საინტერესო ცნობას ინახავდა ოპიზა.
ოპიზის ყველაზე საინტერესო ფოტო 1959 წელს უცხოელმა მეცნიერმა ტიერიმ გადაიღო. მართალია, ეკლესიის მკლავების გადახურვა მას უკვე ჩანგრეული დახვდა, მაგრამ ჯერ მყარად იდგა გუმბათი. ტიერის ფოტო უნიკალურია. მას შემდეგ ოპიზა გუმბათით არავის დაუფიქსირებია.

ოპიზა

     შემორჩენილი ძველი ფოტოს მიხედვით ეკლესიიდან მარჯვნივ გრძელი, თაღებიანი შენობა მოჩანს. სავარაუდოდ, აქ იყო სატრაპეზო, რომელიც აშოტ IV კურაპალატს აუშენებია. ნაგებობა იდგა მარცხნივაც, კერძოდ სამრეკლო. ოპიზას ჰქონია ვრცელი სკრიპტორიუმი, სადაც ურიცხვი ხელნაწერი შეიქმნა. სამხრეთ მონაკვეთში კი დიდი აკლდამა, ქართველ მეფეთა და ადგილობრივ ხელისუფალთა სამარხი.
ოპიზა ჩვენთვის უპირველესად ორი დიდი შემოქმედის სახელს უკავშირდება.
“მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა”
“ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი”
ორი ვედრება და ორი სახარება, ორივე ერთმანეთზე უფრო მშვენიერი და მომხიბლავი. ისინი ოპიზაში მოღვაწე ძმებმა ბექამ და ბეშქენმა შექმნეს. ძნელია, მათ შორის უკეთესი გამოარჩიო. ერთს უფრო მეტი ძვირფასი ქვა გამოუყენებია, მეორეს უფრო უხვი ჩუქურთმა და ორნამენტი. განსხვებასთან ერთად საერთოსაც ხედავ. ნაზად მოღერებულ ვაზის ფოთლებში, ლამაზად დახვეულ ყლორტებში ოსტატთა საერთო სული იგრძნობა.

opizis saxareba atonze
ოპიზის სახარება ათონზე

 download (2)  download (1) download (5)
ბეშქენის მიერ მოჭედილი სახარება XII საუკუნეში იოვანე მოძღვარმა ოპიზაში, ბერთის მონასტრისათვის გადაწერა. ბექას ნახელავი კი (დაახლოებით 1195 წელი) წყაროსთავის ეკლესიას შესწირეს.

წყაროსთვსი ოთხთავი
წყაროსთვსი ოთხთავი

არავინ იცის, რამდენ ხანს ქმნიდნენ ამ უკვდავ ძეგლებს ძმები ოპიზრები, რამდენჯერ დაიღალნენ, რამდეჯერ მოუწიათ ერთხელ შექმნილი ორნამენტის  გადაკეთება. ერთმანეთს რომ ეხმარებოდნენ და გამოცდილებას უზიარებდნენ, ეს ცხადია. ისიც ნათელია, რომ ამ ძვირფას ლითონებსა და ქვებს შორის ოპიზრებმა სამკაულად ყველაზე ძვირფასი რამ ჩადეს _ საკუთარი სულის ნაწილი, რითაც ბედნიერება და უკვდავება ერთად მოიპოვეს.

წყარო :http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/o/opiza.html