ეფთჳმე მთაწმინდელი ერთ­ერთი უმნიშვნელოვანესი მნათობია ქართული ეკლესიისა. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე. მან ქართულ ენაზე თარგმნა ორმოცდაათზე (50) მეტი თხზულება, რომლებიც გავრცელებული იყო მაშინდელ მართლმადიდებლურ ბიზანტიაში. ეს იყო უდიდესი ტალანტის ადამიანი, ის ქართულიდან ბერძნულადაც თარგმნიდა. ასევე ქმნიდა ორიგინალურ ნაწარმოებებსაც. გარდა ამისა, იგი განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩეოდა და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მთელ იმდროინდელ ქრისტიანულ სამყაროში. მას აფასებდნენ ბიზანტიის საიმპერატორო კარზე. წლების მანძილზე წინამძღოლობდა ათონის ივერთა მონასტერს. შემდეგ დაანება თავი წინამძღოლობას, რადგან ეს ხელს უშლიდა თავის უმთავრეს საქმიანობაში ­ სასულიერო ლიტერატურის თარგმნაში.

eqvtime_atoneli

X საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა ღირსი მამა ეფთჳმე მთაწმინდელი. მისი მამა ერისკაცობაში გახლდათ მეფე დავით კურაპალატის სამეფო კართან დაახლოებული პირი,  მხედართმთავარი. მაგრამ უფლის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, წმინდა იოანე მიატოვებს ოჯახს, ცოლ-შვილს და ოთხთა ეკლესიის ლავრაში განაგრძობს მოღვაწეობას, სადაც მონაზვნობის კურთხევასაც მიიღებს.

მას შემდეგ, რაც იოანემ ოჯახი მიატოვა, მის ცოლ-შვილზე პასუხისმგებლობა სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა აიღეს საკუთარ თავზე. იოანე კი საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა. ამავე ხანებში მდგომარეობა შეიცვლა საქართველოშიც – ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად, რომელთა შორისაც აღმოჩნდება იოანეს მცირეწლოვანი შვილი, ეფთჳმე.

იოანემ, რომელიც ულუმბოს მთაზე იმყოფებოდა გვიან გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი. ეახლა ბერძენთა მეფეს და შვილი გაათავისუფლებინა, სიმამრს კი საყვედური შეუთვალა იმის გამო, რომ საკუთარი შვილები ვერ გაიმეტა და ტყვედ ობოლი ეფთვთიმე გააგზაავნა. იოანემ ეფთვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა, თუმცა პატარა ეფთვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა.

სულ მალე გავრცელდა ხმები ღირსი მამის, იოანეს შესახებ და უამრავი ადამიანი მოდიოდა მის სანახავად. წმინდა მამას ეს არ სურდა და თავის ძესათან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა, ღირსი ათანასე დიდის ლავრაში.

სიყრმიდანვე იყო ეფთვთიმე სულიწმინდის მადლით დაჯილდოებული. ჯერ კიდევ ყმაწვილი ეფთჳმე მძიმედ დაავადდება. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა, მღვედლთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ დაიწყო ლოცვა.

ეკლესიიდან დაბრუნებულ იოანეს, შვილი სრულიად განკურნებული დახვდება. ყრმა ეფთვთიმემ მამას უამბობო, როგორ გამოცხადა მას დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: “რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?” – “მოვკუდები, დედოფალო”, – მიუგია ეფთჳმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: “არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი”. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ეფთჳმეს ქართული “აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა”.

ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რომ ეს ყველაფერი უფლის ნებით ხდებოდა და რომ უფალი ეფთჳმეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებდა. მას წიგნების წერისათვის უნდა მოეკიდა ხელი, რაც ძალიან აკლდა იმ დროის საქართველოს.

წმიდა ეფთჳმე უდიდესი სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას და სულ მალე ყველა გააკვირვა თავისი დაუგალავი შრომით. წმინდა მამა უამრავ წიგნს აგზავნიდა კეთილმორწმუნე მეფე, დავით კურაპალატთან, რომელიც თავის მხრივ დრო და დრო შეკვეთასაც კი აძლევდა ათონელ მამას.

