აღმოსავლეთ სირიაში, ანტიოქიის მახლობლად, შავ ანუ საკვირველ მთაზე უკვე VI საუკუნიდან არსებობდა ქართველთა სამონასტრო ცენტრები. ამ დროს აქ მოღვაწეობდა სვიმეონ მესვეტე უმცროსი, რომელმაც შემოიკრიბა ქართველი ბერები და საფუძველი ჩაუყარა აქაურ ქართველთა კოლონიას. სწორედ აქედან წამოვიდა საქართველოში 13 „ასურელი მამა”.

შავ მთაზე ინტენსიური მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა იწყება XI საუკუნის 30-იანი წლებიდან, როცა აქ დასახლდა სამხრეთ საქართველოდან წამოსული ბევრი ცნობილი ფილოსოფოსი და მწიგნობარი: გიორგი შეყენებული, გიორგი მთაწმინდელი, გიორგი მცირე, ეფრემ მცირე, საბა თუხარელი, ანტონ ტბელი, ეფრემ დიდი ოშკელი, იოვანე ჯიბისძე, იოვანე დვალი და სხვები.

XI საუკუნის II ნახევარში შავ მთაზე 60-მდე ქართველი მოღვაწეობდა. ქართველები ამ დროისთვის შავი მთის 8 მონასტერში ჩანან: სვიმეონწმინდა, რომანწმინდა, კალიპოსი, კასტანა, ეზრას მონასტერი, ლერწმისხევი, თუათა მონასტერი, ბარლაამწმინდა.

საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისით, ქართველები ანტიოქიაში მიიყვანა ათონის მთაზე ბერძნებთან გაჩაღებულმა დაუსრულებელმა დავამ და პოლემიკამ. მაგრამ, ეს მხოლოდ ასე არ უნდა ყოფილიყო. ქართველი საეკლესიო მოღვაწეები უნდა მიეზიდა თვით ანტიოქიის თეოლოგიურ-სამწიგნობრო სკოლას. ყოველ შემთხვევაში, აქ გადაწერილი ქართული ხელნაწერი წიგნები გვაძლევს ამგვარი ვარაუდის დაშვების საშუალებას. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ეფრემ მცირის თეოლოგიური კომენტარებით შედგენილი ხელნაწერი წიგნები: გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებები, ფსალმუნთა განმარტება, ფსევდო დიონისე არეოპაგელის შრომები. ქართველ მოღვაწეებს საკმაოდ მყარი პოზიცია ეკავათ ანტიოქიის ცენტრებში, რამაც ერთგვარად გააღიზიანა და აუმხედრა სვიმეონწმიდის ბერძენი ბერ-მონაზვნები. მათ ანტიოქიის პატრიარქთანაც კი იჩივლეს და ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობის წინააღმდეგაც გაილაშქრეს. გიორგი ათონელმა, წარდგა რა ანტიოქიის პატრიარქის წინაშე, გააქარწყლა ბერძენთა საჩივრის საფუძვლიანობა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ქართული ეკლესიის  ავტოკეფალიის სრული აღიარებაც მოიპოვა.

ქართველებმა ანტიოქია XIII საუკუნის II ნახევარში დატოვეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული რეგიონს მწვავე ვითარება შეექმნა. იგი ხელთ იგდეს თურქ-სელჩუკებმა, ჯვაროსნებმა, ოსმალებმა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ანტიოქიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და მისმა საპატრიარქომ ძნელბედობის ჟამს საკუთარი ავტოკეფალურობისა და ისტორიული მნიშვნელობის ერთ-ერთ არგუმენტად ქართულ ეკლესიასთან უძველესი ურთიერთობებიც მოიტანა. XV და XVII სს-ში ანტიოქიის პატრიარქებმა – მიქაელმა და მაკარიმ იმოგზაურეს საქართველოში. მაკარიმ შრომაც კი მიუძღვნა ქართული ეკლესიის მდგომარეობას. შრომაში მან საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ქართული ეკლესიის და ანტიოქიის საპატრიარქოს ურთიერთობებზე V-VII სს-ში.

მკვლევარნი შავ მთაზე 10–12 ქართული სავანის არსებობას ვარაუდობდნენ ასეთი კი ცხრაა.   უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონასტერთა არსებობა ბიზანტიონისტებისათვის ცნობილი გახდა ქართული ხელნაწერი წიგნების ანდერძ-მინაწერების წყალობით.

ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში დაცულია ანტიოქიური წარმომავლობის 15 ხელნაწერი წიგნი, რომელთაგან 8 საქართველოში ინახება, 2 – იერუსალიმურ, 1 – ათონურ, 1 – სინურ კოლექციებში, 1 – სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტურის წიგნსაცავში, 1 – მოსკოვის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის შჩუკინის კოლექციასა და 1 – ვატიკანის ბიბლიოთეკაში.

ანტიოქიაში გადაწერილი ხელნაწერი წიგნები გამოირჩევა როგორც თეოლოგიურ–ფილოსოფიური კომენტარებით, ასევე მხატვრული შემკულობითა და კალიგრაფიით. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ეს წიგნები ასახავენ სირიული და ბერძნული ქრისტიანული ტრადიციების სინთეზს.

სამწუხაროდ შავი მთის ქართულ სიძველეთა ადგილზე შესწავლა დროულად ვერ მოხერხდა,  მართალია უკანასკნელი წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად საინტერესო მასალა გამოვლინდა მაგრამ ეს რასაკვირველია საკმარისი არაა,  ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით შავ მთაზე მცხოვრები ქართველების შესახებ,  ასევე ჩვენი წაარმოდგენა შავმთელი ქართველების შემოქმედებით მუშაობაზე სრული არაა,  მიუხედავად ამისა შევეცდებით მოკლედ გადმოქცეთ ის მცირე ცნობები,  რომლებიც ჩვენს ხელთაა.

მონასტრები: სვიმეონწმინდა, რომანწმინდა, კალიპოსი, კასტანა, ეზრას მონასტერი, ლერწმისხევი, თუალთა მონასტერი, ბარლაამწმინდა.

წყარო:http://gardaqmna.ucoz.com/news/dzveli_kartuli_savaneebi_utskhoetshi/2013-03-19-6

http://geomanuscript.ge/?page=shavi-mta

http://givargi.blogspot.com/2012/04/2_29.html

http://www.bu.org.ge/x1317?lang=geo

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი