თამაზ ჩხენკელმა რამდენიმე ათეული წლის წინ, სხვა ყველაფერთან ერთად, ერთი კარგი საქმეც გააკეთა – ბო ძიუ-ი (VIII-IX საუკუნეები) თარგმნა ქართულ ენაზე. იმ დროისათვის ეს ძალიან ეგზოტიკური იყო – ძველი ჩინური პოეზია ასე საყოველთაოდ არ იცნობებოდა. თუმცა ეგზოტიკურობის შეგრძნებას უმალ მოჰყვა აღტაცება და მოწიწებაც – ასეთი შეგრძნება მაშინ იბადება, როდესაც ჯერ არნახულის სიმაღლეს შეიგრძნობ. ამ პოეზიის მკითხველებმა სწრაფად და სამუდამოდ შეიცნეს დიდი ჩინელის მძლავრი და სათუთი ფიქრის ხიბლი. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ უზარმაზარი მაგიური სამყაროს მძიმე კარი შეიხსნა და ამ სამყაროს წიაღიდან მომდინარე ძახილი გონიერი და გემოვნებიანი კაცისთვის დაუძლეველი ცდუნება იყო.
       ერთმა ლექსმა დიდი ხანია მიიპყრო ჩემი ყურადღება – უკვე იმდენჯერ წავიკითხე, ჩემს თავს თუ სხვას ვესაუბრე მასზე, რომ ახლა ძველი ნაცნობივით მყავს – თითქოს ლაპარაკიც აღარ არის საჭირო და უბრალოდ გაუღიმებ. და ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენს ღიმილს სწორედ ის ანიჭებს ურთიერთობისა („არაცოცხალთან“ ურთიერთობის ესთეტიკა!) და გონიერების სიმაღლეს. ასეთ დროს ხანდახან ადამიანს გინდება, ლექსს სიყვარული აუხსნა.
        მისი სათაურია „ლოკაუს სადგურის კედელზე ჩემს მიერ დიდი ხნის წინათ მიწერილი ლექსები“ და ასეთია:
„კედელზე მიწერილ ჩემს მდარე ლექსებს
კაცთა მოდგმისთვის არა აქვს ფასი.
ნიშნთა მწკრივი დაჰფარა მტვერმა
და ჟამთასვლისგან მოედო ხავსი.
მხოლოდ იუანი – ხელმწიფის კაცი,
სტრიქონებში რომ ღრმა განცდებს ეძებს,
არ ინდობს თავის ძვირფას მოსასხამს,
აშორებს მტვერს და კითხულობს ლექსებს“.
          მთავარ სათქმელამდე მთარგმნელის ერთი შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ: „ამ ლექსში ნახსენები იუანი – იუან ჯენი, ანუ იუან ვეი-ჯი, იგივე იუან მეცხრე (მეცხრე მამაკაცი საგვარეულოში) – პოეტი და ბო ძიუ-ის უახლოესი მეგობარი იყო“.
ახლა – მთავარი სათქმელიც.
           რისთვის დაიწერა, რას და როგორ გამოხატავს ეს ლექსი?
           როგორ იბადება ის განუმეორებელი, ბრძნული სისადავითა და ლაკონიზმით სავსე, განწყობა, რომლის „დაწერაც“ ყველაზე რთული ამოცანათაგანია პოეტისთვის?
ამ ყველაფერს ბო ძიუ-ი სიტყვა-კოდების მწკრივისა თუ სპირალის აკინძვით აღწევს. ეს სიტყვა-კოდები ერთმანეთს (ყველა – ყველას!) „ეშინაარსებიან“, ფიქრისა და განცდის ერთიან ველს ქმნიან და ისე აღწევენ გენიალურ მთლიანობას, რომ საკუთარ მნიშვნელობებს არ კარგავენ.
        მოდი, თავიდან დავიწყოთ.
         რა არის სადგური? ეს არის მუდმივი მოძრაობა ადამიანებისა და საგნებისა – შეუჩერებელი ცვალებადობა. ის წუთისოფლის წარმავლობასა და მონაცვლეობასაც განასახიერებს – ვიღაც მოდის, სხვა კი მიდის. აქ არაფერია მდგრადი, უცვლელი, ერთ ადგილას შეჩერებული.
      ასეთი „სადგურია“ ხშირად თავად ადამიანიც – მუდმივად ცვალებადი ღირებულებებით, ფიქრითა და გრძნობით.