წმინდა გიორგი მთაწმინდელი, რომელიც გახლდათ ეფთჳმეს ცხოვრების აღმწერელი, ასახელებს წმინდა მამას ორმოცდაათზე მეტ თარგმანს.

ღირსი ეფთჳმე მამის გარდაცვალების შემდეგ, თვითონ წარუძღვება ათონის ივერთა მონასტერს. წინამძღვრობა ეფთჳმეს ბევრ სხვა სახის საზრუნავსაც გაუჩენს და ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამამისი ღირსი იოანე ცოცხალი იყო, საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა თავს. ოთხი თვის უწვიმრად ყოფნის გამო ხე და ვენახი გახმა, ხოლო მიწა დასკდა. იოანემ შვილს უბრძანა, რომ რამდენიმე მამასთან ერთად წასულიყო წმინდა ელიას ეკლესიაში და ელოცათ. წირვაზე სახარების კითხვისას ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, წმიდა ზიარების დაწყებისას კი – წვიმა წამოვიდა.

ფერისცვალების დღესასწაულზე კიდევ ერთი სასწაულის მომსწრე გახდება ათონის მთაზე სალოცავად ასული. ისინი იხილავენ ცეცხლის ალში გახვეულ მამა ეფთჳმეს, რომელიც დაამშვიდებს მათ : “ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაჲ საღმრთოჲ იქმნა და ქრისტემან თჳსი დღესასწაული ადიდა”.

ღირსმა მამამ მონასტერში მკაცრი და სამართლიანი წესი დაადგინა, რომლის აღსრულებაც ყველასთვის სავალდებულო იყო.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ წმინდა მთაზეც იპოვა ეშმაკმა თავისი ნების შემსრულებელი და ორჯერ მკვლელი მიუგზავნა წმიდა ეფთჳმეს, მაგრამ უფლის ნებით სიცოცხლე და ორივეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა ეფთჳმე სიკვდილს.

წმიდა ეფთჳმე თოთხმეტი წლის განმავლობში იყო ათონის ქართველთა მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ კი, მამის, ღირსი იოანეს ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი.

ქრისტეს სარწმუნოების დიდმა მოყვარულმა იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ წმიდა ეფთჳმე სამეფო კარზე დაიბარა. გამგზავრებამდე ღირსმა მამამ ძმები შეკრიბა, ტრაპეზი განუმზადა და სთხოვა, ელოცათ მისთვის; შემდეგ თავის მეგობართან, თეოფანე ხუცესთან წავიდა, რომელთანაც სიყრმიდან იყო შეზრდილი. დამშვიდობებისას თეოფანე ხუცესი მოეხვია წმიდა ეფთჳმეს და ცრემლით უთხრა, რომ ამის მეტად ვეღარ იხილავდნენ ერთმანეთს, ღირსმა ეფთჳმემ კი დაუდასტურა წინასწართქმული.

იმპერატორმა კონსტამტინემ დიდი პატივით მიიღო ღირსი მამა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულის შემდეგ, მხატვართან მიბარებული ხატის სანახავად წასულ მამას, რომელიც ახლად ნაყიდ ჯორზე დაჯდება, მოწყალებას სთხოვს შავებში მოსილი გლახაკი. ჩამოძონძილი გლახაკის დანახვაზე ჯორი შეშინდება, აიწყვეტს და წმიდანს ძირს ჩამოაგდებს.

მთელი საბერძნეთი დასტიროდა მომაკვდავ მამა ეფთჳმეს.

1028 წელს აღესრულა ღირსი მამა ეფთჳმე. იგი ათონის მთაზე დაკრძალეს, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში.

26 მაისს (ძვ. სტ. 13 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ეფთჳმე ათონელს!

http://www.qwelly.com/group/may/forum/topics/eqvtime

http://church.ge/index.php?showtopic=4403

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი