არასდროს წამიკითხავს ადამიანის აღზრდის შესახებ უფრო ჭკვიანური და ლაკონიური ფრაზა, ვიდრე ეს არის:
“ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო” (ეს სიტყვები დავით გურამიშვილს ეკუთვნის). შევეცდები, ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე.

ადამიანი სამსახოვანია – ნებისმიერი ჩვენგანი არის:
1. განუმეორებელი ინდივიდი
2. რომელიმე ერის შვილი
3. მთლიანი კაცობრიობის წარმომადგენელი

დავით გურამიშვილი გვეუბნება, რომ ადამიანმა თავისი სამივე “განზომილებით” (რომლებიც, რა თქმა უნდა, ერთ განუყოფელ მთელს ქმნის) უნდა გაიაზროს, “ვინ არის”. მაშასადამე, განათლება, პირველ ყოვლისა, თვითშემეცნებაა – ძველთაგან ცნობილია, რომ საკუთარი თავის შემმეცნებელი მთლიან სამყაროსაც შეიმეცნებს. მაგრამ რას ნიშნავს თვითშემეცნება? ეს არის თვითგააზრება არა მხოლოდ დროსა და სივრცეში ცალ-ცალკე, არამედ – ერთიან დრო-სივრცეშიც ანუ ბიბლიურ “ოლამში”. თანაც ამგვარი თვითგააზრება სტატიკური კი არა, დინამიურია – არსებითი სახით მოძრაობაში იკვეთება. ამ მოძრაობას ადამიანის ცხოვრება ჰქვია.

დავით გურამიშვილი ნათლად გაგვიმარტავს, როგორ უნდა ვუპასუხოთ კითხვას “ვინ არის”? მართლაცდა, ვინ ვართ ჩვენ? ყველაზე მარტივად აღსაქმელი პასუხი ასეთია: ჩვენ ვართ ის, რაც ვიყავით, რაც ვართ და რაც ვიქნებით. ცხადია, ამგვარი “სქემა” მხოლოდ ასაკს არ გულისხმობს – ეს არა მხოლოდ ყმაწვილობიდან სიბერისკენ სავალი გზაა, არამედ პიროვნული განვითარების გზაც. “სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო” ზემოდასახელებულ სამივე განზომილებას გულისხმობს.

ვინ ვარ მე, როგორც ინდივიდი? საიდან იწყება ჩემი პიროვნული ცნობიერება და რა არის ჩემი “ინდივიდუალური მუდმივა”? რა ოჯახიდან მოვდივარ? როგორია ჩემი კორპორაციული ღირებულებები და ტრადიციები? ეს არის იმის გააზრება, თუ “სიდამ მოსულა” ადამიანი. 
ახლა რას წარმოვადგენ, განვითარების რა სტადიაზე ვიმყოფები? როგორია ჩემი დღევანდელი სახე, მიზნები და ამოცანები? – ეს უკვე მეორე კითხვას ეხება: “სად არის?”
დაბოლოს, საით მივყავარ ჩემი პიროვნული განვითარების ლოგიკას? სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი? როგორი მსურს იყოს თვითრეალიზების ხარისხი? (“წავა სადაო”?)

მეორე მხრივ, მე ქართველი ვარ – კონკრეტული ერის შვილი. ამ თვალსაზრისითაც პასუხი უნდა გავცე სამივე კითხვას:
როგორია ჩემი სამშობლო? რას მეუბნება მისი ისტორია და თანაცხოვრების ეროვნული გამოცდილება? რას მივიჩნევ მე, როგორც ქართველი, “დაუკარგავ წარსულად”? რა ღირსებები და ნაკლოვანებები მომდგამს? როგორ აყალიბებს ჩემს მოქალაქეობრივ ცნობიერებას საქართველოს წარსული (“სიდამ მოსულა”?)
როგორია ჩვენი თანამედროვე მდგომარეობა? რას მიაღწია ან ვერ მიაღწია ქართველთა მიერ ორგანიზებულმა სახელმწიფომ? როგორია თანამედროვე გამოწვევები და რამდენად ადეკვატურად ვუპასუხებთ მათ? (“სად არის”?)
საით მიდის ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი? რას გვიქადის მომავალი? სად გვსურს მივიდეთ და როგორ? (“წავა სადაო”?)

მესამე მხრივ, ვინ ვარ მე, როგორც კაცობრიობის წევრი, როგორც ზოგადად ადამიანი?
რისი და ვისი მემკვიდრე ვარ? რა ღირსებები თუ ნაკლოვანებები მომდგამს? საიდან მოვდივართ ჩვენ ყველანი, სად ვართ ან საით მივდივართ?  ამ შემთხვევაში (ამ განზომილებაში) პასუხი შესაძლოა ყველაზე მარტივიც იყოს: ჩვენ ყველანი სამოთხიდან მოვდივართ, წუთისოფელში ვართ და…აი, საით მივდივართ, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული (როგორც ცნობილია, ორი გზაა – სამოთხისკენ მიმავალი და მეორე არც კი მინდა ვახსენო).

განათლების უმთავრესი პარადიგმა სწორედ ეს არის – ადამიანური არსებობის სამი განზომილების გააზრება სამივე დროში – ოღონდ არა “ლინეარულად”, არამედ – მიზნობრივი ვექტორით. თვითშემეცნება მარტო იმას კი არ გულისხმობს, რაც იყო, არამედ იმასაც, რაც იქნება.

აღზრდის არსებითი მიზანი პიროვნებად ჩამოყალიბებაა და არა მაინცდამაინც რომელიმე სასკოლო დისციპლინის დაუფლება – ადამიანად ყოფნა აღემატება თავისთავად ფიზიკოსობას ან თავისთავად ლიტერატორობას. არ არსებობს უფრო დიდი მეცნიერება, ვიდრე საკუთარი არსების შესწავლაა. აღზრდის მიზანი სწორედ ეს არის – ყველაფერი დანარჩენი საშუალებაა.

ავტორი – გია მურღულია