      რა არის კედელი? ეს არის უძრავი, მდგრადი, შეუცვლელი რამ. კედელი სადგურზე კონტრასტს ქმნის უძრაობისა მოძრაობასთან, მარადიულისა წარმავალთან. კარგი ლექსი ღირებულებების, უღრმესი ადამიანური რაობის გამომხატველია. კედელზე მიწერილი ლექსი ამ ღირებულებებისა და რაობის მარადისობასთან წილნაყარობაა – მხოლოდ ის არ იცვლება, მის გვერდით კი (სადგურზე) მუდმივი გადაადგილება და ცვალებადობაა. ეს კედელი მხოლოდ სადგურისა არ არის. ის ჩვენი სულების კედელიცაა – რაღაც შეუცვლელს რომ დაგვანახვებს და მუდმივად ინახავს ჩვენში თუ ჩვენთვის.
       რატომ არ აქვს ფასი ამ (თვითირონიით – „მდარე“) ლექსებს კაცთა მოდგმისთვის? იმიტომ რომ, ეს მოდგმა მხოლოდ სადგურს ხედავს, განიცდის და აფასებს. კედელი მათთვის არ არსებობს – ისინი მას უყურებენ და ვერ ხედავენ, აღიქვამენ და ვერ ამჩნევენ, ჩაუვლიან და არ განიცდიან.მითუმეტეს ვერ ხედავენ ისინი ამ კედელზე მიწერილ ლექსებს – მათთვის ისინი სამუდამოდ დაკარგული, მეტიც – არარსებულია. წარმავალ ფასეულობებზე მიჯაჭვულ კაცთა მოდგმას აღარ სცალია მარადიული ამაღლებული ღირებულებებისთვის, როგორიცაა: სიყვარული, მეგობრობა, ღირსება, პატიოსნება, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა…ამის „სანაცვლოდ“, ადამიანთა არსება გამსჭვალულია მტვერითა და ხავსით – გულგრილობით, უკეთურობით, მატერიალურისკენ უკიდეგანო სწრაფვით. ეს მტვერი და ხავსი კი დროთა განმავლობაში – ჟამთასვლისგან – კედელზე მიწერილ ნიშანთა მწკრივს ფარავს. აქ ჟამის მოხსენიება იმას მიანიშნებს, რომ ადამიანთა ბუნება და არასწორი სწრაფვა, ჭეშმარიტების სამწუხაროდ, დროში არ და ვერ იზღუდება.
         მარადიული ღირებულებები რატომღა არ ქრება? ვინ უნდა გამოატაროს ისინი ამ „სადგურის წკვარამში“? ვინ უნდა დაძლიოს მატერიის პირქუში სიხარული და სადგურის თითქოს დაუმთავრებელი ბატონობა კედელზე?
          მნიშვნელოვანია პასუხის დასაწყისი: „მხოლოდ“… (მასობრივ ცნობიერებას არ ძალუძს მტვრისა და ხავსის დაძლევა – ეს მტვერი და ხავსი ხომ მისივე დაბადებულია. ამის გაკეთება პიროვნების, ერთის ხვედრია).
       არსებითია სრული პასუხი: „…იუანი – ხელმწიფის კაცი“. როგორც ვახსენეთ, იუანი სრულიად კონკრეტული ადამიანი იყო, პოეტი და ბო ძიუ-ის მეგობარი, მაგრამ „ხელმწიფის კაცი“ აქ ოდენ მაღალი რანგისა თუ თანამდებობის არისტოკრატს არ ნიშნავს. ეს არის ღირებულებათა მსახურების თავად იდეის პერსონიფიცირება. მხოლოდ ამგვარ პიროვნებას შეუძლია კედლის ლექსების გადარჩენა. ის ეძიებს და პოულობს კიდეც მათში „ღრმა განცდებს“ – საგანთა და მოვლენათა შინაგან რაობასა და შესაბამის განწყობებს. სწორედ ასეთი ადამიანი ახერხებს მატერიალური, მიწიერი ფასეულობების (სიმდიდრე, სოციალური იერარქიის მაღალ საფეხურზე დგომა, ადამიანთა თაყვანისცემა, სურვილთა უპირობო რეალიზება) დაძლევას („არ ინდობს თავის ძვირფას მოსასხამს“) და ეზიარება მარადისობის სისრულეს. ამ დროს კედლის მტვერი მოსასხამზე გადადის და ლექსები პირვანდელი სინათლით იკითხება.
        არასდროს დაინდოთ თქვენი ძვირფასი მოსასხამები, როდესაც კედელზე დაწერილი ლექსები გელიან! მათი მარადიული სევდა იქნებ სწორედ თქვენი განსაქარვებელია.

თბილისი, 2010 წელი, 19 თებერვალი

      ავტორი: გია მურღულია

წყარო : წიგნიდან- ”საუბრები უფროსკლასელთათვის”

გაზიარება
წინა სტატიასაიდუმლო
შემდეგი სტატიაის ვინც
ვებგვერდი განათლებასა და ლიტერატურაზე.