ქართლური დიალექტი ძირითადი დიალექტია ქართული ენისა. სწორედ იგი დაედო საფუძვლად ქართულ სალიტერატურო ენას. ისტორიულად ცნობილია, რომ ძველი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება ქართლის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ-კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV-III საუკუნეებში ჩვენს ერამდე ისტორიულ ქართლში ჩამოყალიბდა სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო ჯერ მცხეთა და შემდეგ თბილისი. აქ განვითარდა ქართული მწერლობა და აქვეა დაცული ადრინდელი ქართული წარწერებიც ბოლნისის სიონსა და მცხეთის ჯვრის საყდარზე (V-VI-VII სს.) ქართულის ზეგავლენა არ წყდებოდა მაშინაც, როცა თბილისი მტრის ხელში იყო და იგი სახელმწიფოსა და კულტურის ცენტრს არ წარმოადგენდა. პოლიტიკურსა და კულტურულ ცენტრებს არა ერთხელ გადაუნაცვლებია, მაგრამ ქართლის მიწა-წყლის ფარგლებს ეს საყრდენი არ გასცილებია.

 ქართლურის საფუძველზე იშვება, თანდათანობით ვითარდება და ყალიბდება ძველი ქართული სალიტერატურო ენა. ეს პერიოდი V-XII საუკუნეებს უნდა მოიცავდეს დაახლოებით.
ახალი ქართული ენის სათავეები გვაქვს მეთორმეტე საუკუნიდან (ი.შავთელი, ჩახრუხაძე, შ. რუსთაველი), თუმცა მისი ჩანასახები შეინიშნება X-XI საუკუნიდანაც (გიორგი მთაწმიდლისა და სხვათა ნაწერებში). ამ ენის ჩამოყალიბების პერიოდი გრძელდება დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნემდე. მეთვრამეტე საუკუნისათვის ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია, რის საუკეთესო ნიმუშსაც წარმოადგენს სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის ნაწერები.

ახალი სალიტერატურო ქართული ენის ჩამოყალიბებაში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თერგდალეულებს ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, აქტიურ მონაწილეობას იღებს კახურიც. შეიძლება ითქვას, რომ ძველი სალიტერატურო ქართული ენა შეიქმნა ისტორიული ქართლის მეტყველების საფუძველზე, ხოლო ახალი ქართული სალიტერატურო ენა მიღებულია ძველი ქართულის გადამუშავების შედეგად ქართლ-კახეთის ცოცხალი მეტყველების საფუძველზე.

დიალექტური თავისებურებების გათვალისწინებით, ქართლურ კილოში ოთხი ძირითადი კილოკავი გამოიყოფა: ცენტრალური ანუ შიდა ქართლური (მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის რაიონების მეტყველება), ჩრდილო ანუ ზემო ქართლური (ახალგორის, აგრეთვე, დუშეთის რაიონში შემავალი სოფლების მეტყველება), სამხრეთი ანუ ქვემო ქართლური (გომარული, წერაქვ-სიონური, რეხული, ალგეთური თქმები) და დასავლური ქართლური (ბორ-ჯომის, ხაშურისა და სურამის მეტყველება).

გავრცელების არე

ქართული ენის კილოთა შორის ქართლური ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული დიალექტია. მას უჭირავს საქართველოს ცენტრალური ადგილი და ვრცელდება კახეთიდან იმერეთამდე, ე.ი. არაგვისა და მტკვრის ხეობიდან ლიხის მთამდე. მიუხედავად ქართლურის დიდ მანძილზე გავრცელებისა, იგი შედარებით მთლიანია და არ იყოფა თვალსაჩინოდ განსხვავებულ დიალექტურ ერთეულებად. დღეისათვის ქართლურის გავრცელების არეა: ჩრდილოეთით ანანურ-დუშეთით დაწყებული და სამხრეთით თრიალეთის მთით გათავებული; აღმოსავლეთით კახეთიდან დაწყებული დასავლეთით იმერეთამდე. ქართლური მეტყველება მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ რაიონებს: დუშეთის, მცხეთის, ნაწილობრივ სამგორის, მარნეულის, თეთრი წყაროს, ბოლნისის, დმანისის, წალკის, კასპის, გორის, ზნაურის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის რაიონებს.

ქართლური კილო:
… ერთი ბიჭი არი და უჭირამ დიდი პური ხელში და იძახის: პური მამიტანეთ, პური მამიტანეთო! -ბიჭო, მანდე გაქ პური და რაღა გინდა? – ეს რომ გამომელიოს, მერე საიდან მოვიტანო?  – მამაშენი სად არი? _ შარსა თესამს.  – დედაშენი სად არი?  – ტირილსა თესამს. – ან შარი რა არი ან ტირილი რა არი? – მამაჩემი ცერცვსა თესამს, გადაივლის ვინმე, მოგლეჯამს, ან მოჰკლამს და ან ზედ შეაკვდება. შარი ეგ არი. ჩვენ მეზობელს შვილი მოუკვდა, დედაჩემი იმასა ტირის, – მერე ან მამა, ან დედა, ან მე მოვკვდებით, მოვლენ და ისინი გვიტირებენ… (ჩაწერილია ვ. თოფურიას მიერ შუა ერედვში 1923 წ. – იხ. კრებული „არილი”, გვ. 151-152).

წყარო: http://www.dzeglebi.ge

          http://armazi.uni-frankfurt.de