მიხეილ ჯავახიშვილი ,,კურდღელი” -წაკითხვა 

მიხეილ ჯავახიშვილის “კურდღელი” ღრმა ფსიქოლოგიური მოთხრობაა.მასში 26 წლის სიდონიას ისტორიას ვკითხულობთ. ქალს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. მის უფროს შვილს, ჯუანშერს, ხუნაგი დაემართა და გარდაიცვალა. მომხდარმა სიდონია შეძრა და ჭკუიდან გადაიყვანა. დედის სადარდებელს ამძიმებს შემდეგი გარემოებაც: სიდონია შვილის გარდაცვალებაში თავს იდანაშაულებს, რადგან ავადმყოფი ვაჟი ძიძას დაუტოვა და თავად საყვარელთან ერთად ბაკურიანში გაიპარა. ოჯახის წევრები სიდონიას მდგომარეობას ძალიან განიცდიან, ამიტომ ექიმი (მისი ყოფლი ლექტორი), ფრიდონ დორაშვილი, მოიწვიეს. ფრიდონი 4 თვის განმავლობაში ცდილობდა ქალის გონზე მოყვანას და საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც. ამაში მნიშვნელვანი როლი ითამაშა ედიშერმა, სიდონიას ქმარმა და კატომ, ქალიშვილმა, რომელსაც დედა ჯუანშერის გარდაცვალების შემდეგ განუდგა.

ავტორი ოსტატურად იხედება გმირის სამშვინველში და გადმოსცემს მისი სულის დინამიკას. კარგად იცის შემოქმედმა – ადამიანის ყოველი გარეგანი მოქმედება (ქცევა, ჟესტი, მიმიკა, ინტონაცია, სიტყვა-პასუხი) შინაგან, უხილავ მოძრაობებს ემყარება, ამიტომაც გულდასმით ჩაჰკირკიტებს ყოველ ფიქრს, ნაუბარს. მოთხრობის ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით განხილვა შესაძლებლობას მოგვცემს უკეთ ჩავწვდეთ მთავარი გმირის შინაგან სამყაროს იმდენად, რამდენადაც ის სხვა ფსიქოლოგიურ თეორიებთან შედარებით კარგად ავლენს პიროვნების სტრუქტურაში მომხდარ კონფლიქტს. (კონფლიქტი იდსა და სუპერეგოს შორის) არსი ფსიქოანალიზის და ლიტერატურის დაკავშირებისა სწორედ ამაში მდგომარეობს.

სიდონიას ძლიერ უყვარდა ვაჟიშვილი, აკი “გიჟ” დედას ეძახდა მას მართა. “ქაა, გამიგონია, დედის სიყვარული, მაგრამ შენისთანა გიჟი დედა ჯერ არ მინახავს”. შვილის ბედნიერებით ხარობდა დედა, მასთან ერთად “დარბოდა, გორაობდა, ანცობდა, ცუღლუტობდა და მთელ აგარაკს თავისი კისკისით, კივილით და ჟრიამულით ავსებდა”.

სიდონია კარგი დედა იყო, მაგრამ გარდა დედისა, ის ქალიც იყო, თანაც სულ ახალგაზრდა, ოცდაექვსი წლისა არც კი. ტრაგედიაც სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მან ვერ შეათავსა დედური მოვალეობა და ქალური სიყვარული.

