“მესხეთი” ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლის) ძველი სახელწოდებაა. ტერმინით: “მესხური კილოები” მოვაზრება ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ეთნოგრაფიულ ჯგუფთა (თემთა) მეტყველება (სამეცნიერო ლიტერატურაში “მესხური” ძირითადად გამოყენებულია ან საკუთრივ სამცხურის, ან სამცხურ-ჯავახურის აღსანიშნავად);
მესხეთის ტერიტორია მოიცავდა მდ. მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა) და მდ. ჭოროხის აუზს მთლიანად (აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი). ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ მესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც – მესხეთი. XVI საუკუნეში მესხეთი ოსმალებმა მიიტაცეს და იქ ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეული – ახალციხის საფაშო შექმნეს. ისტორიული მესხეთის ნაწილი (სამცხე და ჯავახეთი) საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შედეგად, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების (1829) თანახმად, ხოლო აჭარა – რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ ბერლინის კონგრესის (1878 წ.) გადაწყვეტილებით.

სამცხეს საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. იგი იყო ქართლის სამხრეთი საზღვარი და თავდაცვის სტრატეგიული პუნქტი, რასაც ადასტურებს ნანგრევებად მოღწეული ციხე-სიმაგრეთა სისტემა (ვარძია – თმოგვი – ხერთვისი – ასპინძა – აწყური). იგი კულტურულადაც დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა. ხუროთმოძღვრების იშვიათი ძეგლები – ზარზმის, საფარის, ჭულის, ბიეთისა და სხვა ტაძრები ფრესკებითა და წარწერებით, კლდეში გამოკვეთილი ვარძიის მონასტერი, სოფელ წყისში ნაპოვნი VI-VII საუკუნის წარწერა, X საუკუნეში ზარზმის მონასტერში შექმნილი სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება -უდაო დასტურია მაღალგანვითარებული კულტურული ცხოვრებისა.

ამჟამად თურქეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილია: ისტორიული ტაო, კლარჯეთი, შავშეთ-იმერხევი, ლივანა, მაჭახელა, ლაზეთი, ერუშეთი, კოლა, არტაანი…
მესხური კილოებიდან დღეს საქართველოს სახელმწიფოს საზ-ღვრებში მხოლოდ აჭარული, სამცხური და ჯავახურია, დანარჩენი კი თურქეთის საზღვრებშია.

გავრცელების არე

მესხეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქართლი და მისგან თრიალეთის ქედითაა გამიჯნული; სამხრეთ-აღმოსავლეთით მესხეთის გაგრძელებას წარმოადგენს ჯავახეთი; დასავლეთით აკრავს არსიანის ქედი და აჭარა, საიდანაც გოდერძის გადასასვლელით უკავშირდება შავი ზღვის სანაპიროს; ჩრდილოეთით ესაზღვრება იმერეთი, რომელთანაც ზეკარის უღელტეხილი აკავშირებს; სამხრეთით საზღვრავს ერუშეთის მთები და იმერხევი, რომლებიც თურქეთის მფლობელობაშია.

თანამედროვე მესხური კილო ძირითადად ქართლურია, ამასთან, საკმაოდ შეიცავს აჭარულის დამახასიათებელ მოვლენებსა და თურქულ და სხვა ენათა გავლენის ელემენტებს. მისი ასეთი თავისებურება გამოწვეულია იმ ძნელბედობით, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში განიცადა მესხეთის მკვიდრმა მოსახლეობამ. ცხადია, მესხური იმ სახით არ არის ჩვენამდე მოღწეული, რა სახითაც ის უნდა ყოფილიყო XVI საუკუნემდე. ამ მხრივ ის ჯავახურის მსგავს ვითარებას გვიჩვენებს.

მესხური კილო შემოგვინახა მესხეთის ძველმა ქართულმა მოსახლეობამ, რომელიც ოდითგანვე მკვიდრობს ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის სოფლებში. ეს სოფლებია:
ახალციხის რაიონში: ტატანისი, მიქელწმინდა, მუსხი, ღრელი, წყორძა, ურაველი, ხეოთი, ანდა, ანდრიაწმინდა, ივლიტა, ვალე;
ასპინძის რაიონში: ტოლოში, ნაქალაქევი, აძგვიტა, ქუნცა, ერკოტა, ზველი, წობარეთი, თმოგვი, რუსთავი;
ადიგენის რაიონში: უდე, არალი, ბოლაჯური.

წყარო:

 http://kartvelianlinguistics.blogspot.com

http://www.dzeglebi.ge

 http://armazi.uni-frankfurt.de