ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790)  ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მამა-დამფუძნებელია. ამ კაცის, როგორც პრეზიდენტისა და გამორჩეული მოღვაწის, სახელს ამერიკელები დღესაც დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიებენ. სწორედ მისი ნათქვამია:

ის   ვინც  უსაფრთხოებისათვის  წირავს  თავისუფლებას,  არც  უსაფრთხოებას  იმსახურებს  და  არც  თავისუფლებას”.

ამქვეყნად არაფერია ადამიანისა თუ ერის თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რაც ამ თავისუფლებას ამაღლებულსა და მშვენიერს ხდის – მისი გამოყენების გონივრულობა და მიღწეული პოზიტიური შედეგი. მხოლოდ თავისუფლებაა ქვეყნისთვის და კაცისთვისაც ღირსეული ცხოვრების საფუძველი და უპირველესი პირობა. მასზე მაღლა არაფერი შეიძლება იდგეს (ღმერთის გარდა), რაგინდ ძვირფასი,აუცილებელი ან სასარგებლოც იყოს.

ისინი, ვინც ცდებიან ან იტყუებიან, თავისუფლებას ყველაზე ხშირად უსაფრთხოებას (მშვიდობას) უპირისპირებენ. უპრობლემო და უდრტვინველი არსებობა შედარებით კარგად და სარფიანად თავისუფლებაზე იყიდება. “ლოგიკურად მოაზროვნეები” ამბობენ: “რად მინდა თავისუფლება, თუ ცუდად ვიქნები და პრობლემები შემექმნება? განა არ სჯობს, ვინმეს ექვემდებარებოდე და კარგად იყო?! უსაფრთხოდ იქნები, არ იომებ თავისუფლების დასაცავად – პირიქით, სხვები დაგიცავენ, თუ საჭირო გახდა.” 

ჩვენი წინაპრები ასე არ ფიქრობდნენ (“სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა…”) – ამიტომაც შევინარჩუნეთ თავისუფლება. ასე არ ფიქრობენ ღირსეული ადამიანები მთელ მსოფლიოში. მათ იციან და საკუთარ შვილებსაც ასწავლიან (ღირსების უწყვეტობაც არსებობს!), რომ თავისუფლების გარეშე თვით სიცოცხლეც ტანჯვად იქცევა. ამიტომ ვაჭრობა (“უსაფრთხოებაში ვიხდი თავისუფლებას” და სხვა “დასაჯერებელი სიტყვები”, როგორც “აბოს წამებაში” წერია) ამ შემთხვევაში უზნეობაა. 

მოხმობილი ფრაზის მთავარი არსი ის არის, რომ დამპყრობელი, ბატონი, პატრონი, ჰეგემონი (რაც გსურთ, ის უწოდეთ) არასდროს ტყუვდება. რაც თქვენ გსურთ, მანაც იცის და ამიტომ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე მაღლა თქვენსას არ დააყენებს – ბევრჯერ მოგიწევთ უძლურებისა და დამცირებისაგან გაწითლება.

და ბოლოს, ის გამოვა, რაც უნდა გამოსულიყო – თქვენ არ გექნებათ არც თავისუფლება და არც სიმშვიდე და უსაფრთხოება. რატომ? ბენჯამინ ფრანკლინისა და რუსთველის აზრით, თქვენ ამის ღირსი არ ხართ. 

ავტორი : გია მურღულია

წყარო: www.giamurgulia.livejournal.com