სიდონიას არ უყვარდა მეუღლე. ნახეთ, რას ეუბნება სალომე, თავისსავე შექმნილ ორეულს: “ხუთი წელიწადია მტანჯავს. დღესაც ვერ გამიგია, რა აგიჟებთ ხოლმე ცოლ-ქმარს. სიყვარული ადამიანს თავსაც კი მოაკვლევინებს, მაგრამ ის… ფუჰ! მადლობა უფალს, თითქმის ხელი აიღო ედიშერმა ჩემზე -გადავაჩვიე. დღეიდან მე დავისვენებ, თქვენ კი ედიშერს ცოლობას გაუწევთ. ნუ შესწუხდებით, თქვენს მაგივრად მე ვიმუშავებ. ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ, ოღონდ ჩემს ქმარს ამიერიდან თქვენ უნდა მოუკლათ ჟინი”. ტექსტიდან ისიც ირკვევა, რომ სიყვარულში უიღბლობის გამო თავის მოკვლაც კი უცდია სიდონიას. ამ ფონზე მის ცხოვრებაში გამოჩნდა ბიძინა მარგიშვილი, რომელიც მას გულწრფელად შეუყვარდა. სწორედ აქ გაითიშა მისი გული და გონება. “გონების თვალით” ის ხედავდა, რომ არ ეგებოდა ავადმყოფი შვილის მიტოვება, მაგრამ გული საყვარელი კაცისკენ მიუწევდა. მიმდინარეობდა უთანასწორო დუელი დედურ მოვალეობასა და ქალურ სიყვარულს შორის. სასწორი უკანასკნელისაკენ გადაიხარა. გულმა სძლია საღ აზრს. იმ მომენტში სიდონიამ იგივე ჩაიდინა, რაც ანა კარენინამ, როცა საყვარელი ვაჟი, სერიოჟა დატოვა და ვრონსკის გაჰყვა. აკი შვილის წინაშე დანაშაულის განცდამ უბიძგა მას თვითმკვლელობისკენ.

სიდონია უმწეო დარჩა გაშიშვლებული სინდისის წინაშე. გულის სიღრმეში ის თავს თვლიდა დამნაშავედ შვილის სიკვდილში. მას რომ ავადმყოფი არ მიეტოვებინა, იქნებ ყველაფერი ასე ტრაგიკულად არ დამთავრებულიყო. სინდისის ყივილთან პირისპირ ვერ რჩებოდა სიდონია, ამიტომაც ცდილობდა სხვისგან გაეგო, რომ ჯუანშერის სიკვდილში ბრალი არ მიუძღოდა “ექიმო, თუ მოხდა რაიმე, ბრალი ხომ ჩემი არ იქნება?” – ეუბნება მკურნალ ექიმს. იგივეს ეკითხება ფრიდონ დორაშვილსაც: “მართალი მითხარით, ფრიდონ… ბატონო ფრიდონ, ბრალი ხომ არ მიმიძღვის, დანაშაული ხომ არ ჩამიდენია?” ტრაგედიის მიზეზად ხან გადიის, ხანაც კი ბიძინა მარგიშვილის დასახელებაც ამ მიზანს ემსახურება.

თავი ვერ მოიკლა სიდონიამ (სული ხომ ტკბილია!), ვერც პასუხისმგებლობის ტარებას შეეგუა, ამიტომ თავისსავე გამოგონილ სამყაროს შეეხიზნა, არარეალურს, მაგრამ უმტკივნეულოს. სიზმრისდარ გარემოს მიაშურა დედამ, რათა არარეალური სურვილი – შვილის სიცოცხლის სურვილი აესრულებინა. წაღვერის ბაღში მოთამაშე ჯუანშერი შემორჩა მის გონებას. მან “დაიბრმავა” თვალი, “დაიყრუა” ყური, რათა მის მიერ შექმნილ მიკროსამყაროში მისი და შვილის ბედნიერებისათვის ხელი არავის შეეშალა. არ სურდა დედას “ბედნიერი ზეციდან უბედურ მიწაზე ჩამოსვლა”. აკი თავად ამბობდა – ჩემს შეგნებაში ვერ შედისო შვილის სიკვდილი. ვერ შედისო და არა არ შედისო! ვერ შედის, გულისხმობს, რომ სიდონიას ცნობიერებაში მომხდარი, დიახაც, რომ შედის, მაგრამ იქ არ რჩება, არ ფიქსირდება, რადგან ეს მის პიროვნებას ტკივილს აყენებს. ის ფაქტი, რომ სიდონიამ იცის თავისი დედური მოვალეობის შესახებ, არის სუპერეგოს მოთხოვნა, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია პიროვნების სტრუქტურისა ფროიდის მიხედვით. იგი არის მორალური განწყობების და ქცევის ნორმების საცავი. სიდონიას გული ქალური სიამოვნებისკენაც მიუწევს – ეს უკვე იდის პრინციპია, რომელიც არ ემორჩილება ლოგიკას, არაცნობიერია და ცდილობს მიაღწიოს სურვილების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას. იდი და სუპერეგო, როგორც ვხედავთ, წინააღმდეგობაში მოდიან. როცა ეგო (მოქმედებს რეალობის პრინციპით და “ორი ბატონის” – იდისა და სუპერეგოს “მსახურია”) ახორციელებს იდისათვის სასურველ ქცევას, სუპერეგო სჯის მას სინანულით. ამით აიხსნება სიდონიას სინდისის ქენჯნაც.

