შოთა რუსთაველის ვინაობა მეცნიერული თვალსაზრისით (თორელობის ვერსია)

შოთა რუსთაველის ვინაობა მეცნიერული თვალსაზრისით (თორელობის ვერსია)

0
3746
შოთა რუსთაველის პორტრეტი (XVII საუკუნის ხელნაწერიდან)

შოთა რუსთაველის წარმომავლობასთან დაკავშრებით არაერთი ვერსია არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებული: რუსთაველის თორელობის  ვერსია (მეცნიერული თვალსაზრისი) და  რუსთაველის ჩახრუხაძეობის ვერსია (ზეპირსიტყვიერების მიხედვით)

რუსთაველის მესხობის (თორელობის)  ვერსიას ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა. ის მომდინარეობდა თვით პოემის დასასრულიდან (,,ვწერ ვინმე მესხი მელექსე..“) და არჩილ მეფისაგან (,,გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“) . ამ აზრს იზიარებდნენ დავით ჩუბინაშვილი და ალექსანდრე ხახანაშვილი. ,,ვეფხისტყაოსნის“ ენობრივი ანალიზის საფუძველზე რუსთაველის მესხობის დასაბუთება სცადა ნიკო მარმა.

სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული ზეპირი ხალხური გადმოცემის დამოწმებით შოთას მესხობას ამტკიცებდნენ სერგი მაკალათია და იოსებ მეგრელიძე, ამავე აზრს იზიარებდნენ ილია აბულაძე და ქრისტინე შარაშიძე .

მანმდე მოსე ჯანაშვილი ვარაუდობდა, რომ შოთა რუსთაველი მესხეთის ერთ-ერთი საგვარეულოს, თორელთა ფეოდალური სახლის წევრი უნდა ყოფილიყო.

1965 წელს რუთაველის მეხსური წარმოშობის საკითხი დააყენა სარგის ცაიშვილმა,, შოთას პორტრეტი ქვაბისხევის ბაზილიკაში“.

აღნიშნული პორტრეტი ქვაბისხევის მონასტერშია ნაპოვნი და  მეთორმეტე საუკუნის ფრესკაა, მასზე გამოსახულია ჭაბუკი, ფეოდალი “შოთა” და მისივე დედა “იაჲ”.

ქვაბისხევის ფრესკა, შოთა რუსთაველი
ქვაბისხევის ფრესკა

ფრესკის აღმომჩენი ნიკო ბერძენიშვილი შენიშნავდა, რომ არაფერი მოულოდნელი არ იქნება, რომ აქ გამოხატულ ჭაბუკში შევიცნოთ შოთა რუსთველიო.

ვინც არ უნდა იყოს ფრესკაზე გამოხატული ჭაბუკი, ფაქტია, რომ სახელი შოთა უკვე დადასტურებულია მეთორმეტე საუკუნის მესხეთში. შოთა რუსთაველის დაკავშირება თორელთა საგვარეულო სახელთან 1927 წელს სცადა პროფესორმა  სარგის კაკაბაძემ, თუმცა შემდეგ მან ამ საკითხზე შეხედულება შეიცვალა.

 საგულისხმო მოსაზრებანი წამოაყენა იმავე საკითხებზე დოცენტმა ნოდარ(ნუკრი) შოშიაშვილმა.  მკვლევარი სწორედ თორელთა საგვარეულო სახელს უკავშირებს “ვეფხისტყაოსნის” ავტორს, რადგან თამარ მეფის დროს მეჭურჭლეთუხუცესობა თორელებს უპყრიათ. ამის შემდეგ საძიებელია საკითხი, იყო თუ არა ამ ეპოქაში თორელთა საგვარეულოდან ვინმე შოთა და შეეძლო თუ არა მას მიეღო მეჭურჭლეთუხუცესის მაღალი თანამდებობა? ძალზე საყურადღებოა ამ საკითხისათვის ერთი დოკუმენტი ­ ჭიაბერის სიგელი. დაწერილი თამარის ეპოქას მიეკუთვნება და წარმოადგენს შეწირულობის აქტს. ციხე­-ქალაქ ჟინვანის პატრონი ჭიაბერი შიო მღვიმის მონასტერს სწირავს გლეხის ოჯახს (მიხითარაჲსძეებს). ჭიაბერის დაწერილს ხელს ურთავს თამარ მეფე, ქართლის კათალიკოზი, თვით მანდატურთუხუცესი ჭიაბერი. წარწერას ამოწმებს ვინმე შოთა, რომელსაც, როგორც ჩანს, მემკვიდრეობად მიუღია ეგევე საპატრონო.

