ფერეიდანი ერთ-ერთი პროვინციაა ირანში, სადაც XVII საუკუნის დასაწყისში (1614-1617 წწ.) ირანის შაჰმა აბას I საქართველოდან აყრილი ათასობით ქართველი (კახ-ელი) ჩაასახლა. ასე შეიქმნა შუა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, შუღურეთი (ჩოღიურეთი), აფუსი (რუისპირი), სიბაჯი (ვაშლოვანი)… ფერეიდანი ერთადერთი ირანული რაიონია, სადაც იძულებით გადასახლებულმა ქართველო-ბამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები. სხვა რაიონებში (ხორასანი, მაზანდარი, ფარსი…) ქართული მეტყველება აღარ ისმის. იქაური ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვადასხვა ტომებში. უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული მასალებით, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 12-14 ათასს შეადგენს.

ფერეიდნული დიალექტი ქართული ენის ერთ-ერთი იმ დიალექტთაგანია, რომელიც ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ინგილოურისა და იმერხეულის მსგავსად საქართველოს ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა: ფერეიდნული საპარსეთში გადასახლებულ ქართველთა დედაენაა.   ფერეიდნული იზოლირებული დიალექტია.  კილო წარმოიქმნა კახურისგან: თითქმის ოთხი საუკუნეა, რაც ის მოწყვეტილია თავის ფუძე-კილოს – კახურსა და ინგილოურს და სრულებით არ განიცდის ცოცხალ ქართულ კილოთა და სალიტერატურო ენის გავლენას. სამაგიეროდ ფერეიდნულმა კარგად შემოინახა მე-17 საუკუნის კახურ-ინგილოურისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურებები.

ფერეიდან ქართველთა ცხოვრება პირველად გაიცნო და დაწვრილებით აღწერა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ ლადო აღნიაშვილმა. მანვე აღნიშნა ფერეიდნული მეტყველების ზოგი თავისებურება.
არნ. ჩიქობავა: “ქართული ენა ერთადერთი ძაფია, რომელიც ფერეიდანის ქართველობას აკავშირებს ქართულ სულიერ სამყარო-სთან; გადაგვარებას ვერ ასცდება იგი, თუ მას არ შეენახა ეს კავშირი… მალე დაეკარგება მას შეგნება, რომ ის “გურჯია”, როგორც კი გამოესალმება ამ შეგნების ბურჯს, ენას; ვერ უშველის ამ მხრივ ვერც ქართული ურემი, ვერც ტიპიური ბანიანი სახლი და სხვა ნაშთი ქართველურ კულტურულ სახეობისა, რომელიც მას დღემდე შერჩენია”.

გავრცელების არე

ფერეიდანი ირანის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენს. საქართველოდან იგი დაშორებულია ორი ათასი კილომეტრით, თეირანიდან 600, ხოლო სპარსეთის ძველ სატახტო ქალაქ ისფაჰანიდან 80-100 კილომეტრით. სპარსელების გარდა აქ ცხოვრობენ სომხები, თურქები და ირანული მოდგმის მომთაბარე ტომები – ბახტიარები, ლურები და ქურთები. მათ მეზობლად მთის კალთებზე სახლობენ ქართველები.
ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 12 000-მდეა. იმ 14 სოფლიდან, რომელშიც ქართველები ცხოვრობენ, ზოგიერთს დღემდე შერჩენია ქართული სახელი: ნინოწმინდა, მარტყოფი, თელავი და სხვ. ქართველთა დასახლების ცენტრია ზემო მარტყოფი, სადაც 3000 სულამდე ქართველი ცხოვრობს და ქართულად მეტყველებს. კარგადაა დაცული ქართული ენა სიბაქში (ვაშლოვანი), ბოინსა და ჯაყჯაყში, სხვა სოფლებში კი სპარსულს ურევენ ან თანდათანობით ავიწყდებათ, ქვემო მარტყოფში კი ღრმად მოხუცებსღა ახსოვთ წინაპრების ენა.

ოთხი წელს ემისყე (=ამისგან, ამაზე) წინ ფაიზე (შემოდგომას) ძირობა (=ძვირობა) იყო ფერეიდანში. ქურთები ბეურს მოდიოდეს მოკობრობაზე (=ყაჩაღობაზე). ერთ ღამეს ამბავი მამიტანეს სოფელჩი, სახლჩი, რო გუშინღამაო სიბაქსა, ლანგე-ჩეშმას, წისქილი გოუტეხიაყეო.
ხოდა, გოუტანიაყეო ოცი საპალნე ფქილი(ო), რო ღირდა იმაშინ ოთხი ასი თუმანი. მეც მეწყინა. ჯარი წასულაო, მაიდეუნებჲაყეო, წამაჲსწეუნიაყენ მოკობრებსაო, ვერ მიდგომიანყე მოკობრებსა, ბეურები ყოფილან მოკობრებიო. იქით (=იქიდან) დოუბარებიაყე სიბაქს: კაცი გაგზავნეთ სე(ჲ)ფოლა ხანთანაო: ჯარი მოგოშელიავოს (=მოგვაშველოს)… (ჩაწერილია არნ. ჩიქობავას მიერ ფერეიდნელ ქართველ სეჲფოლა იოსელიანისაგან, თბილისში, 1923 წ. – იხ. უნივერსიტეტის მოამბე, ტ. VII, გვ. 222).

წყარო : http://kartvelianlinguistics.blogspot.com

          http://www.dzeglebi.ge

 http://armazi.uni-frankfurt.de

ტექსტში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მონიშნეთ ტექსტი და კლავიატურაზე დააჭირეთ Ctrl+Enter.

კომენტარები

კომენტარი