შვილის სიკვდილის ფაქტის უარყოფა და განდევნა (მცდელობა არ მიიღო რეალობად ის, რაც არასასურველია ცნობიერებისთვის!) არაცნობიერში ტიპიური დაცვითი მექანიზმებია, რასაც სიდონიას ფსიქიკა ტრავმის საპასუხოდ ახორციელებს. სიდონიამ იცის, რომ დამნაშავეა (აკი დორაშვილმაც უთხრა შენი ბრალიაო ჯუანის სიკვდილი), მაგრამ თავდაცვის მიზნით მოახდინა რეალობის ფალსიფიკაცია, ცნობიერიდან განდევნა არასასურველი ემოცია. ქალიშვილის, კატოს დანახვა იმიტომ არ უნდოდა, რომ ის ჯუანშერს აგონებდა და სინდისის სარკესთან პირისპირ ტოვებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ისტერიული ფსიქოზი, რაგინდ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, იცავდა სიდონიას ფსიქიკას უარყოფითი გამოცდილებისგან. მეორე მხრივ, სიდონიას უნდა გაეცნობიერებინა მომხდარი იმისთვის, რომ ადაპტირება მოეხდინა გარემოსადმი, გაეგრძელებინა ცხოვრება; იგი ხომ მოვალე იყო კატოს, ედიშერისა და მართას წინაშე. დორაშვილიც ამასვე ეუბნება: “დედას რომ შვილი მოუკვდება, დამარხავს, იტირებს, იგლოვებს და შემდეგ ისევ თავის გზით წავა. ამქვეყნად პირმშოს სიყვარულის გარდა არსებობს მოვალეობაც. მოვალეობა წინაშე ქმრისა, მშობლისა, დანარჩენი შვილებისა, სამშობლოსი და მომავალი თაობისა”. სიდონიამ მოახერხა რეალობისათვის თვალებში შეეხედა. თეთრი კურდღელის გადაგდება ხომ ამაზე მიანიშნებს. (კურდღელი შიშთან, სიმხდალესთან ასოცირდება. სიდონია მშიშარაა იმ აზრით, რომ ის გაურბის სინამდვილეს!) ნაწარმოების იდეური ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ ტანჯვა, ბედის დარტყმა უნდა მიიღო და არ გაექცე მას. ეს ჩანს დორაშვილის შემდეგ სიტყვებში: “ამქვეყნიდან გაქცევა და სიზმარეთში ცხოვრება ასჯერ უფრო უარესია. დღეს თუ ხვალ ეს ქვეყანა თვითონ დაგეწევა – ვერსად წაუხვალ! – და თვითონვე გაგაღვიძებს, მაგრამ ისე უხეშად, ისე მკაცრად შეგანჯღრევს, რომ სამუდამოდ დაგამტვრევს”. რეალობისადმი თვალის არიდება არ გულისხმობს იმას, რომ პრობლემა გაქრება. ის რჩება და გავლენას ახდენს როგორც თავად პიროვნებაზე, ასევე გარშემომყოფებზეც. ყველას მართებს ზიდოს თავისი ჯვარი. ამ დროს ვაჟკაცდება და “იზრდება” ადამიანი.

წყარო :www.opentext.org.ge