 “ქართლის ცხოვრების” ჭიაბერი თამარის მამის, გიორგი მესამის გაზრდილი და მისანდო პიროვნებაა, მეჯინიბეთუხუცესი. თამარის დროს ჭიაბერს ახალი აღზევება მიუღია. თამარმა მას მანდატურთუხუცესობა უბოძა. ამ დროს თითქმის ყველა სახელოვან ბრძოლაში ჩანს ჭიაბერი. 1190­-იან წლებში მისთვის უბოძებიათ ახალი მამულიც. ჭიაბერის დაწერილიდან უნდა ვიფიქროთ, რომ შოთა მისი უფროსი ვაჟია. ქართლის ცხოვრებიდან იმასაც ვტყობილობთ, რომ ჭიაბერს ჰყავდა ვაჟები, რომლებიც სხვა ახალგაზრდა დიდებულებთან ერთად დაულოცავთ თამარის კარზე. ირკვევა, რომ შემდეგში ჭიაბერისათვის მანდატურთუხუცესობა სხვა თანამდებობით შეუცვლიათ, რადგან ბასიანის ომის დროს (1204წ) მანდატურთუხუცესად ჩანს შალვა ახალციხელი. ჭიაბერი ამ ომში წინამებრძოლთა შორის იყო, ეკუთვნოდა თორელთა საგვარეულოს. ჭიაბერის თორელობა მატიანის ცნობის საფუძველზე ეჭვმიუტანელი ფაქტია. ამდენად თორელი ჩანს მისი ვაჟიც, აგრეთვე ჟინვანის მფლობელ­მემკვიდრე შოთაც.

თორი შუა საუკუნეების ერთ-­ერთი ვრცელი საფეოდალო იყო. დავით   მუსხელიშვილმა გამოიკვლია თორელთა საგვარეულო ისტორია და შენიშნა, რომ თვით თორელები უძველესი ქართული საგვარეულოს სამძივართა შთამომავლები უნდა იყვნენო. სამძივართა გვარი მეათე საუკუნიდან იხსენიება ჩვენს წყაროებში. სხვადასხვა ისტორიულ წყაროთა შეჯერებით ირკვევა, რომ ძველქართულ გვარეულობას სამძივრებს თორის დაუფლების შემდგომ მიუღიათ თორელობა. შემდეგში თორელთ საგამგეო ძალიან გაფართოვდა და მათი წოდება მეთორმეტე საუკუნიდან უკვე ცარიელ ტრადიციადღა ჩანს.

