მიხეილ ჯავახიშვილი ,,თეთრი საყელო”

    0
    2376

    ნაწარმოების მთავარი გმირი თბილისიდან სპილენძის საძებნელად მიდის. გზააბნეული და დაქანცული ელიზბარი მეგზურთან ერთად ხევსურების სოფელში აღმოჩნდება, სადაც მისი ძმადნაფიცი ჯურხა ცხოვრობს.

    მწერალი კარგად გადმოსცემს ქალაქში ცხოვრებისგან დაღლილი ადამიანის გრძნობებს. ადამიანს, რომელსაც მობეზრდა უაზრო ცხოვრება. საშინელი ცოლი, რომელსაც საყვარლები სახლში მოჰყავს და ქმარს ხშირად უჩივის.

    დაღლილი ელიზბარი სოფელში სიმშვიდის მოპოვებას ახერხებს. კეთილი-სტუმართმოყვარე ხალხი, მშვიდი გარემო და ლამაზი ბუნება. ეს ყველაფერი ელიზბარს დაკარგული ღირსებისა და კაცობის აღდგენაში ეხმარება.

    ხევსურები ვაჟიკას ეძახიან და ძმად თვლიან. შინაგანად გადაღლილი ადამიანი სიყვარულსაც პოულობს, რაც ერთი-ორად ზრდის სოფელში დარჩენის სურვილს.

    მთავარი გმირი გარდაიქმნება. საკუთარი თავი არ მოსწონს და სურს რომ ნამდვილი ხევსური გახდეს. იცვლის ლაპარაკის მანერასა და ტანსაცმელს… ბრძოლაში იწვევს თავის შეურაცმყოფელს. კაცსაც მოკლავს და ამით ძალიან ამაყობს. ითვისებს ყველა იმ ტრადიციას, რომლებიც ნამდვილ ხევსურად აქცევენ.

    ამ დროს ხდება ის, რაც საერთოდ ხდება ხოლმე – მას ახსენდება ქალაქი და მისი დადებითი მხარეები. დასვენებული გონებით ხვდება იმას რომ იქ ცუდის გარდა ბევრი კარგიც არის. ახსენდება ახლობლები, სამუშაო და ქალაქის ხმაურიანი ცხოვრება.

    ასევე ვერ ეგუება ხევსურების საშინელ ტრადიციას, რის გამოც ქალები იტანჯებიან. ნელ-ნელა მისი გონება ყველა ამ სიახლეს აანალიზებს. ელიზბარის გონება ერთ მხარეს აყენებს ცუდ, მეორე მხარეს კი კარგ ტრადიციებს. ხვდება რომ სოფელში სამუდამოდ ვერ დარჩება. ქალაქის იმ დადებით ნაწილს ვერ დაივიწყებს, რაც მის ცხივრებას აზრს აძლევდა. ცოლ-შვილს პატარა სოფელში ვერ დასტოვებს.

    ამის წინააღმდეგ გამოდის მისივე ძმადნაფიცი და ცოლისძმა ჯურხა. მისი აზრით ქალაქი ცუდია. იქ მშიშარა და მატყუარა ხალხი ცხოვრობს. მათ ადათები დაივიწყეს და წითელი ეშმაკის (იგულისხმება რუსეთი) მონები გახდნენ. ჯურხას აზრით ვაჟიკა თუ ქალაქში დაბრუნდება ისიც გადაგვარდება.

    ელიზბარი ფიქრობს, რომ სოფელში დამალვით ადამიანი გადაგვარებას ვერ გაექცევა. პირიქით, ქალაქში უნდა წავიდეს, რათა ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს, რათა წითელმა ეშმაკმა სოფლამდე ვერ მიაღწიოს.

    ქართველი კლასიკოსი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი რომანში ,,თეთრი საყელო” ცდილობს, რომ მკითხველს დაანახოს ქალაქში და სოფელში ცხოვრების, დადებითი და უარყოფითი თვისებები. ქალაქი სადაც ბევრი საცდურია, თუმცა განათლება და ინტელიგენცია ყოველთვის არის. სოფელი, სადაც ტრადიციებია შემონახული, სადაც ხალხი ერთმანეთზე ზრუნავს, თუმცა იქაურობა სავსეა უვიცობით, შეუგნებლობითა და ჩამორჩენილობით.

    საჭიროა ადამიანმა ისწავლოს კარგისა და ცუდის გარჩევა, რათა ქალაქის აღვირახსნილობაში არ აღმოჩნდეს, ანდა სოფლის ჩამორჩენილობაში არ ჩაიძიროს.

    რომანის ,,თეთრი საყელო” განხილვა

    გადმოწერე


    ჟანრი: რომანი