ხახულის მონასტერი  ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, იმიერტაოში, ოლთისის ვილაიეთში, მდინარე თორთუმისწყლის შენაკად ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ხახულში  მდებარეობს. ტაძარში ამჟამად მოქმედებს ჯამე.
xaxuli_ruka
     „ქართლის ცხოვრების” ცნობით მონასტერი დააარსა დავით III კურაპალატმა X საუკუნის II ნახევარში. თანდათან ხახულის მონიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი – ეკონომიკურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელი ხანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი „ხახოს ხეობად”, ზოგჯერ კი „იშხანის” სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა). ხახულში შეიქმნა მძლავრი ლიტერატურული კერა.
    აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X-XI სს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვა. ყრმობის ჟამს ხახულში მიიღო სწავლა-განათლება გიორგი მთაწმინდელმა ხახულის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია.
   XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. XVI საუკუნეშივე ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხახული მოსწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას. მოგვიანებით აქაურმა მუსლიმანმა ქართველებმა ტაძარი ჯამედ გადააკეთეს და კარგადაც უვლიდნენ, რის გამოც ტაძარი დღეს კარგ მდგომარეობაშია.
img_5254
     ხახულის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა, გუმბათი აფსიდის კუთხეებსა და ორ თავისუფლად მდგომ ბოძს ეყრდნობა. დასავლეთის მკლავი ბოძების ორი წყვილით სიგრძეზე სამ „ნავად” იყოფა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ორივე მხარეს ასევე მცირე აფსიდებით დაბოლოებული თითო სათავსოა. ტაძარი მდიდრულადაა მორთული ჩუქურთმებით. გუმბათის ყელი შემკულია გრეხილი შეწყვილებული ლილვებით და მათზე დაყრდნობილი თაღებით, სარკმელთა სათაურებიც მოჩუქურთმებულია. განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ შეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია. სარკმლის თავზე ორი ფერის ქვით გამოყვანილი რადიალუღად გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაღებსშუა ჩასმულია არწივის ჰორელიეფური გამოსახულება. მთელი კომპოზიცია დაგვირგვინებულია ფართოდ გაშლილი დეკორატიული თაღით, რომლის ზე-დაპირი დაფარულია ჩუქურთმით. ტაძარი უხვად არის შემკული ჩუქურთმებით (დასავლეთი მკლავის წნულიანი სვეტისთავები და სხვა). შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები.ხახულის მონასტრის ანსამბლი სხვებზე უფრო მდიდარი იყო. მას შემოვლებული ჰქონდა მაღალი და მძლავრი გალავანი, რომელიც მთის რელიეფს მიყვებოდა. სამწუხაროდ გალავნიდან შემორჩენილია ძალიან მცირე ფრაგმენტები. შემოინახა კამაროვანი კარიბჭე, რომელიც ჩაშენებული იყო გალავანში სამხრეთიდან. არსებობს აზრი, რომ ამ კარიბჭის თავზე სამრეკლო ან კოშკი იყო.
IF
IF
ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომჭედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები – XII საუკუნის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს მუზეუმში).
800px-georgia_khakhuli_triptych
ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი X საუკუნის დასასრულს განეკუთვნება.
 წყარო:
გაზიარება
წინა სტატიაბანა
შემდეგი სტატიატბეთის მონასტერი
ვებგვერდი განათლებასა და ლიტერატურაზე.