თამარის დროს თორელები განსაკუთრებით აღზევებული ჩანან. ჭიაბერი სხვა თორელთა მსგავსად მეფის კარზე იღვწის და იღებს მამულებს “ჟინვანს მრავალთა მთიულეთითა”. მეფის კარზე ასეთივე აღზევების გზა უნდა გაევლო მის ვაჟს შოთა თორელსაც. შეეძლო თუ არა ჭიბერის ვაჟს შოთას მიეღო მეჭურჭლეთუხუცესობა და აგრეთვე რუსთველის ზედწოდება? მეჭურჭლეთუხუცესის სახელო თამარის დროიდან მოკიდებული ეპყრა სამხრეთ საქართველოს ორ დიდ საგვარეულოს: თორელებსა და ჯაყელებს. 1205­-1220 წლებში მეჭურჭლეთუხუცესის სახელო ვაკანტურია. საფიქრებელია, რომ იგივე სახელო შეიძინა მანამდე მანდატურთუხუცესად მყოფმა ჭიაბერმა ან მისმა ვაჟმა შოთა თორელმა. სხვა პრეტენდენტი ამ ხანებში, წყაროების მიხედვით, არ ჩანს. შოთა თორელს მეჭურჭლეთუხუცესობის გარდა ადრევე შეეძლო მიეღო ზედწოდებად რუსთველობა. შესაძლოა მას სამამულედ ადრევე მისცემოდა მესხეთის ციხე-­ქალაქი რუსთავი. აქედან კი, ბუნებრივია, წარმოდგა მისი ახალი ზედწოდება ­ რუსთაველი. არც ის არის გამორიცხული, რომ თბილისში სამეფო კარზე სამსახურში მყოფ ჭიაბერს და მის ვაჟს შოთას თბილისთან ახლოს მდებარე რუსთავის მფლობელობა მიეღოთ და აქედან მიეღო შოთა თორელს რუსთველობაც. მაგრამ წყაროებით ამ ხანებში თბილისის რუსთავი ეკუთვნოდა ზაქარია მხარგრძელს. ამრიგად ეს მეორე ვარაუდი ჯერჯერობით უფრო სათუოა. უფრო რეალური ჩანს იმის დაშვება, რომ შოთა თორელმა, შემდეგში მეჭურჭლეთუხუცესმა, რუსთველობა მიიღო თორშივე შემავალ რუსთავისაგან.

ამ მოსაზრებით: “ვეფხისტყაოსნის” ავტორი არის თამარის დროის დიდი პოლიტიკური მოღვაწე შოთა რუსთაველი. თამარის დროსვე მომხდარა მისი აღზევება. მას ეკავა ერთ­ერთი დიდვეზირის სახელო ­ მეჭურჭლეთუხუცესობა. რუსთაველს, როგორც ჩანს, თავისი წვლილი შეუტანია იერუსალიმის ქართული სავანის, ჯვარის მონასტრის გამშვენიერების საქმეში, რისთვისაც იგი ამავე მონასტერში გამოუხატავთ და შეუტანიათ მოსახსენიებელთა წიგნში. ამასთან, საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ შოთა წარმოშობით იყო მესხეთიდან. მართებული ჩანს ჰიპოთეზაც, რომ შოთა იყო თორელი (მესხი) დიდებულის ჭიაბერის ვაჟი. იგი მეჭურჭლეთუხუცესად დაუნიშნავთ 1205­-1220 წლებში სხვა სახელგანთქმულ თორელებთან ერთად. საფიქრებელია, მასაც არაერთხელ უბრძოლია ქართული ლაშქრის მეწინავეთა რიგებში. რუსთველობა მას მიუღია, როგორც ზედწოდება თორელთა სამფლობელოში შემავალ მესხეთის­ რუსთავიდან. ვარაუდის სახით შესაძლოა დადგინდეს შოთას დაბადების თარიღიც. 1190-­იან წლებში თამარის კარზე საზეიმო ცერემონიალზე დაულოცავთ “ჭიაბერის ძენიც”. მათ შორის იქნებოდა ჭიაბერის უფროსი ვაჟი 25­-30 წლის შოთაც. მაშინ იგი დაბადებული ჩანს 1160-­1165 წლებში. პავლ ე ინგოროყვას აზრით, შოთა თამარზე 6 წლით უფროსი უნდა ყოფილიყო. თამარის დაბადებას ისტორიკოსები ვარაუდობენ 1168­-1172 წლებზე. ეს თარიღი თანხვდება შოთას დაბადების წლებს. შოთას გარდაცვალების წლები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა თუ მის მეჭურჭლეთუხუცესობას 1220_­იან წლებამდე ვივარაუდებთ, შესაძლოა დავუშვათ, რომ პოეტი გარდაიცვალა არა უგვიანეს მეცამეტე საუკუნის 30-­იანი წლებისა.

 სტატია ⇒ შოთა რუსთაველის წარმოშობის ვერსია ზეპირსიტყვიერების მიხედვით

წყარო : http://goli.clan.su

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი

Spelling error report

The following text will be sent to our editors: